საინტერესო >> რესტორატორის ექსპერტები "ბარბარესთან"
რესტორატორის ექსპერტები "ბარბარესთან"

ბარბარე ჯორჯაძე, იგივე კნეინა (კნ.) ჯორჯაძე დაიბადა 1833 წელს და მოღვაწეობდა მე-19 საუკუნეში. ეს სახელი და გვარი თითქმის მთელი საქართველოსთვის კარგად ნაცნობია და იგი ასოცირდება, როგორც ქალთა უფლებების დაცვისთვის აქტიურ მებრძოლთან, ასევე კულინარიული სფეროს ღირსეულ წარმომადგენელთან. ბარბარე 12 წლის ასაკში დაოჯახდა და ცხადია, მისი „სადიასახლისო გამოცდილება“ ძალიან დიდი იყო. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ გამოცდილებამ განაპირობა ის, რომ 1874 წელს, მისი განუმეორებელი, ნამდვილი ქართული რეცეპტებით სავსე კულინარიული წიგნი დაიბეჭდა. ეს წიგნი იმდენად გამორჩეული და პოპულარული გახდა, რომ დღესაც კი, ძალიან ბევრ ქართულ ოჯახში წააწყდებით მის ორიგინალ ვარიანტს.

დღევანდელი მსოფლიო ხომ ძირითადად, ძველი სილამაზის გაცოცხლებასა და განახლებაზეა ორიენტირებული? როგორც იტყვიან, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო. ჰოდა, არც ქართველები ჩამოვრჩებით ამ ტენდენციას, ვცდილობთ, თანამედროვე მოდას დავუბრუნოთ ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუების ჩაცმულობის სტილი, ძველი სამკაულები და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, „ვინტაჟური სტილი“ საკმაოდ პოპულარულია დღეს.

მაგრამ რა შუაშია ამ თემასთან კნეინა ბარბარე ჯორჯაძე და ეს ტენდენციები? ჰმ... პლეხანოვზე ვსეირნობდით (ადგილმდებარეობა – 7 ქულა), როცა 8-ქულიანმა ექსტერიერმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება, წარწერით – „ბარბარესთან“. ჰოდა, ესეც შენი კრიტიკის ობიექტი! შევედით!

როგორც აღმოჩნდა, რესტორანი სატესტო რეჟიმში იყო გახსნილი და რამდენიმე დღეში აპირებდნენ ოფიციალურ გახსნას. მენეჯერის სიტყვებით, 8-ქულიანი ინტერიერი სპეციალურად იყო გადაწყვეტილი სახლის სტილში, და არა რესტორნის, რაც მეტ-ნაკლებად გამოუვიდათ კიდეც – მყუდრო გარემო, სივიწროვე, ქვედა სართულზე განთავსებული მარანი, დაბალი შუქი, ვინტაჟური მაგიდა-სკამები (ეს ერთი!), ვინტაჟური ჭურჭელი (ეს ორი!) და რაც მთავარია, ვინტაჟური მენიუ (ესეც სამი!) – კონცეფცია გაშიფრულია!.

ძალიან თბილად შეგვეგებნენ (ნუ, როგორც წესი, ახლად გახსნილ რესტორნებს ახასიათებთ ხოლმე გადამეტებული სითბო; მიმტანის კეთილგანწყობას 8 ქულა, პროფესიონალიზმს – 7), მოგვიძებნეს ადგილი, დაგვსვეს (სხვათა შორის, ცოტა არაკომფორტული დასასხდომი იყო) და სატესტო მენიუ მოგვიტანეს, რომელსაც 4 ქულა სავსებით შეეფერება. ისე აგიხდეთ ყველა დადებითი მოლოდინი – პატივი გვაქვს, კნეინა ჯორჯაძის რეცეპტებს ვეზიაროთ. გამომდინარე აქედან, დასახელებაც ლოგიკური იყო (8 ქულა). ვნახოთ, როგორ შეეჭიდებიან ამ მართლაც რომ რთულ საქმეს.

კერძების დასახელებებმა საკმაოდ მოგვაწონა თავი – უცხო, ქართული ხასიათი გამოსჭვიოდა მათგან... შევუკვეთეთ გოგრის გუფთა, ქათმის ბურანო, დამბალ-ხაჭო, ბადრიჯნის ხიზილალა და ფეიხოას კომპოტი. ტრადიციულად, სანამ კერძებს მოიტანდნენ, სველ წერტილს ვესტუმრეთ – პატარა, ლამაზი და სუფთა (8 ქულა). კატეგორიამ „დრო კერძამდე“, დამსახურებული 9 ქულა მიიღო ჩვენგან – ყველაფერი მალევე მოიტანეს. ამ კერძების მირთმევისას, გვერწმუნეთ, აურას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – ნამდვილმა ქართულმა მუსიკამ, ჩურჩულით საუბარმა და შინაურულმა გარემომ, აურას 8 ქულა მოუტანა. ჰო, უსუფთაობას არ შევუწუხებივართ, ამიტომ კატეგორიას „სისუფთავე“ – 8 ქულა ჩვენგან.

მოდი თავიდანვე გეტყვით, კერძებს იმხელა რეკლამა გაუკეთეს შეკვეთამდე, რომ გაკვირვებულები დავთანხმდით ყველა შემოთავაზებულ ვარიანტს – „რა უნდა იყოს ასეთი?!“ მოგვეწონა, გემრიელი იყო, მაგრამ ეს ის ტიპური შემთხვევა აღმოჩნდა, როცა რეკლამა უფრო მიმზიდველია, ვიდრე პროდუქტი. ქათმის ბურანოსთვის ზედმეტი ქება მიეწერათ – გემრიელი კი აღმოჩნდა, თუმცა თითქოს არომატები გაბნეული იყო და ერთი მთლიანობა აკლდა. ბადრიჯნის ხიზილალა უბრალო, ფეიხოას კომპოტი კი ზედმეტად ტკბილი მოგვეჩვენა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, როდესაც ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტურაზე გაქვს პრეტენზია, მაშინ მაქსიმუმი მოგეთხოვება – კატეგორიას „კერძი“ 7 ქულა.

„Smoking Area“ 5 ქულის მიღებას აპირებდა, რადგან შიგნით არ ეწეოდნენ და გარეთ მოგვიწია გასვლა, მაგრამ პერსონალის ჩვენზე ზრუნვამ (პლედები გამოგვიტანეს, საფერფლე მოგვიტანეს), გული გაგვითბო (დანარჩენ სხეულთან ერთად) და 8 ქულა გავიმეტეთ. ფასებს რაც შეეხება... ჰოო... იაფი ნამდვილად არ იყო და არც მაინცდამაინც კერძების შესაბამისი, ამიტომ ამ კატეგორიაში 6 ქულა მიიღეს ჩვენმა მასპინძლებმა.

დასკვნის სახით გეტყვით, რომ „ბარბარესთან“ კარგია, მაგრამ რომ გითხრათ, მათ სამზარეულოში მაინცდამაინც კნეინას სული ტრიალებსო, მოგატყუებთ.

საბოლოოდ, საშუალო 7.4 ქულითა და კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ ჩვენს მასპინძლებს.

 

 

 

ფილტრაცია