Background Image

10 აუცილებლად სანახავი არქიტექტურული შენობა თბილისში, ,,Georgiastartshere-ის“ მიხედვით

11:33 6 ივლისი, 2018

თბილისი ისტორიული ქალაქია. დროის ცვლილებამ ბევრ რამეზე მოახდინა გავლენა, მათ შორის, არქიტექტურაზეც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისი ევროპისა და აზიის „გზაჯვარედინზე“ მდებარეობს, მისი არქიტექტურა ამ ორი კულტურის კომბინაციაა.

აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გოგირდის აბანოები, როგორც თანამედროვე, ასევე საბჭოთა ეპოქის შენობები, სახლები ფერადი აივნებით. სტილისტური არქიტექტურის მრავალფეროვნება ამ ქალაქში გარანტირებულია.

თუ თბილისს ეწვევით, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფავორიტი არქიტექტურული შენობა აღმოაჩინოთ, თუმცა ამჯერად „Georgiastartshere“ წარმოგვიდგენს საუკეთესო 10-ეულს.

1) საქართველოს ბანკის სათავო ოფისი

– ეს ოფისი 1975 წელს არქიტექტორებმა, გიორგი ჩახავამ და ზურაბ ჯალაღანიამ ააშენეს, 2007 წლიდან კი საქართველოს ბანკის სათავო ოფისია. ეს 18-სართულიანი შენობა არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს. ის კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

შენობას საკმაოდ საინტერესო დიზაინი აქვს. ორსართულიანი ჰორიზონტალური ნაწილები ერთმანეთს უკავშირდება, როგორც ქსელი. ეს არის ე.წ. Space city მეთოდი, რაც გულისხმობს, რომ შენობამ მიწაზე ნაკლები ადგილი დაიკავოს და ცარიელ სივრცეში ბუნებისთვის, ტყისთვის დარჩეს ადგილი.

ეს არის შესანიშნავი ბალანსი ბუნებასა და ადამიანის სივრცეს შორის.

2) საქართველოს მწერალთა სახლი

– საუკუნეების განმავლობაში გამორჩეულ ნაგებობათა შორის, ერთ-ერთი მწერალთა სახლია. ეს არის ქართული და ევროპული არქიტექტურული სტილის შესანიშნავი კომბინაცია. შენობა, სადაც ამჟამად მწერალთა სახლია განთავსებული.

ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა  დავით სარაჯიშვილმა 1903-1905 წლებში ააგო. სახლი გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვითაა აგებული, მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი.

ხის ინტერიერის ავტორი ასევე თბილისელი ხელოსანი, ილია მამაცაშვილი იყო. სახლის ვერანდა მოპირკეთებულია ცნობილი ფირმის  “ვილეროი და ბოხის” კერამიკული ფილებით. მსგავსი ფორმისა და მოხატულობის ფილები დიდი იშვიათობაა და მხოლოდ განსაკუთრებული შეკვეთისა და მესაკუთრეებისთვის მზადდებოდა.

კიოლნის ტაძარი გერმანიაში, მოსკოვის დიდი თეატრი, აინზიდელნის სააბატო შვეიცარიაში – ეს ის შენობებია, სადაც იგივე სტილის კერამიკული ფილები შეგიძლიათ იხილოთ, რაც მწერალთა სახლის ვერანდაზეა.

3) თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

–  როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე შთამბეჭდავი და ლამაზი თეატრების შესახებ, შეუმჩნეველი ვერ დაგრჩება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. მისი არქიტექტურა და დიზაინი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა თავისი მიმზიდველობა არასოდეს დაუკარგავს.

განთქმულმა ფრანგმა მწერალმა, ალექსანდრე დიუმამ, რომელმაც 1858 წელს თბილისი მოინახულა, თავის წიგნში „კავკასია“, ოპერის თეატრს  მთელი თავი მიუძღვნა. „უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის თეატრის დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მინახავს“ – წერდა იგი. 1874 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ოპერის თეატრი ხანძარმა გაანადგურა.

1896 წელს გოლოვინის პროსპექტზე (დღევანდელი რუსთაველის გამზირი) დამთავრდა არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული, 1200 კაცზე გათვლილი, ახალი საოპერო თეატრის მშენებლობა (დღევანდელი შენობა).  1973 წლის ხანძრის შემდეგ განადგურდა თითქმის მთელი ინტერიერი. 1978 წელს თეატრის შენობა თავდაპირველი სახით აღდგა (არქიტექტორები – ლერი მეძმარიაშვილი, მურთაზ ჩაჩანიძე).

გაფართოვდა ინტერიერი, სცენა. შენარჩუნდა შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილი. მოეწყო 6 სარეპეტიციო დარბაზი (3 საბალეტო, 2 საოპერო და ერთიც ორკესტრისთვის). 2010 წელს დაიწყო თეატრის შენობის რემონტი (არქიტექტორი – ლერი მეძმარიაშვილი). დაიბეჭდა და სცენას დაუბრუნდა „თეატრის სავიზიტო ბარათი“ სერგო ქობულაძის 1960 წელს შესრულებული, ხანძრის დროს დამწვარი ფარდის პრინტი.

4) რუსთაველის თეატრი

– რუსთაველის გამზირზე გადაადგილებისას, შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ რუსთაველის თეატრის ისტორიული ფასადი.  შენობის პროექტის ავტორები საგუბერნიო ინჟინერი, კორნელი ტატიშჩევი და თბილისის საქალაქო არქიტექტორი, ალექსანდრე შიმკევიჩი არიან.

