ტურიზმი >> რეალურია თუ არა საქართველოს კურორტების All inclusive-ის სისტემაზე გადასვლა?
რეალურია თუ არა საქართველოს კურორტების All inclusive-ის სისტემაზე გადასვლა?

საქართველოს კურორტების All inclusive-ის სისტემაზე გადასვლა შორეული პერსპექტივაა. ამის შესახებ „კომერსანტთან" ტურიზმის ექსპერტი შალვა ხუციშვილი საუბრობს. მისი თქმით, All inclusive-ის პრინციპის დანერგვა დიდ ინვესტიციას მოითხოვს და ქართული ბიზნესი ამისთვის ჯერ მზად არ არის. ხუციშვილის მტკიცებით, სანამ ქვეყანა ამ პრინციპზე გადავა, მანამდე ბევრი რამაა მოსაგვარებელი, მათ შორის, დასახვეწია სერვისი, გასაახლებელია ავტოპარკი, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.


ხუციშვილის შეფასებით, საქართველოს რამდენიმე კურორტს All inclusive-ის პრინციპით განვითარების პოტენციალი გააჩნია. მათ შორისაა ანაკლია, რადგან ის ახლა ვითარდება და კურორტის მშენებლობის პროცესშივე მოხდება იმ დეტალების გათვალისწინება, რაც All inclusive-ისთვისაა საჭირო. ასევე დიდი პოტენციალი გააჩნია კურორტ აბასთუმანს, წყალტუბოს და ბაკურიანს. ხუციშვილი ამბობს, რომ ყველაზე ნაკლები პოტენციალი საზღვაო კურორტებს აქვთ, რადგან იქ ინდივიდუალური ტურიზმია განვითარებული, ხოლო საერთაშორისო დონის სასტუმროებს არ აქვთ იმ დონის ინფრასტრუქტურა, რომ ტურისტებს All inclusive-ი შესთავაზონ.

 

„All inclusive-ი ძირითადად გათვლილია საშუალო და მაღალ ფენაზე, ანუ ტურისტი იხდის მთლიანად პაკეტის ღირებულებას და გარანტირებული აქვს ყველანაირი სერვისი. საქართველოში თუ მოხერხდა ამის ორგანიზება, ძალიან კარგი იქნება, რათა საქართველომ, როგორც ახალმა ტურისტულმა პროდუქტმა თავი მოაწონოს სხვა ქვეყნებს და კონკურენცია გაუწიოს აღმოსავლეთ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას ამ მიმართულებით. ამაზე ბევრია სამუშაო, მოსაწყობია ინფრასტრუქტურა, დიდ სასტუმროებს საჭიროა ჰქონდეთ პირადი წვდომა პლაჟებთან და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, ასევე ჰქონდეთ გასართობი პროგრამები, ანიმაცია, ჰყავდეთ ანიმატორები. ამაზე ბევრია სამუშაო, რადგან ქვეყანას ამის გამოცდილება არ აქვს და ამის განვითარება შორეული პერსპექტივაა. ამისთვის საჭიროა უცხოელი ექსპერტების მოწვევა და ამ სფეროში გარკვეული ტრეინინგების ჩატარება"-აცხადებს ხუციშვილი.


რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, რუსი ტურისტების მიზიდვის მიზნით საქართველოს კურორტები All inclusive-ის სისტემაზე გადადიან - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.


„სასტუმროები, რომლებიც All inclusive-ის კლასიკური სისტემით მუშაობს, დღეს არცთუ ბევრია. მაგრამ მათი რაოდენობა იზრდება. ამ პროცესს ხელს უწყობს ის, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის დახურულ თურქულ და ეგვიპტურ კურორტებზე ეს მთავარი გამოცდილება იყო. იქ all inclusive-ის სისტემით ტურისტების 95% ისვენებდა. ამაზე ჩვენც უნდა ვიფიქროთ და ბიზნესის ორიენტირება ამაზე მოვახდინოთ,"- განაცხადა ჩოგოვაძემ.


all inclusive-ის სისტემაზე გადასვლის შესახებ გასული წლის ბოლოს ისრაელმაც განაცხადა, რისი ერთადერთი მიზანიც რუსი ტურისტების მიზიდვა იყო.


გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ იტალიურ რიმინში მდებარე სასტუმროების მფლობელებმა სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის დაიწყეს ტურისტული პაკეტების შექმნა all inclusive-ის პრინციპით. ამ სისტემის განვითარება გადაწყვიტეს აგადირისა და მაროკოს ოტელიერებმაც.

 

"კომერსანტი"


ფილტრაცია

ხალხის აზრი