Background Image

„დაემშვიდობე ბანკს“ –  პირველი ციფრული ნეობანკი საქართველოში

14:46 27 ივნისი, 2018

საბანკო სერვისები და პროდუქტები იხვეწება, დღეს ბიზნესის წარმატება გამორიცხულია, თუ ის მაქსიმალურად არ არის მორგებული თანამედროვე ადამიანის ტექნოლოგიურ მოთხოვნილებებზე.

 „სფეისი“ პირველი ნეობანკია საქართველოში, რომელიც, სულ რაღაც ერთი თვის წინ შეიქმნა და ციფრულად, ფილიალებისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, მხოლოდ მობილურ ტელეფონებში იარსებებს. რატომ არის მათი მთავარი სლოგანი, „დაემშვიდობე ბანკს“  და კონკრეტულად რას გვთავაზობს “სფეისი“ ამაზე დეტალურად პროექტის მენეჯერი, ლაშა გურგენიძე გვესაუბრა.

,,სფეისის შექმნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. ჩვენ ვგრძნობდით, რომ ყოველდღიური ბანკინგი შეიძლება ყოფილიყო უკეთესი. რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ თუ ტრადიციული ბანკური მიდგომების ჩარჩოებიდან და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოვიდოდით, ჩვენ შეგვეძლო ძალიან მოკლე ვადებში შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ნეო ბანკი, რომელიც უკეთ უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს და მიზნებს.

ამ იდეით და „სფეისის“ პირველი პროტოტიპებით, გუნდის რამდენიმე  წევრი მივედით „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტთან.  მათ დაიჯერეს ჩვენი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. რაც მთავარია, მოგვცეს დამოუკიდებლობა, რომ შეგვექმნა ისეთი ფინანსური პროდუქტი, რომელიც ჩვენ როგორც მომხმარებლებს გვჭირდებოდა და მოგვეწონებოდა.

ამის შემდეგ იყო სტარტაპის შექმნის ძალიან საინტერესო პროცესი. ჩვენი პირველი ოფისი იყო პატარა ოთახი ტექნოპარკში. ვფიქრობ ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩვენი, როგორც ახალი ტიპის ბანკის ჩამოყალიბებაში. ძალიან მალე ჩვენ გარშემო შეგროვდა ახალგაზრდა პროფესიონალების, სუპერ კრეატიული და არაორდინალური გუნდი, რომელიც მზად არის გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა ტექნოლოგიების, დიზაინის და კრეატიული აზროვნების გამოყენებით.

„სფეისი“ არის ბანკი, რომელიც არსებობს მხოლოდ შენს ტელეფონში, იმისათვის რომ აღარასდროს მოგიწიოს ფილიალში მისვლა და დროის ხარჯვა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ბანკის მომხმარებელი ხარ, ან სად გერიცხება ხელფასი.

„სფეისში“ შენ შეგიძლია გააერთიანო შენი ყველა საბანკო ბარათი ერთ აპლიკაციაში და გამოიყენო ისინი სასურველი ოპერაციის განსახორციელებლად. მაგალითად, გადარიცხო თანხა ბარათიდან ბარათზე ან გაუგზავნო ფული შენს მეგობარს სმს-ით, ფეისბუქით ან სხვა მესენჯერის საშუალებით.

თუ სესხის აღებას გეგმავ, შეგიძლია, ისარგებლო მარტივი და მომენტალური სესხით ისე, რომ სისწრაფეში ზედმეტი თანხა არ გადაიხადო, თან მაშინაც, როცა არ გაქვს საკრედიტო ისტორია ჩვენთან ან წინასწარ დამტკიცებული სესხი.

„სფეისში“ გვჯერა, რომ უკვე დაიბადა ადამიანი რომელსაც არ ემახსოვრება, რომ ოდესღაც ანგარიშის გასახსნელად, ფულის გადასარიცხად ან სესხის ასაღებად ხალხს ბანკის ფილიალებში სიარული და ლოდინი უწევდა“.

„სფეისს“ არ აქვს ფილიალები, შესაბამისად მომხმარებლების რეგისტრაციაც, ანგარიშის გახსნა, ან ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება შესაძლებელია მობილური ტელეფონის საშუალებით. ამისთვის საჭიროა გადმოწეროთ „სფეისის“ აპლიკაცია App Store ან Google Play-დან, ID ბარათის და სელფის საშუალებით გაიარო ვერიფიკაცია და გახდეთ „სფეისის” მომხმარებელი.

ამის შემდეგ, თქვენ მიიღებთ სრულფასოვან საბანკო ანგარიშს და ვიზა კლასიკის ტიპის, უფასო ბარათს, რომელსაც ფოსტით მოგაწვდიან თქვენს მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.

 

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

 

 

კომენტარები

X