სიახლეები >> შკოდას პირველი ბენცი - ახალი ოქტავია სულ სხვა სახით
შკოდას პირველი ბენცი - ახალი ოქტავია სულ სხვა სახით

”შკოდამ” ”ოქტავია” განაახლა. ფეისლიფტი იმაზე თამამი გამოვიდა, ვიდრე ველოდით. გაიცანით განახლებული მოდელი 

როცა ”შკოდას” წარმომადგენლებმა განახლებულ ”ოქტავიას” ფარდა ახადეს, გაოცებისგან პირი დავაღეთ - ნუთუ ესაა ”შკოდა ოქტავიას” ფეისლიფტი? პირდაპირ ვამბობთ: ეს სიტყვა რომ არ ეხსენებინათ, სრულიად ახალი მოდელი გვეგონებოდა!

Auto Bild

ავტომწარმოებლებმა მიგვაჩვიეს იმას, რომ ფეისლიფტის შედეგად, დიზაინში ძალიან ცოტა რამ იცვლება ხოლმე. უფრო მეტიც: ხშირად ახალ მოდელს გვასაღებენ, სინამდვილეში კი ფეისლიფტია ხოლმე კლასიკური გაგებით. ”შკოდამ” კი ძველი დრო გაგვახსენა: გვეუბნება, რომ ეს უბრალო ფეისლიფტია, სინამდვილეში კი, განახლებული ”ოქტავია” სრულიად ახალი მოდელი გეგონებათ!

Auto Bild

ვინც ფიქრობდა, რომ Audi A3-ის, Seat Leon-ისა და VW Golf თანაპლატფორმელი ძმა უბრალოდ ოდნავ განახლდებოდა, ყველა გაოცებული დარჩება. ფაქტია, რომ ”შკოდაში” მართლაც თამამი ნაბიჯები გადადგეს და ეს სითამამე მით უფრო გვიკვირს, როცა გვახსენდება, რომ ”შკოდას” ფინანსური წარმატებები პირველ რიგში სწორედ ”ოქტავიას” კარგ გაყიდვებზეა დამოკიდებული. თავად განსაჯეთ: მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ”შკოდას” გაყიდვების 40 პროცენტი სწორედ ”ოქტავიაზე” მოდის, ამ მოდელის უნივერსალი კი, შარშან ევროპაში სულაც ყველაზე გაყიდვადი კომბი იყო. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, განახლებული ”ოქტავია” სრულიად ახალ გზას დაადგა - სრულიად ახალი სახით.

  • პირველივე შეხედვით შეიმჩნევა მსგავსება ძველ Mercedes ”E-კლასთან”. თუმცა რაღა ძველი - W212-ს ვგულისხმობთ, რომელიც 2009 წლიდან იწარმოებოდა. არის თუ არა მერსედესთან მსგავსება ”შკოდასთვის” კარგი?

Auto BildAuto Bild

რაც უნდა იყოს, ”მერსედესმა” W 212-ს ფეისლიფტის დროს (2013 წელს) პირველ რიგში სწორედ ეს 4-თვალიანი სახე მოიშორა. მაგრამ, შესაძლოა, ”შკოდას” ხელმძღვანელებმა ბევრი იფიქრეს, ითვალეს და გამოთვალეს, რომ უმჯობესია, ”ოქტავია” იმ ”ბენცთან” ასოცირდებოდეს. ”ოქტავიას” ასეთი ახალი დიზაინი შეიძლება მოგწონდეს, შეიძლება - არა, მაგრამ ”შკოდას” ასეთი ტაქტიკა ცუდი ნამდვილად არ არის. და სხვათა შორის, აღსანიშნავია ახალი ტექნიკაც. აქამდე ”ოქტავიაზე” მხოლოდ Xenon-ის მაშუქები იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი დამატებითი ოფციების სიაში LED-განათებაც გამოჩნდა.

Auto Bild
განახლდა ავტომობილის უკანალიც - ოღონდ არა ისე რადიკალურად, როგორც ცხვირი

სხვამხრივ, ”შკოდამ” თავისი უმნიშვნელოვანესი მოდელი ფრთხილად და პრაგმატულად გააუმჯობესა. უკან LED-მაშუქების ახალ გრაფიკას მხოლოდ ამ მანქანის ფანები თუ შეამჩნევენ. უფრო მარტივად შესამჩნევი ის არის, რომ ახალი ”ოქტავია” უფრო განიერი და, ასე ვთქვათ, დანაყრებული ჩანს. ამასაც აქვს თავისი მიზეზი: ჩეხებმა საბურავები უფრო გარეთ დაამონტაჟეს. ეს თითქმის არაფერი დაუჯდათ, ფაქტი კი ის არის, რომ მანქანა გაცილებით უკეთ გამოიყურება.