როდესაც მას ეწვევით, ნახავთ, რომ ინტერიერი არანაკლებ შთამბეჭდავია. 1898 წელს გოლოვინის პროსპექტზე  (რუსთაველის გამზირი) საძირკველი ჩაეყარა ,,არტისტული საზოგადოების სახლს” (შემდგომ რუსთაველის  თეატრს). 1949 წლის 9 ივნისს, ხანძარმა შენობა გაანადგურა.

გადარჩა მხოლოდ ფასადი, რომლის  აღდგენა ერთ წელიწადში მოხერხდა.  თეატრის დიზაინში გამოყენებულია ბაროკოს და როკოკოს სტილის ელემენტები. მას აქვს უზარმაზარი თაღოვანი მწკრივი, ფართო ფანჯრები.  მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შედევრი დაიკარგა, რუსთაველის თეატრმა დედაქალაქის ერთ-ერთი მომხიბვლელი ნაგებობა შეინარჩუნა.

 

5) ათეშგა

– ცეცხლის საგზებელი. მდებარეობს ქალაქ თბილისში, კლდისუბანში. სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“ (სპარსული ათეშ-ცეცხლი და გაჰ – ადგილი), რაც ცეცხლის საგზებელ ადგილს ნიშნავს.

ტრადიციულად ”ათეშგაში” ცეცხლის დასანთებად მხოლოდ ხეხილის შეშას იყენებდნენ, რომელიც წვის დროს სასიამოვნო სურნელს გამოჰყოფდა.

ათეშგა აგურით არის ნაგები. მიუხედავად იმისა, რომ „ცეცხლის ტაძრები“ საქართველოს სხვადასხვა მხარეში იყო აგებული, ის მხოლოდ თბილისში შემორჩა.

 

6) აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

– 1887 წელს თბილისში დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომელსაც სათავეში ედგა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის წევრი ნიკოლაი შავროვი. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მუზეუმია საქართველოში.

სტილისტური თვალსაზრისით, ნაგებობა მრავალი ტრადიციის შერწყმის შედეგია. აღსანიშნავია ინტერიერის მორთულობა, რომელიც კლასიკური არქიტექტურის  მორთულობასთან ერთად, აბრეშუმის თემაზე მისადაგებულ ნაძერწ ელემენტებსაც შეიცავს – ფრიზი, კარნიზი, პილასტრი, კაპიტელი – ხან თუთის ფოთლით, ხან აბრეშუმის ჭიით, ხან პარკითა თუ ჭუპრით არის გამოძერწილი.

 

7) მეექვსე საავტორო სკოლა

– სკოლის შენობა კულტურის  მემკვიდრეობის ძეგლია. იგი თბილისის უძველეს, არქიტექტურულად უმდიდრეს უბანში, სოლოლაკში მდებარეობს, ასათიანის და დადიანის ქუჩების კვეთაზე.

აშენდა 1903-1905 წლებში, არქიტექტორი კი ალექსანდრე ოზეროვია. 1905 წელს აგებულ შენობას შეუნარჩუნდა პირვანდელი სახე, მოხდა ინტერიერის რესტავრაცია. სკოლა გარემონტებულია ეკო-ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

ფუნქციონირებს ეკო-არქიტეტორების მიერ დაპროექტებული გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. სკოლა აღჭურვილია ეკოსტანდარტების და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გარემონტებული დიდი, ნათელი აუდიტორიებით.

 

8) საბაგიროს სადგური

კ. ჩხეიძის პროექტით 1958-1960 წ. აშენებული ფუნიკულიორის საბაგირო გზის ქვედა სადგური  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლანდელი შენობის  შიდა ეზოში დგას და კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს.

უზარმაზარი, შემინული თაღების რიგს ზემოდან უფრო მცირე ზომის, მეორე, ღია თაღების რიგი ადგას, ხოლო ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებული ბოლნისის ტუფისფერი ქვემოდან ზემოთ იცვლება, ღიავდება და ბოლოს თითქმის თეთრი ფერის არშიად იქცევა.

9) მადამ ბოზარჯიანცის სახლი

–  მადამ ბოზარჯიანცი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცის, თამბაქოს მწარმოებელი ნიკოლოზ ბოზარჯიანცის მეუღლე იყო. ეს სახლი დანიელ ჭონქაძის ქუჩაზე მდებარეობს და იგი ნიკოლოზ ბოზარჯიანცმა მეუღლეს ქონების დაცვის მიზნით ოფიციალურად უსახსოვრა, თუმცა ეს მცდელობა ამაო გამოდგა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ყველაფერი სახელმწიფომ დაიღო და მისგან მხოლოდ 2 ოთახი დატოვა. სახლის წინ მყუდრო ბაღია გაშენებული. სახლს ლათინური Т-ს ფორმა აქვს. ფლიგელი, როგორც ჩანს, მოსამსახურეების საცხოვრებლად იყო ჩაფიქრებული.

 

10) ბრილიანტის სასახლე

– მდებარეობს ჭონქაძის ქუჩაზე. პირველი შენობა ეკუთვნოდა გერმანელ ინჟინერს, რომელმაც რამდენიმე წელი გაატარა საქართველოში. მოგვიანებით, შენობა ირანელ კაცზე გაიყიდა, რომელიც 1933 წელს ნობელის მშვიდობის პრემიაზე იყო წარდგენილი.

1892 წელს შენობა ოფიციალურად გაიხსნა. ამბობდნენ, რომ გახსნის ცერემონია უპრეცედენტო ფუფუნება იყო.

შიდა ბაღშიწყლის ნაცვლად ღვინოს შადრევანი იდგა. მთელი ტერიტორია იაპონური ნათურებით იყო განათებული. დღესდღეობით, შენობის მხოლოდ მცირე ნაწილია დაცული.

 

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ „Georgiastartshere-ის“ მიხედვით.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

X