ინტერვიუ >> პირველად საქართველოში: ყავის საწარმო ველოსიპედზე
პირველად საქართველოში: ყავის საწარმო ველოსიპედზე

პირველად საქართველოში ველოსიპედით მორთმეული ყავის Bicycle Coffee დაგემოვნება გახდა შესაძლებელი. Bicycle Coffee-ს ბიზნესი 19 წლის სტუდენტმა ცოტნე ყალიჩავამ წამოიწყო. თუ მას ქუჩაში შეამჩნევთ, შეგიძლიათ გააჩეროთ და ცხელ ქვიშაზე მის მიერ მომზადებული უგემრიელესი თურქული ყავა მიირთვათ. 

როგორც ყალიჩავა „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, ეს მისი პირველი ბიზნესია და სამომავლოდ Bicycle Coffee-ს განვითარებას მთელი ძალისხმევით აპირებს. ახალგაზრდა ბიზნესმენი ერთ ადგილზე არასდროს დგას და მის მოსიარულე საწარმოს ძველი თბილისის უბნებში აუცილებლად შეამჩნევთ.

- საკმაოდ უცნაური ბიზნეს იდეის განხორციელება შეძელით. სანამ უშუალოდ ბიზნესზე საუბარს დავიწყებდეთ, გვიამბეთ თქვენ შესახებ...

- წარმოშობით ფოთიდან ვარ და ამჟამად თსუ-ში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. დილით უნივერისტეტში მივდივად და შუადღის პირველი საათის შემგდგომ ბიზნესს ვუძღვები. უამინდობაში მომხმარებლების რაონდეობა იკლებს და ასეთ დროს მეც ვერიდები გარეთ ველოსიპედით ყავის გასაყიდად გასვლას.

- საქართველოში მოქალაქეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, რომ პირველად ველოსიპედით მორთმეული ყავა დააგემოვნონ. როდის და როგორ ჩამოყალიბდა ამ ბიზნესის შექმნის იდეა? რა სირთულეების წინაშე იდექით და ახლა ბიზნესის განვითარების რა ეტაპზე იმყოფებით?

- 19 მარტს ჩემი ველოსიპედითა და ყავით ძველ თბილისში პირველი გასვლა მქონდა. ველოსიპედით მორთმეული ყავა საქართველოში პირველადაა და თავიდან ეს ყველას გაკვირვებას იწვევს, თუმცა შემდგომ ძალიან დიდი ინტერესით აკვირდებიან ყავის მომზადების პროცესს. რაც შეეხება ველოსიპედს, ის მუდმივად გადაადგილების პროცესშია და ერთ ადგილზე არასდროს დგას. ჩემი ნახვა შეგიძლიათ როგორც რიყეზე, ისე აბანოთუბანში, ლესელიძესა და ქალაქში არსებულ ნებისმიერ ტურისტულ ზონაში.

სახელწოდება Bicycle Coffee მომხმარებელს მისი დანიშნულებისა და იდეის შესახებ თავიდანვე აწვდის ინფორმაციას.

რაც შეეხება სითულეებს, თავდაპირველად აღმოვაჩინე, რომ საქართველოში სამთვლიანი ველოსიპედის ყიდვა ძალიან რთული იყო. ამიტომ მე და ბიძაჩემმა ნახაზი დავხაზეთ და ის რასაც ახლა თქვენ ხედავთ, საკუთარი ხელით ავაწყვეთ.

თავდაპირველად სამთვიანი ტრენინგი ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში გავიარე. დაფინანსების დახმარებით ბიზნესი 3 000 ლარით წამოვიწყე. თავიდან ამ იდეას სხვა სახე ჰქონდა, თუმცა ნელ-ნელა დავხვეწე და საბოლოოდ ასეთი გამოვიდა.

ჩემი ძირითადი ნიშა ყავა ქვიშაზეა და მისი ფასი ორი ლარი გახლავთ, ასევე მაქვს ქართული წარმოების შავი და ხილის ჩაი.

- როგორც ვხედავ, იდეამ გაამართლა, როგორია მომხმარებელთა რაოდენობა და განსაკუთრებით რომელი სეგმენტის წარმომადგენლებში იწვევთ Bicycle Coffee-ით ინტერესს?

- მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, შესაძლოა, დასაწყისისთვის მათი რაოდენობა ცოტა იყო, მაგრამ მცირე დროში ქართველი და უცხოელი მომხმარებლების რაოდენობამ იმატა. ხალხს აინტერესებს რა არის ქვიშაზე მოდუღებული ყავა ველოსიპედზე. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩემს ბიზნესს ტურისტები და ყავის მომზადების პროცესსაც გაკვირვებულები უყურებენ. ასევე ზოგადად სტუდენტების სეგმენტი ჩემი ბიზნესისთვის მომგებიანია.

რაც ბიზნესს ეხება ყველაფერს მარტო ვაკეთებ, დაწყებული ბუღალტერიით, დამთავრებული გაყიდვებით. ჩემი გაყიდვები და ბიზნესის წინსვლა კარგ ამინდებსა და ტურისტულ სეზონზეა დამოკიდებული.

- როგორც დამწყები ბიზნესმენი, ქვეყანაში დღეს არსებულ ბიზნესგარემოს როგორ შეაფასებდით და ამ კუთხით ისურვებდით თუ არა რაიმეს შეცვლას?

- დამწყები ბიზნესმენებისთვის სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ თანადგომას და მხარდაჭერას ვისურვებდი. კერძოდ, სახელმწიფო დაფინანსების კუთხით ბევრ პროექტს გვთავაზობს, თუმცა საშემოსავლო კუთხით უფრო რბილი პოლიტიკის გატარებაა საჭირო, რადგან ახლად წამოწყებულ ბიზნესს დახმარება სჭირდება. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანში ბიზნესის მაღალ დონეზე განვითარებაა და შესაბამისად, დახმარებაა საჭირო.

ასევე, დაბეგვრის კუთხით შესაძლოა, ახალი პოლიტიკის შემოღება, რაც მცირე ბიზნესს დაეხმარება, რომ წამოწყებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში დაბეგვრის გარეშე ან მინიმალური დაბეგვრით შეძლოს განვითარება.

გარევაჭრობასთან დაკავშირებულ თემასაც მინდა შევეხო, რადგან ბოლო დროს ძალიან გააქტიურებულია ეს საკითხი, ამიტომ ყოველთვის ფრთხილად ვარ. მე მოძრავი საწარმო მაქვს და მუდმივად გადაადგილების პროცესში ვარ.

შესაძლოა, ვინმემ მე გარემოვაჭრედ ჩამთვალოს და ამან ბიზნესის განვითარებაში ხელი შემიშალოს. იმედია ამ თვალსაზრისით პრობლემები არ შემექმნება.

- როგორც ჩანს, ამჟამად თქვენი ბიზნესი მხოლოდ გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზეა გათვლილი, რა ბედი ელის Bicycle Coffee-ს ზამთარში? ასევე თქვენი სამომავლო გეგმები საკმაოდ საინტერესოა და მის შესახებ „კომერსანტის" მკითხველსაც უამბეთ.

- ჩემი ბიზნესის განვითარების პერსპექტივას მომავალშიც ვხედავ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არც წამოვიწყებდი. სამომავლოდ ბიზნესის განვითარებას რა თქმა უნდა, ვგეგმავ.

მინდა გარკვეული კაპიტალი დავაგროვო და ბიზნესი ისე განვავითარო, რომ ზამთრის სეზონზე საკუთარი, ბრენდირებული პატარა ადგილი მქონდეს. ამ კუთხით ინვესტიციების მოძიებას ვგეგმავ და ზამთრის სეზონამდე ყველანაირ რესურსს გამოვიყენებ, რომ ბიზნესი სხვა ეტაპზე გადავიდეს.

სამომავლოდ იდეაში ზაფხულისთვის ახალი ველოსიპედების დამატება მაქვს, ასევე მსურს ჩემი პროდუქტის მომხმარებელს ცივი ყავა, გამაგრილებელი სასმელები და ნაყინი შევთავაზო. ნაყინი, რომლის დამზადებაც მსურს საქართევლოში არ არის შემოტანილი.

ასევე მინდა მომავალში ჩემი ბიზნესი თბილისის ბევრ უბანში იყოს ხელმისაწვდომი. ჩემი მიზანია ის, რომ მომხმარებელმა მიირთვას ისეთი პროდუქტი, რისი დამზადების პროცესსაც თავად ხედავს.

 

 

 

 

ფილტრაცია