  • აი, ინტერიერი კი ნამდვილად საჭიროებდა სერიოზულ განახლებას.

ახალი Superb-იდან და განსაკუთრებით Kodiaq-იდან ვიცით, რომ ახლა უკვე ”შკოდასაც” მოეთხოვება ხარისხიანი ინტერიერი. ეს უკვე თამამად უნდა ვთქვათ ”ოქტავიაზეც”, რომლის სალონში გამოყენებული მასალები უკვე ნაკლებად პრაგმატული და უფრო ხარისხიანია.

Auto Bild
უფრო რბილი და ხარისხიანი მასალები და ახალი 9,2-დუიმიანი სენსორული ეკრანი განახლებულ ”ოქტავიაში”

შესანიშნავი სიახლეა საჭის გათბობა. ამას ემატება განათების ახალი სისტემა კარებში, რომელიც 10 სხვადასხვა ფერში ანათებს, რაც, რა თქმა უნდა, დამატებითი ოფციაა. ბევრმა შეიძლება თქვას, ეგ რა საჭიროაო, მაგრამ მაინც. სამაგიეროდ, ამას ნამდვილად ვერ იტყვით ახალ მულტიმედიასისტემაზე, რომელიც Kodiaq-შიცაა გამოყენებული და აქტუალური მოდელის გასართობ-საინფორმაციო სისტემასთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.

სისტემა Columbus-მა ახალი, 9,2-დუიმიანი სენსორული ეკრანი მიიღო (აქამდე 8-დუიმიანი იყო). ეკრანის ახალი ტექნიკის დამსახურებით, მონიტორი ახლა უფრო ხარისხიანი ჩანს და ამ მხრივ თითქმის არაფრით ჩამოუვარდება Apple-ის iPad-ს. ამასთან, ახალი ეკრანი თითის მსუბუქ შეხებაზეც რეაგირებს. შესაბამისად, ღილაკები და ხმის ასაწევი დასატრიალებლები, ძველი თაობის მულტიმედიასთან ერთად, ”შკოდამ” მუზეუმში გადაისროლა.

Auto Bild

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ახალი ”ოქტავია” ინტერნეტში ახლა გაცილებით სწრაფად ”დაძვრება”, რაც სუპერსწრაფი LTE-Hotspot-ის დამსახურებაა. ამასთან, ”ოქტავიამ” Kodiaq-იდან ნაცნობი ონლაინ-მომსახურებებიც მიიღო - Google Earth და Street View ნავიგაციისთვის, ცნობები გზების შესახებ რეალურ დროში და პარკინგის ძიების ფუნქცია. თანაც, განახლებულ ”ოქტავიას” ნებისმიერი სმარტფონი უპრობლემოდ უკავშირდება, რადგან ავტომობილი ფლობს როგორც Apples CarPlay-ს, ისე Android Auto-სა და MirrorLink-ს. საინტერესოა პერსონალიზებული გასაღები, რომელიც რამდენიმე მძღოლის ინდივიდუალურ პარამეტრებს იმახსოვრებს.

  • ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ როგორია ეს ”შკოდა” კლასიკურ დისციპლინებში?

ავტომობილი ხელმისაწვდომია ბენზინის ხუთი და დიზელის ოთხი ძრავით. ყველაზე პატარა ძრავის სიმძლავრე 84 ცხენის ძალაა, ყველაზე მძლავრი დიზელის კი - 184 ცხენის ძალა.

Auto Bild
სედანის საბარგულის მინიმალური მოცულობა 590 ლიტრია, უნივერსალი (კომბი) ”ოქტავიას” საბარგულის მინიმალური მოცულობა კი - 610 ლიტრი

რა თქმა უნდა, გამოდის RS-მოდელებიც, რომელთა სიმძლავრე 190 (TDI) და 230 (TSI) ცხენის ძალაა. გარდა ამისა, ჩეხები ამზადებენ უფრო მძაფრ, პლუს-ვარიანტსაც - 280 ცხენის ძალით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ბენზინის 1,8-ლიტრიანი და დიზელის 2-ლიტრიანი ძრავები სრულ ამძრაობასთან ერთადაცაა ხელმისაწვდომი, რაც, რა თქმა უნდა, დამატებითი, ფასიანი ოფცია იქნება. 
Auto Bild
მფლობელები აქტუალური ”ოქტავიას” ძრავებს არასდროს უჩიოდნენ, აი, სავალ ნაწილს კი ბევრი აკრიტიკებდა. ჩეხების პასუხი: განახლებული ”ოქტავია” ადაპტირებადი სავალი ნაწილით (DCC) გამოდის და კომფორტულობისა და სპორტულობის საუკეთესო შერწყმას გვპირდება.

უკანა სავარძელზე მოთავსებული მგზავრისთვის მუხლების წინ ახლა 7 სანტიმეტრით მეტი სივრცეა. სედანის საბარგულის მინიმალური მოცულობა 590 ლიტრია, უნივერსალი (კომბი) ”ოქტავიას” საბარგულის მინიმალური მოცულობა კი - 610 ლიტრი. ”შკოდასთვის” დამახასიათებელი კიდევ ერთი სიახლე: შესაძლებელია საბარგულის განათების მოხსნა და ფანრის რანგში გამოყენება. სიახლეა სვლის სამი რეჟიმიც: Comfort, Normal და Sport.
Auto Bild
...და აი, ფასებსაც მივადექით. განახლებულ ”ოქტავიას” ფასი მხოლოდ ოდნავ მოემატა. უფრო კონკრეტულად: საქართველოში ახალი ”ოქტავიას” საწყისი ფასი 16 653 ევროა. ახალთახალი ავტომობილი, რომელსაც ”ბენცის” სახე აქვს, ასე იაფად? თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განახლებული ”ოქტავიაც” წარმატებული მოდელი იქნება.

დასკვნა
ეს მართლაც ძალიან თამამი გადაწყვეტილებაა! თუკი ჩეხები აქამდე სუფთა, მაგრამ არაგამომწვევ დიზაინს გვთავაზობდნენ, ახალი ”ოქტავია” ამ სტერეოტიპის დამსხვრევას შეეცდება. ”შკოდას” ასეთი ნაბიჯი აუცილებლად უნდა შევუქოთ.
შტეფან ფოსვინკელი

...ან, იქნებ ნახმარი ”E-კლასი”?


4-თვალიან სახეს ”მერსედესისგან” 1995 წლიდან ვიცნობთ, თუმცა თავიდან ოვალური მაშუქები ჰქონდა. ”ბენცის” ფარები 2009 წლიდან დაიკუთხა, როცა შტუტგარტელებმა W 212 წარმოადგინეს. თუმცა, ასეთი მაშუქები 2013 წლის ფეისლიფტმა ისევ შეიწირა. გერმანიაში, მეორადი ავტომობილების ბაზარზე W 212-ის უამრავი ეგზემპლარი იყიდება - ოღონდ, მაღალი გარბენებით, რადგან ეს ”E-კლასი” ძალიან კარგი სამოგზაურო ავტომობილია. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ ავტომობილი მოვლილი იყოს, დროულად ჰქონდეს ყველა სერვისი გავლილი.

Auto Bild
ძველი ”E-კლასის” კოკპიტი მთლად თანამედროვე ვეღარ არის, მაგრამ ფუნქციური და ხარისხობრივი თვალსაზრისით უნაკლოა

კარგია, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ”მერსედესი” ნებისმიერ სერვისს ელექტრონულად აღნუსხავს - ეს საშუალებად მოგცემთ, გადაამოწმოთ, ცვლიდა თუ არა ყველაფერს დროულად წინა მფლობელი. თუ ავტომობილი მოვლილია და ყველა სერვისს დროულად გადიოდა, დიდი გარბენისაც ნუ შეგეშინდებათ. ტექნიკური თვალსაზრისით ეს ”E-კლასი” ძალიან სოლიდური, ერთ-ერთი ყველაზე სანდო ავტომობილია. რჩევა ძრავის შესახებ: თვით ყველაზე პატარა ბენზინის ძრავაც კი (E 200 Kompressor 184 ცხენის ძალით) ძალიან კარგია. დიზელის ძრავის მოყვარულებს E 220 CDI-ს ვურჩევთ (მით უფრო BlueTec 170 ცხენის ძალით), რომლის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 6,5 ლიტრი დიზელია. გირჩევთ 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

"AutoBild"

 

 

ფილტრაცია