ინტერვიუ >> ჭკვიანი ბეჭედი „კნიკი“ ქართულ ბაზარზეა – ქართველი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ჭკვიანი ბეჭედი „კნიკი“ ქართულ ბაზარზეა – ქართველი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი

ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედი „კნიკი" - რომელიც ერთდროულად, საფულის დანიშნულებითაც გამოიყენება და თქვენს პირად სამედიცინო ინფორმაციასაც ინახავს - გაყიდვაში, აპრილიდან ჩაეშვა, დამატებითი ფუნქციებით და მომხმარებლებს, საშუალება აქვთ, სასურველი დიზაინის მქონე ბეჭედი შეიძინონ. „კნიკის ბეჭდის შესაძლებლობა, ერთი სიტყვით რომ განვმარტოთ, იდენტიფიკაცია გახლავთ იმისათვის, რომ ამა თუ იმ სისტემას მივაწოდოთ ჩვენ შესახებ ინფორმაცია. დღესდღეობით, გვიწევს სხვადასხვა საშუალების გამოყენება, ბარათებით გავსებული ფიზიკური საფულის ტარება ან სმარტფონის იმედად ყოფნა, რომლის ელემენტიც შეიძლება, საჭირო დროს დაიცალოს. ამავდროულად, მათი გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, საჭიროებს დამატებით ძალისხმევასა და დროს". შეგახსენებთ, რომ „კნიკი" პროექტ „სტარტაპ საქართველოს" კონკურსის 20 გამარჯვებულიდან, ერთ-ერთია. მარკეტერის შეკითხვებს „კნიკის" თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, დათო კვიციანმა უპასუხა:

როგორ მიხვედით იმ ეტაპამდე, რომ B-To-B მოდელიდან B-To-C მოდელზე მოახერხეთ გადასვლა, ანუ თქვენს პროდუქციას სთავაზობთ არა ორგანიზაციებს - თანამშრომლობისთვის, არამედ უკვე დაიწყეთ წარმოება მომხმარებლებისთვის?

რეალურად, B-to-B გაყიდვებიც ახლა დავიწყეთ აქტიურად. პროდუქტი რადგან არის სიახლე ბაზრისთვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პარტნიორ კომპანიებსაც სჭირდებათ დარწმუნდნენ ბრენდის ცნობადობაში და დაინახონ საზოგადოების მაღალი ინტერესი, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება ბევრმა გაიცნოს „კნიკი", გაიგოს, რაში მდგომარეობს მისი იდეა და რა მიზნისთვის ვითარდება.

 სად შეიძლება „კნიკის" გამოყენება?
კნიკის გამოყენება უკვე შესაძლებელია კინოთეატრებში, ფიტნესკლუბებსა და ნებისმიერ ადგილას, სადაც RFID დაშვების სისტემა ფუნქციონირებს. გარდა იმ ლოკაციებისა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა გამზადებულია, ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ სისტემური მხარდაჭერის შექმნას დამატებით დაწესებულებებში. ამის მაგალითი არის „კნიკისა" და კინოთეატრ „კავეას" თანამშრომლობა, რის შედეგადაც, მომხმარებლები შეძლებენ კინოთეატრში შესვლას ბეჭდის მეშვეობით. „კნიკი" სმარტფონისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, თუმცა თავსებადია NFC-ის მხარდაჭერის მქონე ანდროიდის მობილურებთან - მობილური აპლიკაციით, შეგიძლიათ, ჩაწეროთ ლინკები, საკონტაქტო ინფორმაცია ან ტექსტები, რომელსაც ბეჭდის ერთი შეხებით, გაუზიარებთ სხვებს. ამ ფუნქციას ხშირად ვიყენებ, ჩემს ბეჭედში ჩაწერილი მაქვს „კნიკის" ვიდეო და შეხვედრების დროს, მარტივად ვაჩვენებ სხვებს.

 ასეთი ფორმით, მსგავსი შესაძლებლობების მცირე ნივთი თუ არსებობს და აპირებთ ექსპორტზე გასვლასაც?
საერთაშორისო ბაზარზე, არსებობს სხვადასხვა ტიპის NFC ტექნოლოგიის ბეჭედი, თუმცა მათ კონკურენტებად ნაკლებად განვიხილავთ, რადგან „კნიკი" მკაფიოდ გამოირჩევა როგორც ტექნოლოგიური სიმძლავრით, ასევე მაღალი ხარისხით, უნიკალური დიზაინით და, რაც მთავარია, კონცეფციით. ბევრი პროდუქტი დავტესტეთ და არცერთი მათგანი არ ფუნქციონირებდა არც ჩვენს უნივერისტეტსა და არც ბევრ სხვა ლოკაციაზე, რადგან ძალიან სუსტი დაჭერა აქვთ. ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს წამოადგენს, გავხადოთ „კნიკი" საერთაშორისო ბრენდი, შესაბამისად, ძალიან მალე „კნიკის" ბეჭდებს საზღვარგარეთაც ვიხილავთ, ამ პროცესში კი, ჩვენი მოსახლეობის გვერდში დგომის დიდი იმედი გვაქვს.

ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა რას გულისხმობს?
ჯანდაცვის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ, რათა „კნიკის" მეშვეობით, ექიმებმა შეძლონ პაციენტის პირველადი სამედიცინო ინფორმაციის მომენტალურად მიღება. ბეჭედში, აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ჩაწერილი, მხოლოდ უნიკალურ კოდს შეინახავს, რომელიც სამინისტროს ელექტრონულ ბაზას დაუკავშირდება და მხოლოდ ექიმისთვის გახდის ხელმისაწვდომს პაციენტის ინფორმაციას, თუ, რა თქმა უნდა, კონკრეტული მომხმარებელი ამ ფუნქციის გააქტიურებაზე იქნება თანახმა.
 რა მასალისგან მზადდება, სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება, ფასი რის მიხედვით იცვლება და შეკვეთა რამდენ ხანში მზადდება?
ბეჭდის დასამზადებლად, ყველაზე ძვირფასი ხის მასალას ვიყენებთ, რომელიც, ძირითადად, ევროპიდან ჩამოგვაქვს. „კნიკის" შეძენა უკვე შესაძლებელია ჩვენს საიტზე: www.CNICK.io. ფასი სამი ელემენტით განსხვავდება, ძვირფასი ქვის ზოლიანი ბეჭედი 10 ლარით ძვირია, ხოლო გრავირების შემთხვევაში, ფასს 20 ლარი ემატება. პირველი ორი თვის განმავლობაში, ბეჭედს მომხმარებლები შეკვეთიდან 3 კვირის შემდეგ მიიღებენ.M: რამდენად უსაფრთხოა ბეჭედი, როგორ არის დაცულია მასზე არსებული ინფორმაცია და რა ხდება ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ? 
ბეჭედში არსებული ინფორმაცია ძალიან დაცულია. პირველად სამედიცინო ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს, სხვა მონაცემები კი უსაფრთხოების იმაზე მაღალ დონეს ითვალისწინებს, ვიდრე ჩვეულებრივი საშვები ან ბილეთები. ორგანიზაციის საშვების ჩასაწერად, საჭირო არის თქვენი ორგანიზაციის ტექნოლოგიური განყოფილებისთვის მიმართვა, ამ პროცესში, ინდივიდუალურად გაგიწევთ კონსულტაციას. ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში კი, ჩვენ დავეხმარებით მომხმარებელს მის დეაქტივაციაში. შესაძლებელი არის ბაზიდან ამოღება, სხვამ რომ ვერ შეძლოს მისი გამოყენება.

 როგორია რეგისტრაციის პროცესი და საშვის მიმაგრება როგორ ხდება?
რეგისტრაციისას სტანდარტულ მონაცემებთან ერთად, უნდა შეიყვანოთ ბეჭდის უნიკალური კოდი, რომელიც ყუთში ბეჭედთან ერთად არის მოთავსებული. რაც შეეხება საშვის მიმაგრებას, პირველ რიგში, საჭიროა, დავრწმუნდეთ, რომ ორგანიზაციის საშვის სისტემა ბეჭედთან თავსებადია, ანუ მაღალსიხშირიან 13.56MHZ-იან NFC წამკითხველებზეა აწყობილი, ამის გასარკვევად ყველაზე მარტივი საშუალება გახლავთ, შემოწმება, ბანკის ან მეტრომანის ბარათს თუ აღიქვამს წამკითხველი. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ სისტემასთან თავსებადია, საჭიროა, ადგილზევე მოხდეს ინტეგრირება, პროცედურა ისევე ხორციელდება, როგორც ახალი ბარათის აღების შემთხვევაში.

რა მიზანი გაქვთ, რას მიიჩნევთ თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, წარმატებად, როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველ შედეგს?
ჩვენი მიზანი არის მომხმარებელს აღარ უწევდეს საფულის გამოყენება ან სმარტფონის იმედად ყოფნა, გადახდების ან სხვადასხვა ლოკაციაზე დაშვებისთვის. ასევე, ხელი შევუწყოთ ინფორმაციის მიმოცვლას საჭირო დროს, რაც გარკვეულ შემთხვევებში, მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენასაც კი შეძლებს. მიზნის სწრაფად მისაღწევად, გახსნილი გვაქვს დაფინანსების რაუნდი და აქტიურად ვმუშაობთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

https://www.marketer.ge/cnick-chkviani-bechedi-iyideba/

 

 

ფილტრაცია