ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ლუდის მრავალსაუკუნოვანი ისტორია - საინტერესო ფაქტები სასმელზე
ლუდის მრავალსაუკუნოვანი ისტორია - საინტერესო ფაქტები სასმელზე

სამყაროს შექმნისა და ლუდის გამოგონების თარიღები ლამის ერთმანეთს ემთხვევა. ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე X საუკუნეში მესოპოტამიის მცხოვრებლებმა ამ სასმელის დამზადების 70-მდე სხვადასხვა რეცეპტი იცოდნენ. ბაბილონში ლუდის ხარისხის დაცვის კანონი მოქმედებდა.

ძველი რომაელები ლუდს უხვმოსავლიანობის ქალღმერთის -  ცერერასაგან ნაბოძებ ღვთიურ სითხედ მიიჩნევდნენ და ჰიმნებსა და ოდებში ხოტბას ასხამდნენ მას. მომთაბარე სკვითებს ჰიმნებზე არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ, სამაგიეროდ ლუდს განათლებულ ბერძნებსა და რომაელებზე უკეთ ხარშავდნენ, რასაც ბერძენი მოგზაურებიც ადასტურებდნენ თავიანთ ნაშრომებში.

მოკლედ, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი ერი, ლუდის დამზადების ხელოვნება რომ არ სცოდნოდა. გამონაკლისს მხოლოდ ავსტრალიელი აბორიგენები წარმოადგენდნენ, რომლებიც მეგობრებთან ერთად ლუდის სმას, მათ შეჭმას ამჯობინებდნენ.

ბავარიული სვია

ცნობილია, რომ ლუდს სიმწარეს სვია სძენს. ევროპაში მის შესახებ IX საუკუნემდე არავის არაფერი სმენოდა. მანამდე ამ სასმელში ათასგვარ "ნაგავს” ყრიდნენ. მაგალითად დაფნას. პირველებმა სვიის მოყვანა ბავარიელებმა დაიწყეს. ბავარიული ლუდის დიდებაც სწორედ აქედან იღებს სათავეს.

გერმანული ლეგენდის მიხედვით, სვიიანი სასმელი ზღაპრულმა მეფემ გამბრინუსმა შექმნა. მას რეალური პროტოტიპიც ჰყავდა -  ლუდის დიდი მოყვარული ჰერცოგი იან პრიმუსი. 1515-16 წლებში ბავარიელმა ჰერცოგმა ვილჰელმმა "კანონი სუფთა ლუდის შესახებ” დაამტკიცა, რომლის თანახმად, ნამდვილი ლუდის შემადგენლობაში ქერი, სვია და წყალი შედიოდა.

ლუდი და ჯანმრთელობა

 ლუდი სუსტი ალკოჰოლიანი, მატონიზირებელი და გამაგრილებელი სასმელია. ლუდს მადაზე მოვყავართ. იგი აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. ჯერ კიდევ ძველად იცოდნენ მისი სამკურნალო თვისებების შესახებაც. თბილი ლუდით აწყნარებდნენ კბილის ტკივილს და ხსნიდნენ ყელის გაღიზიანებას. მეომრები მას დაღლილობის მოსახსნელად ფეხებზე ისვამდნენ. ლუდს ასმევდნენ ფიზიკურად და სულიერად დასუსტებულებს.

მკურნალობდნენ ღვიძლს, თირკმელებს და ქოლერის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ საშუალებად მიიჩნევდნენ. XIX  საუკუნის შუა წლებამდე ევროპის ყველა საავადმყოფოში პაციენტებს წამალზე ლუდს აყოლებინებდნენ.

დღეს ლუდის მარგებლობაზე ბევრს კამათობენ. ზოგიერთის მტკიცებით, ლუდი ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას, ამაღლებს იმუნიტეტს, აღადგენს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, ამცირებს სისხლძარღვების დაავადებათა რიცხვს.

ზედმეტი წონის დაგროვებაში ლუდის დადანაშაულება არასწორია. კალორიულობით იგი არ აღემატება ხილის წვენებსა და გაზიან წყალს შაქრით. სხვა საქმეა, რომ "ფანტასა"  და "კოკა-კოლას" 2-3 ჭიქაზე მეტს ვერ დალევ, ლუდი კი 3 ლიტრის ოდენობითაც შეუმჩნევლად შემოგესმევა, თანაც ლუდს ტრადიციულად მსუყე მისაყოლებელთან ერთად სვამენ: ძეხვები, სოსისი, შემწვარი ღორის ფეხები -  კარგი საჭმელია, მაგრამ სხეულის სკულპტურულ ფორმებს დიდ დარტყმას აყენებს.

ლუდის საფუარი

საერთოდ, საფუარის ნალექი სასმელის ბუნებრიობაზე მეტყველებს, თანაც ეს არა მხოლოდ ხორბლისაგან დამზადებულ ლუდს ეხება. ასე, მაგალითად, კლასიკური ბელგიური ქერის ლუდი "შიმეიც"  ძველებური ტექნოლოგიით მზადდება და არ იფილტრება.

ხორბლის გარდა ლუდში ბრინჯს, კარტოფილის ფქვილს, შაქარს და ჯეჯილს უმატებენ. ეს დანამატები სპეციალისტთა აზრით, სასმელის არსს ცვლიან და გემოს მხოლოდ მცირე კორექციას ახდენენ. მუქი ლუდის წარმოებისთვის ქერს დამატებით ხალავენ, რათა მასში შემავალი შაქარი კარამელად გადაიქცეს. სასმელის სიმწარე მასში სვიის ოდენობით განისაზღვრება. სვია რაც უფრო ნაკლები იქნება, ლუდი უფრო ტკბილი გამოვა.
გარდა ამისა, ლუდის ყველა ქარხანას ორიგინალური სასმელის დამზადების საიდუმლო რეცეპტი აქვს. ზოგი ლუდს ტექნოლოგიით იცე-რიფინგ ამზადებს, რომლის დროსაც სასმელი სიცივეში "მწიფდება", რაც მას წარმოუდგენელ არომატს სძენს. უშვებენ აგრეთვე დიეტურ ლუდს -  უალკოჰოლოს დაბალკალორიულს, დიაბეტურს. რა თქმა უნდა, ეს კეთილშობილური საქმეა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ლუდი გრადუსისა და ბუნებრივი შაქრის გარეშე -  გაზიანი სასმელია, რომელსაც ნამდვილ ლუდთან საერთო არაფერი აქვს. ლუდის ნამდვილი მოყვარულები ასეთ ლუდს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ სჯობს ლუდზე საერთოდ უარი თქვა, ვიდრე მისი მსგავსი სასმელით დაკმაყოფილდე. თუმცა ყოველთვის კარგია, როცა არსებობს არჩევანი, თუნდაც არასრულფასოვანი. 

 

allwine.ge

 

 

 

 

 

 

 

ფილტრაცია