სიახლეები >> სამხრეთ კორეაში ბებოს ჩურჩხელა იყიდება
სამხრეთ კორეაში ბებოს ჩურჩხელა იყიდება

 

წარმატებული ექსპორტის ისტორია: “ბებოს ჩურჩხელა“ სამხრეთ კორეაში იყიდება. მოძრაობა KAR.GE-ის ინფორმაციით, აღნიშნული ბრენდის ჩურჩხელები მცირე რაოდენობით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში მარტის შუა რიცხვებში გაიგზავნა.

როგორც მოძრაობაში აცხადებენ, ამ საქმეში მოძრაობა KAR.GE-ს და საქართველოში კორეის ასოციაციის დიდი წვლილია. როგორ ჩანს, სამხრეთ კორეაში ქართული ჩურჩხელები ძალიან მოეწონათ. ამაზე მეტყველებს რამდენიმე ფოტო, რომელსაც KAR.GE ავრცელებს. ფოტოზე ჩანს, რომ კორეელი ქალბატონები ჩაიხანაში, ჩურჩხელას ჩაისთან ერთად მიირთმევენ და მაგიდაზე მეტი არაფერი დევს.

”ყველაფერი ეს შედეგია იმისა, რომ 2016 წელს, 20-24 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და 46 მწარმოებლის 124 ნაწარმი წარვადგინეთ World-OKTA-ს დახმარებით. გაწეული ნაბიჯები შედეგს უკვე იღებენ და ნელ-ნელა წინ მივიწევთ”, – აცხადებენ მოძრაობა KAR.GE-ში. მათივე ინფორმაციით, სიახლეები ექსპორტის კუთხით სხვა პროდუქტებთან მიმართებაშიც აქვთ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას მოძრაობა KAR.GE-მ ”ჩირკოლადის” ნიმუშები დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გააგზავნა. KAR.GE-ის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმში ლონდონში აღნიშნული ბრენდის 5 სახეობა გავიდა: ხურმის, ქლიავის, ქიშმიშის, გარგარის და ფინიკის ჩირკოლადი. რა შედეგები მოჰყვება ლონდონელების მიერ ქართული პროდუქციის დაგემოვნებას და დაიწყება თუ არა ამ მიმართულებით ”ჩირკოლადის” ექსპორტი, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 

 

 

ფილტრაცია