ინტერვიუ >> FOOD ასოციაცია: "კულინარია ჩემთვის ხელოვნებსთან ასოცირდება"
FOOD ასოციაცია: "კულინარია ჩემთვის ხელოვნებსთან ასოცირდება"

დაკვირვებული ვარ, ხელოვანი ადამიანების უმრავლესობა კულინარიაში კარგად ერკვევა. ეს ალბათ იმიტომ, რომ კულინარიაც ხელოვნებაა და მათი უმრავლესობისათვის კვება მხოლოდ დანაყრებასთან არ ასოცირდება. სტეფანეს შემთხვევაშიც ასეა. როგორც თავად ამბობს ‒ ლიმიტი არ აქვს. უყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნის კერძების დაგემოვნება. მგონი საინტერესო რესპოდენტი აღმოვაჩინე Food ასოციაციისთვის: 

- სტეფანე, კერძების მომზადება თუ გამოგდის?

-ომლეტის მომზადება შემიძლია, რომელიც საკმაოდ რთულია, რადგან ომლეტი მხოლოდ კვერცხის შეწვა არ არის. მე ვაკეთებ ისე, როგორც სასტუმროებში მოაქვთ ‒ სხვადასხვა შიგთავსით. კიდევ ხორცის შეწვა შემიძლია.

- როდის გაგიჩნდა ინტერესი კულინარიის მიმართ?

-თანდაყოლილია, შემიძლია ვთქვა, რომ გურმანების სიაში შევდივარ. ლიმიტი არ მაქვს რაღაცების გასინჯვაზე და კვების სიყვარულზე. ვფიქრობ, გურმანების დამახასიათებელი ნიშანია ისიც, რომ საყვარელი კერძი არ მაქვს. მივირთმევ ყველაფერს, ღორის ხორცის გარდა. ცოტა ხნის წინ, გერმანიაში ვიყავი, ერთ-ერთი ბავარიული კერძი მოგვიტანეს, რომელშიც ღორის ხორციც იყო. ვიფიქრე, არ გამისინჯავს რამდენი ხანია და რა მოხდება ახლა რომ გავსინჯო-მეთქი. ვჭამე, ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ცუდად გავხდი. მივხვდი, რომ ღორის ხორცი ჩემი არ არის! 

- რასთან ასოცირდება შენთვის კულინარია?

-ხელოვნებასთან და მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნებასთან, შეიძლება ბანალურად ჟღერდეს რასაც ვამბობ, მაგრამ ეგრეა. მიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა კერძების დაგემოვნება.

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებ უპირატესობას? 

-დამტკიცებულია, რომ უგემრიელეს კერძებად ‒ ფრანგული ითვლება. მიყვარს იაპონური სამზარეულოც, რომელიც ხელოვნების ცალკე მწვერვალია. ყველაფერი მიყვარს, არა მხოლოდ სუში. კიდევ მიყვარს ფიუჟენ სამზარეულო, სადაც ყველაფერი არეულია ერთმანეთში. ბედმა გამიღიმა და მქონდა შესაძლებლობა მესადილა მიშლენის 2-3 ვარსკვლავიან რესტორნებში და ასევე, მიშლენის ვარსკვლავის მქონე მზარეულების მომზადებული კერძები დამეგემოვნებინა. 

მიჭამია შემწვარი მატლი ‒ ვეგასში, კუს სუპი, ნიანგი და გველების ნაირსახეობა. ყურადღებას ვაქცევ ჯანსაღ კვებასაც, რადგან ვვარჯიშობ, თუმცა კვირაში მაქვს ერთი-ორი დღე, როდესაც თავს უფლებას ვაძლებ არაჯანსაღი საკვებიც მივირთვა.

 

 

 

culinartmagazine

 

 

 

 

 

ფილტრაცია