საინტერესო >> ყვავილების მაღაზია ამელი – თავისებური და რომანტიული გოგო
ყვავილების მაღაზია ამელი – თავისებური და რომანტიული გოგო

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ყვავილების მაღაზია ამელი გამოჩნდა, რომელმაც ძალიან სწრაფად მოიპოვა ცნობადობა და რამდენიმე დღეში 11 000 -მდე მოწონება დაიმსახურა. დღეისთვის კი 40 000 ზე მეტ ადამიანს მოსწონს მათი გვერდი  Facebook-ზე. აღსანიშნავია, რომ გარდა ყვავილების შეფუთვის განსხვავებული სტილისა, სოციალურ ქსელში დადებული ამელის ფოტოები გამოირჩევა საინტერესო ისტორიებით, რითიც კიდევ უფრო მეტად უახლოვდება მომხმარებელს. ამელის შექმნის იდეაზე, ბრენდის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე მარკეტერი ამელის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნუკა ჩოხელს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა ამელის შექმნის იდეა ? 

- " იმ ფილმს რა ჰქვია შენ რომ გიყვარს?" - ჩემი მეუღლის - დათო კუპატაძის კითხვით დაიწყო ყველაფერი. Forward-ის ერთ-ერთი ტრენინგიდან მოსულები, რომელიც სტარტაპსა და ინოვაციებს ეხებოდა,  უკვე ვიძინებდით - როდესაც თვალი მოვკარი, რომ კომპიუტერში Amelie-ს დიზაინს აკეთებდა. მისთვის შეფუთვა, საფირმო სტილი, ხასიათი ყველაფერზე წინ დგას. სწორედ ამიტომ, დიზაინის კეთება რომ დაასრულა, მერე მახარა - "ყვავილების ონლაინ მაღაზიას ვხსნით ! "

იდეა მომეწონა, ყვავილებიც მიყვარს და სისტემატურადაც ვყიდულობდი,  თუმცა რთულად წარმომედგინა როგორ უნდა გადაქეცეულიყო ჩვენი ახალგარემონტებული ბინა ყვავილების მაღაზიის საწყობად, თან ეს ყველაფერი ჩვენი სამსახურებისთვის უნდა შეგვეთავსებინა.

მეორე დღეს უკვე რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. იდეას შემოუერთდნენ ჩვენი მეგობრები - გიორგი ჩაჩანიძე, თამო წითური, ხატია გოლეთიანი, სალი წილოსანი და ღამეების თენებაც დაიწყო; შეირჩნენ მომწოდებლები; დამზადდა Amelie-ს საფირმო შეფუთვა; აიწყო საიტი და ჩვენი სახლიც ძალიან ადვილად დაემსგავსა საწყობს. სამ დღეში ჩვენი სოციალური გვერდი  ყოველგვარი სარეკლამო ბიუჯეტის გარეშე  11 000 -მდე ადამიანმა მოიწონა. პირველი შეკვეთის გაშვების შემდეგ კი, მწვანე ხელებით და გაოგნებული სახეებით ვისხედით და ველოდებით კურიერის კომენტარს - გაუღიმა თუ არა ადრესატმა, ანუ - მოიწონა თუ არა თაიგული?

თქვენი კომპანიის კონცეფციის შესახებ მოგვიყევით

Amelie, ფილმის გმირის მსგავსად, თავისუბური და რომანტიული გოგოა. ისეთ დეტალებს ანიჭებს მნიშვნელობას, რაც შეიძლება სხვამ არ შენიშნოს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის კონკურენტებს არ ჰგავს. მომხმარებლებს უყვართ Amelie-სთან საუბარი. ის მათთვის რეალური პერსონაა და ძალიან ხშირად ისმენს Amelie მათგან პირად ისტორიებს, რაც საერთო ჯამში ჩვენს მომხმარებელთან ძალიან გვაახლოვებს. იმდენად, რომ არასამუშაო დროსაც კი შეგვიძლია მათთვის დახმარების აღმოჩენა, ანდაც - ყვავილებზე  მეტის შეთავაზება.

რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ პროექტის დაწყების პროცესში ? 

ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ვიყავით საკუთარი ენთუზიაზმისა და გამოცდილების იმედად, რომელიც ძირითადად მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში გვაქვს. თუმცა, კომპანიის დაარსებიდან სამ დღეში მოვიდა 8 მარტი და ჩვენ ყველანი ერთად მადლობას ვუხდიდით განგებას, რომ ეს დღე მშვიდობით დასრულდა. იყო სრული ქაოსი, ძალიან ბევრი შეკვეთა და არეულობა, თუმცა - არც ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი. კარგი სტარტი Amelie-ს განსხვავებულსა და კარგად გამოხატულ იმიჯს მივაწერეთ, თუმცა ამხელა მოთხოვნისთვის პირველ ეტაპზე მზად არ აღმოვჩნდით და ძალიან მალე მოგვიწია სტრატეგიის გადახედვა. შეკვეთების რაოდენობამ სტაბილურად მზარდი ხასიათი მიიღო და მივხვდით, რომ საჭირო იყო პირველ რიგში - არასაცხოვრებელი ფართი, მუდმივად დასაქმებული კადრები და იმ მუხტის შენარჩუნება, რაც გვქონდა. სწორედ ამიტომ მალევე გავხსენით მაღაზია  კანდელაკის #19 -ში და შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

1 (8)

როგორ ფიქრობ, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა ? 

Amelie-ს კონკურენტებისგან მისი მომხმარებლები გამოარჩევენ. ჩვენ იშვიათად მოგვმართავენ უბრალოდ ფასისა და მომსახურების პირობების გასარკვევად. თუკი ისინი უკვეთავენ ჩვენთან, უნდათ მხოლოდ Amelie და ამას მუდმივად აღნიშნავენ. თვითონ მომხმარებლები გვანიჭებენ განსხვავებულის სტატუსს და ამას ალბათ ჩვენი მათდამი უშუალო მიდგომა განაპირობას. Amelie-ის არ აქვს ხისტი წესები, დაკვეთის მკაცრად განსაზღვრული პოლიტიკა, მაღალი ფასები - შესაბამისად ჩვენი დამკვეთები არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ განსაკუთრებული მომენტების შექმნაში მხოლოდ Amelie დაეხმარებათ. ჩვენც ვცდილობთ იმედები არასდროს გავუცრუოთ. თუმცა რაც კონკურენტებისგან ერთი შეხედვით განგვასხვავებს შეფუთვის ჩვენებური სტილი, სიმარტივე და ძალიან სწრაფი მომსახურებაა.

აღსანიშნავია, რომ კვირაში ორჯერ შემოგვაქვს ყვავილები ჰოლანდიიდან, თუმცა Amelie-ში ნახავთ ადგილობრივ, სეზონურ ყვავილებსაც. გვყავს მომწოდებლები თბილისის შემოგარენიდან - მეწარმეები, გლეხები. ისიც მომხდარა, რომ Amelie-ს ქუჩაში მჯდარი ბებოსგან უყიდია მინდვრის ყვავილების მთელი მარაგი. ამ ადამიანისთვის ეს უბრალოდ შრომის შემსუბუქებაა, Amelie-სთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანია ყვავილი, რომელიც კონკრეტულად ერთ ადგილას, რომელიღაც ორღობეში მოვიდა და სხვა კომპანიაში მსგავსი ყვავილი იმ დღეს არ იქნება. Amelie-ს თაიგულებს მისთვის დამახასიათებელ სიმარტივესა და სისადავეს, სწორედ ასეთი ყვავილები აძლევს.

1 (5)

 რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად ?

მთავარი მიღწევა, რითაც 6 თვიანი მოღვაწეობის შემდეგ Amelie ყველაზე მეტად ამაყობს არის მისი ფართო ცნობადობა სოციალურ ქსელში და საზოგადოებაში -  ჩვენი კმაყოფილი დამკვეთების მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები...

ვფიქრობთ, რომ დღეს ფეხზე ძალიან მყარად ვდგავართ. გვაქვს გამართული ლოჯისტიკა და სწრაფი საკურიერო მომსახურება. გვყავს ძლიერი დიზაინერები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან  Amelie-ს. რაც მთავარია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოდიან და უბრალოდ ათვალიერებენ ჩვენს გვერდს, ან მეზობლები კანდელაკის # 19-ში, რომელიც ზრუნავენ ჩვენზე და უნდათ, რომ დიდხანს ვიყოთ.

თუმცა, განსაკუთრებული სტიმული მოგვცა იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე დიდი კომპანია ჩვენი კორპორატიული მომსახურებით დაინტერესდა. უკვე ვთანამშრომლობთ მათთან და ვცდილობთ მაქსიმალური ხარისხი შევთავაზოთ. ჩვენ გავხდით „თი-ბი-სი ბანკი-ს" სტატუს კლიენტების ექსკლუზიური მიმწოდებლები; თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი სისტემატურად გვიკვეთავს თაიგულებსა და სცენების გაფორმებას; ვამარაგებთ რამდენიმე კვებისა და გასართობ ობიექტს Amelie-ს თაიგულებით;

13443085_1738455836426313_4305353324344622095_oM: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები 

სამომავლო განვითარების გეგმებთან დაკავშირებით კი, სიახლეები უკვე არის -  Amelie-ს დიზაინერები დიდხანს ემზადებოდნენ, სწავლობდნენ და ახლა უკვე Amelie მომხმარებლებს ქორწილებისა და ღონისძიებების გაფორმებასაც სთავაზობს. ეს მიმართულება ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. Amelie თავს საკუთარ ამპლუაში გრძნობს, როდესაც ღონისძიებას აფორმებს და მერე უამრავი ადამიანის კომპლიმენტს ერთდროულად იმსახურებს. ეს ძალიან სასიამოვნოა და ჩვენი მთავარი მისიაც, სწორედ ჩვენი მომხმარებლების კეთილგანწყობის შენარჩუნებაა.

Amelie შექმნილია მეგობრობით და სიყვარულით. Amelie-სთან დაკავშირებული თითოეული ადამიანისთვის ის ზრუნვის და მოფრთხილების ობიექტია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ რომ  Amelie მეგობრობის სახელით კიდევ განვითარდება და ყვავილების გარდა სხვა სფეროებსაც აითვისებს. Amelie-ის უყვარს გემრიელი ბლინები, ტანსაცმლის დიზაინის შექმნა, შესაბამისად არ არის გამორიცხული რომ მომავალში Amelie-მ კაფე და ატელიე გახსნას.

 

marketer.ge

 

 

 

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი