სიახლეები >> Ryanair-ი უკრაინულ ბაზარზე შესვლას აღარ გეგმავს
Ryanair-ი უკრაინულ ბაზარზე შესვლას აღარ გეგმავს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი უკრაინულ ბაზარზე შესვლას აღარ გეგმავს. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ბორისპოლის აეროპორტის (კიევი) მიერ ხელშეკრულების დარღვევა გახდა, რომელიც გაფართოებას ეხებოდა.

 

ოფიციალური განცხადების მიხედვით, Ryanair-ი კიევიდან 4-ს, ხოლო ლვოვიდან კი 7 მარშრუტს გააუქმებს.

 

„კიევის აეროპორტმა ცხადყო, რომ უკრაინა ინვესტიციისათვის საიმედო ადგილს ჯერ არ წარმოადგენს, რის გამოც ძალიან ვწუხვართ. მათ მიერ არშესრულებული ვალდებულებები 500,000 დაკარგულ კლიენტსა და 400 სამუშაო ადგილს გულისხმობს. ასევე ვწუხვართ, რომ კიევის აეროპორტის ქმედებების მსხვერპლი ლვოვის აეროპორტიც გახდა," აღნიშნულია Ryanair-ის განცხადებაში.

 

კომპანიის კომერციული დირექტორის, დევიდ ო'ბრაიენის განცხადებით, კომპანია უკრაინის ნაცვლად ისეთ ბაზრებზე გაფართოვდება, როგორებიც გერმანია, ისრაელი და პოლონეთი არიან. ბორისპოლის აეროპორტის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

Ryanair-ი ბორისპოლის აეროპოსტთან მოლაპარაკებებს მარტის შემდეგ აწარმოებდა.

 

ავიაკომპანია Ryanair 1984 წელს დაარსდა, ოპერირება კი 1985 წლიდან დაიწყო. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ 90 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას 72 ბაზა აქვს და 191 აეროპორტში ოპერირებს.

 

 

ავტორ(ებ)ი: liga.net

 

 

 

 

ფილტრაცია