ტურიზმი >> მთავრობის ინიციატივით ახალი პროექტი, "უმასპინძლე საქართველოში" იწყება
მთავრობის ინიციატივით ახალი პროექტი, "უმასპინძლე საქართველოში" იწყება

   პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი ემატება. მთავრობა სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობას იწყებს. რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლოს ახალი სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი, შექმნას სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. პროგრამის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოახდენს:


სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსებას ლარში გაცემულ სესხზე


სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას პირველი 4 წლის განმავლობაში


საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის („ფრენჩაიზინგის“/მენეჯმენტ კონტრაქტის) ანაზღაურების . Royalty Fees დაფინანსებას პირველი 2 წლის განმავლობაში


 პროგრამის და სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


„მინდა წარმოვადგინო ახალი პროგრამა რეგიონებში სასტუმრო სექტორის განვითარებაზე, რომელსაც ეწოდება „უმასპინძლე საქართველოში“. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წარმოვადგინეთ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“. ეს არის პროგრამა, რომელიც ემსახურება საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ უკვე გვყავს არაერთი საპროდიუსერო ჯგუფი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში კინო-ფილმების გადაღებით. დღევანდელი პროგრამა, რომელსაც ვაანონსებთ, უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, საქართველოს ტურიზმის განვითარების კონტექსტში. ჩვენს გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ თვეებში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და აუცილებელია, ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ ფეხი აუწყოს ამ დინამიკას, რომელიც მართლაცდა ძალიან სასიხარულოა. ამ პროგრამის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს მათი წამოწყების თანადაფინანსებას. ძალიან მნიშვნელოვანია  ითქვას, რომ ეს პროგრამა იწყება იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ ახალი სარეფორმო გეგმა, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ეს პროგრამა  თანხვედრაშია მთლიანად მთავრობის განვითარების სტრატეგიასთან.


პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ მიხედვით, სასტუმროებს საშუალება ექნებათ გააფორმონ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებთან და სახელმწიფო მოახდენს ამ ხელშეკრულებების თანადაფინანსებასაც. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, რათა შევქმნათ ოთხსეზონიანი კურორტების მთელი რიგი, ამისათვის ჩვენ ერთ-ერთ უკანასკნელ მთავრობის სხდომაზე მივიღეთ დადგენილება, რომ განვავითაროთ და კომპლექსურად შევისწავლოთ ბახმაროს არსებული ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები და დავდოთ განვითარების გეგმა. ბახმარო არ იქნება ერთადერთი მიმართულება რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს. არსებობს უამრავი საინტერესო მიმართულება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის განვითარებაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და სახელმწიფო რესურსს დავხარჯავთ იმ საბაზისო ინფრასტრუქტურისთვის, რაც აუცილებელია ასეთი კურორტების განვითარებისათვის. ეს იქნება კურორტი ლებარდე, აბასთუმანი და სხვადასხვა ახალი მიმართულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობა, კონკრეტულად კი ეკონომიკის სამინისტრო, ძალიან აქტიურად მუშაობს პირდაპირი ფრენების მიმართულებით. ძალიან სასიხარულოა, რომ წელსვე კომპანია „ვიზეარი“, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს ქუთაისში, გახსნის პირველ ეროვნულ ბაზას საქართველოში, რომელიც შვიდ ახალ მიმართულებას დაამატებს ქუთაისიდან. ქუთაისში ჩვენ უკვე გვაქვს ოთხი საერთაშორისო მიმართულება, რომლებიც ძალიან აქტუალურია და რომლებიდანაც საქართველოში უამრავი ვიზიტორი შემოდის. დამატებული შვიდი მიმართულება საშუალებას მისცემს ტურისტებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოში მოგზაურება, საქართველოს მოქალაქეებს კი ევროპაში წასვლას გაუადვილებს. თუ ჩვენ ამას ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას დავამატებთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის უდიდესი პერსპექტივა, რომელიც იხსნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის წვრილი ბიზნესმენებისათვის, საქმიანი ადამიანებისათვის, ახალგაზრდებისათვის, რომ მათ იმოგზაურონ ევროპაში და წამოიწყონ ახალი ბიზნესი, რომლის მომავალი დაუკავშირდება ევროპას. უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენ უკანასკნელ პერიოდში მთავრობაზე დავამტკიცეთ მინიმალური ზღვარის დაწევა 150 ათასი დოლარიდან, 75 ათას დოლარამდე ასეთი ტიპის პროგრამებისათვის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. სახელმწიფომ, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც პროგრამა ფუნქციონირებს, მხარი დაუჭირა 150-ზე მეტ საწარმოს. ჯამური ინვესტიციების მოცულობა 360 მილიონი ლარი გახლავთ. პროგრამაში დასაქმდა და კიდევ დასაქმდება 10 ათასი და კიდევ მეტი ადამიანი. ეს არის 10 ათასი შეძლებულო ოჯახი საქართველოში, რაც ვფიქრობ, რომ დიდი მიღწევაა. ასევე წარმატებით ფუნქციონირებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც უკვე დამტკიცებულია 3 ათასზე მეტი ბიზნეს იდეა და ტრენინგი უკვე ჩაუტარდა 5 ათასზე მეტ ადამიანს ჩვენი ქვეყნის რეგიონებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა რეგიონში დასახლებულთათვის, რათა მათ ამ პროგრამის ფარგლებში 5-დან 15 ათასი ლარის ფარგლებში გრანტი მოიპოვონ და უზრუნველყონ თავიანთი ოჯახები ახალი წამოწყებული ბიზნესების მეშვეობით.


განსაკუთრებული სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის პრეზენტირება ხდება აი ამ სივრცეში. ეს არის სრულიად ახალი სასტუმრო „ინტერკონტინენტალი“, უმაღლესი კლასის სასტუმრო, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება. ამ ბიზნეს ჯგუფის მიერ საქართველოში წამოწყებული და განხორციელებული გახლავთ ისეთი მნიშვნელოვანი ბიზნეს იდეები, როგორებიცაა „რუმს ჰოტელი“ ყაზბეგში, „ქროუნ პლაზა“ ბათუმში, „ჰოლიდეი ინი“ და ა.შ. ამ ჯგუფს აქვს ასევე ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გააფართოვოს საქმიანობის სპექტრი და მთავრობის ვალია ასეთ ინიციატივებს ხელი შეუწყოს. მთავრობა უახლოეს პერიოდში გააკეთებს პრეზენტაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მომავალი გეგმების შესახებ, რომლის მიხედვითაც ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას ვხედავთ საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისიდან აბასთუმანის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ქუთაისი სვანეთის მიმართულებით. ეს იქნება სრულიად ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს გომსა და რაჭას. ეს იქნება ძალიან სწრაფი დასრულება სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშრება რეგიონის ბიზნესებთან შეუძლებელი იქნება" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

 

 

 

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი