სიახლეები >> როგორია ქართული სუფრა, თამადა და სადღეგრძელოს ფენომენი...
როგორია ქართული სუფრა, თამადა და სადღეგრძელოს ფენომენი...

ალბათ ყველა ქართველი ვამაყობთ იმით, რომ ქართული სუფრის ტრადიციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ცნობილი. ჩვენს სტუმართმოყვარეობასა და გულუხვ დახვედრას არაერთი უცხოელი სტუმარი მოუჯადოებია. ჩვენმა ერმა საუკუნეების მანძილზე სტუმარ-მასპინძლობის მტკიცე ნორმები ჩამოაყალიბა. საქართველოს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სტუმარი ხელშეუხებელ პიროვნებად ითვლება. სტუმრის პატივისცემის ადათს ისე ჰქონდა გადგმული ფესვები, სახლში მოსული მოსისხლე მტრის დაცვაც კი სავალდებული იყო.

იმერელი თავისთვის მოიკლებს, რომ სტუმარს ასიამოვნოს, მაგრამ რაც უნდა კარგად მიიღოს სტუმარი, ბოლოს მაინც მოუბოდიშებს: მაპატიე, ბატონო, თქვენს შესაფერისად თუ ვერ დაგხვდითო.  საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტრადიციული კერძები გააჩნია. კახეთის, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, რაჭის, სვანეთის, ხევსურეთისა და სხვა კუთხეების კერძები მართლია,  გემოვნებითა და  მომზადების ტექნოლოგიით განსხვავდებიან, მაგრამ თავიანთი სტილით ერთიან ეროვნულ ქართულს წარმოადგენენ.

განსაკუთრებით მდიდარია იმერული სუფრის ასორტიმენტი. აქ, უდავოდ, მოწინავე პოზიციები ბოსტნეულსა და რძის კერძებს უჭირავს. სუფრაზე განსაკუთრბული ადგილი უჭირავს - ლობიოს, სუფრის შეძენილი კომპონენტებია ახალი კიტრისა და პომიდვრის სალათები, კარტოფილისა  და ტყის მცენარეულობისგან  მომზადებული კერძები. რძის ნაწარმიდან, უმეტეს შემთხვევაში, სუფრაზე გააქვთ თანაბარ ნაჭრებად დაჭრილი იმერული ყველი და სულგუნი. ყველთან ერთად ცხელი მჭადი და ღომი. ყველისაგან რამდენიმე კერძსაც ამზადებენ. მაგალითად, ცხიმში შემწვარი ყველი, ყველი კვერცხთან ერთად, ყველი პომინდვრითა და სხვა.

ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თევზის კერძებს. მათ შორის აღსანიშნავია კალმახი, ორაგული, ციმორი, ხრამული, წვერა, ფოთის კეფალი, კამბალა, ქაშაყი და სხვები. თევზეულობიდან უმთავრესად შემწვარი თევზის კერძებს ამზადებენ, რომლებსაც  აყოლებენ ტყემლის, ქინძის ნაშარაბის საწებლებსა და ნიგოზით მომზადებულ ,,ბაჟეს". ცივი ხორცის კერძებიდან აღსანიშნავია კუჭმაჭი, შემწვარი გოჭის, ბატკნისა და თიკნის ხორცი, ლაბასხმული, მოხარშული გულღვიძლი, ენა, ძეხვეულობა და სხვა. ფრინველებიდან ამზადებენ სხვადასხვა მეთოდოთ შემწვარ წიწილებს, მრგვალად მოხარშულ და შემწვარ ქათმებს, ჩახოხბილს, საცივს, ნივრის წვენში ჩაწყობილ წიწილებს.

მეორე თავის ცხელი კერძების ასორტიმენტი ძალზე მრავალფეროვანია, ჩამოვთვლით რამდენიმეს: მწვადს, ჩაშუშულს, კუპატს, ხინკალს და ა.შ. ფქვილოვანი ნაწარმიდან აღსანიშნავია იმერული ხაჭაპურები, შოთის პურები, სხვადასხვა სახის ნამცხვრები. რაც შეეხება ხილსა და დესერტს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ტკბილი სასმელებიდან მიღებულია ჩაი და ყავა. საწებლებიდან, უმთავრესად, სუფრაზე გამოაქვთ ახალი ტყემლის, ახალი პომიდვრის, მკვახე ყურძნის, ნიგვზის, ნივრის, ქინძმრის საწებლები და სხვა.

აუცილებლად ირჩევენ  სუფრის უფროს - თამადას. თამადა ყოველთვის იყო თვითდისციპლინისა და ორგანიზებულობის მაჩვენებელი. ქართული სუფრა და ქეიფი არასდროს ყოფილა მარტო ღვინის სმაში გაჯიბრების ასპარეზი. ლხინში თამადის და საერთოდ სუფრის წევრების დათრობა ვაჟკაცობად არ ითვლება. სადღეგრძელოები უმთავრესად პოეტური უნდა იყოს.

საქართველოში ქორწილი თამადების არჩევითა და მათი დალოცვით იწყება. შემდეგ უკვე თამადის ინიციატივით წარმოითქმება მშვიდობის, საქართველოს, ნეფე-დედოფლის, მათი მშობლების, ხელისმომკიდეების, დედმამიშვილების, ბაბუებისა და ბებიების, ოჯახის, მაყრების, ოჯახის სტუმრების, მეზობლების, სუფრის მომსახურეების სადღეგრძელოები და ა.შ. ასევე სპეციალურად გაშლიდა ქართველი სუფრას, თუ ოჯახში პირველი ვაჟიშვილი, ანუ გვარის გამაგრძელებელი დაიბადებოდა, საცხოვრებელ სახლს ააშენებდა და გადახურავდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია "რთველის"  სუფრა, როცა მშრომელი საბოლოოდ იწევს მთელი წლის ნაამაგარს. შესაფერისი სუფრები ეწყობა აგრეთვე საახალწლოდ და სხვა სადღესასწაულო დღეებშიც. ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული მოკრძალებით წარმოთქვამენ დედის სადღეგრძელოს.

ქართველები ოდითგანვე სუფთა ღვინოს სვამდნენ, ქართული ღვინო, "სურნელოვნადაა"  მოხსენიებული  ცნობილ "ოდისეაში".  საერთოდ, ჩვენთან ღვინოს ბევრს სვამენ, მაგრამ საქმეც ის იყო, იშვიათად თვრებოდნენ. ფრანგი მოგზაური შარდენი მე-17 საუკუნეში ქართველებზე წერდა: ,,არსად ისე ბლომად და ისეთ სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში"...



allwine.ge 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფილტრაცია