სიახლეები >> რუსეთის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, ღვინის ქართულ კომპანიებს თავიდან უწევთ ბრძოლა
რუსეთის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, ღვინის ქართულ კომპანიებს თავიდან უწევთ ბრძოლა

ქვევრში ღვინის დაყენება უძველესი ქართული ტრადიციაა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ქართულმა  ღვინის კომპანიებმა კი ამ ტრადიციის აღდგენა ბოლო წლებში დაიწყეს. მამა-პაპისეული მეთოდით ღვინის დაწურვა, კლასიკურთან შედარებით, ბევრად შრომატევადია, თუმცა, მოთხოვნაც მაღალია. ქვევრიდან ამოღებული ღვინო, მსოფლიო დონის სპეციალისტების აღფრთოვანებას იწვევს.

საქართველოში, კერძოდ, კახეთში ქვევრის ღვინოს ათამდე დიდი ღვინის კომპანია და 30-მდე მცირე მარანი აწარმოებს. უძველესი ქართული ტექნოლოგიით ღვინოს დაყენების ტრადიცია ოჯახებშიც ნელ-ნელა აღდგა და ახლა ადრინდელთან შედარებით მამა-პაპისეულ მეთოდს ბევრად უფრო მეტი მეღვინე იყენებს. ღვინოს აწარმოებენ, თუმცა, მისი რეალიზაციის პრობლემა ყველას აწუხებს.

რუსეთი მათ მიერვე დაწესებულ ემბარგომდე  საქართველოში წარმოებული ყველა პროდუქციისთვის მთავარი საექსპორტო მიმართულება იყო. ძირითადი საექსპორტო ბაზრის ჩაკეტვამ ღვინის მწარმოებლებს უდიდესი დარტყმა მიაყენა. ბევრ კომპანიას წლები დასჭირდა იმისთვის, რომ ემბარგოს შედეგად მიყენებული ზარალი აენაზღაურებინა, ნაწილმა კი ეს ვერც შესძლო. მაშინ რუსები ქართული ღვინის ხარისხს იწუნებდნენ, ხარისხის მხრივ გარკვეული პრობლემები მართლაც არსებობდა, თუმცა, იმ პერიოდში ემბარგოს რეალური მიზეზი სულ სხვა -   პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

ახლა რუსეთის ბაზარი გახსნილია და ღვინის ექსპერტები აცხადებენ, რომ  თუკი ადრე ემბარგომ მეღვინეებს დიდი დარტყმა მიაყენა, ამავდროულად  ერთი კარგი საქმე გააკეთა -   ფალსიფიკაცია ამ სექტორში თითქმის ამოიძირკვა.

ღვინის ექსპერტების თქმით, რუსეთის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, ღვინის ქართულ   კომპანიებს  თავიდან უწევთ ბრძოლა. თუკი ადრე რუსეთში დიდწილად   დაბალფასიანი ქართული ღვინო იყიდებოდა, ახლა კომპანიებს ღვინის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე მისი დამკვიდრება უფრო მაღალ სეგმენტზე მოუწევთ და ისეთ ღვინოებთან კონკურენცია, როგორიცაა: ფრანგული, იტალიური და ა.შ. ეს კი საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსებს ქართული ღვინო უყვართ, მით უმეტეს -   მაღალხარისხიანი.

ფაქტია, რომ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინით კონკურენციის გაწევა შესაძლებელია. მით უფრო, რომ ჩვენ შეგვიძლია მათ განსხვავებული - უძველესი ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ღვინო შევთავაზოთ.

 

allwine.ge

 

 

ფილტრაცია