Background Image

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ეწვია

13:52 24 მაისი, 2018

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას  ეცნობიან.
18 კაციანი ჯგუფი საქართველოს მიმდინარე კვირაში სტუმრობს.

გაცნობითი ტურის ფარგლებში მაგისტრანტები ეწვივნენ ქართლს, კახეთს, სადაც მოინახულეს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას, დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები.  OIV-ის წარმომადგენლები ეწვიენ შემდეგ კომპანიებს: „ორი მარანი“, „შუმი“, „ფაფარი ველი“, „ორგო“, „მევენახეობა ვაზიანი“, „წინანდლის მეღვინეობა“, „ბაგრატიონი-1882“, „შატო მუხრანი“, ასევე მექვევრე ზაზა კბილაშვილს. სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინის დაგემოვნებამ და დამზადების ტექნოლოგიამ მოახდინა.
თბილისში დაათვალიერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობიან.   OIV-ის მაგისტრანტები უკვე მესამე წელია სტუმრობენ საქართველოს. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველო  სასწავლო პროგრამის სავიზიტო ქვეყნების სიაში 2016 წლიდან ჩართო.

 

,,ღვინის ეროვნული სააგენტო”

 

 

 

კომენტარები

X