Background Image

ზაფხულში წასაკითხი წიგნები

13:34 11 ივლისი, 2018

გთავაზობთ 10 წიგნს, რომელთა თარგმანები ქართულ ენაზე 2017-2018 წელს გამოიცა და რომელთა წაკითხვა ამ ზაფხულს და წელიწადის სხვა ნებისმიერ დროსაც ნამდვილად ღირს.

 

“ჩვენ” ევგენი ზამიატინი   

ევგენი ზამიატინი  ის მწერალია, რომელზეც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსამართლოდ არის მივიწყებული ან ის, რომ “გამოგვრჩა”. ეს დიდად გასაკვირი არც არის, რადგან მისი მთავარი ნაწარმოები – “ჩვენ” საბჭოთა ცენზურას შეეწირა. ქართველი მკითხველისთვის ის ხელშესახები არც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამხდარა. არადა ზამიატინი ამ ნაწარმოებით ჯორჯ ორუელის “ნათლიადაც” შეგვიძლია მივიჩნიოთ.  ეპოქის შედევრი ქართულად პირველად ითარგმნა.

“ალექსის ზორბასის ცხოვრება” ნიკოს კაზანძაკისი

დიდ ბერძენ მწერალ ნიკოს კაზანძაკისს (1883-1957) მსოფლიო, უპირველეს ყოვლისა, „ალექსის ზორბასის ცხოვრების“ ავტორად იცნობს. წიგნში მთხრობელი მწერალია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, ძირფესვიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება: კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს ქირაობს და „ნამდვილი საქმის“ გასაკეთებლად მიემგზავრება იქ. მართალია, საქმეში წარმატებს ვერ აღწევს, მაგრამ ბედი ახვედრებს ადამიანს, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მწერლის პიროვნებაზე. ეს ადამიანი ალექსის ზორბასია – კაცი რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, სრულიად თავისუფალია, მათ შორის მორალური აკრძალვებისგან, და რომლისთვისაც დიდი განსხვავებაა არაა ღმერთსა და ეშმაკს შორის.

“უკვდავება” მილან კუნდერა                                                                                                                           

 თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწერლის, მილან კუნდერას რომანი „უკვდავება“  გამოსვლისთანავე შედევრად აღიარეს. ამ წიგნმა თანაბრად ააღელვა როგორც ფრანგი ინტელექტუალები და ლიტერატურის მკვლევრები, ასევე ის მკითხველები, რომლებიც  მწერლის ახალ ნამუშევარს მოუთმენლად ელოდნენ. პარიზში დასახლებული დების, ანიესისა და ლორას სიყვარულისა და დაუძლეველი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების ამბავი ბუნებრივად ეხმიანება დიდი გერმანელი პოეტის, გოეთესა და მასზე შეყვარებული ბეტინა ბრენტანოს დაუვიწყარ ისტორიას. შემოქმედის უხილავი ხელი წარსულსა და აწმყოს  ოსტატურად ამთლიანებს, ადამიანსა და მის ანარეკლს კი სამუდამოდ აცალკევებს და სასწორის სხვადასხვა პინაზე ათავსებს.

“გოგონები” ემა კლაინი

ჩრდილოეთი კალიფორნია, მძვინვარე 1960-იანი წლების მიწურული. ზაფხული. მარტოსული და სევდიანი თინეიჯერი, ივი ბოიდი პარკში სუზანსა და სხვა გოგონებს ხვდება და მაშინვე მოინუსხება მათი თავისუფლებით, დაუდევრობით, გამბედაობით. ივი მალე ექცევა სუზანის გავლენის ქვეშ და ქარიზმატული ლიდერის არაორდინალურ წრეშიც ამოყოფს თავს. მთებში ჩაკარგული დანგრეული რანჩო, სადაც რეალობას მოწყვეტილი სასტიკი წინამძღვრის ნების უსიტყვო მორჩილნი აფარებენ თავს, ივის ეგზოტიკურად, ამაღლებულად და გასაოცრად ეჩვენება და, რანჩოს მცხოვრებლებთან ერთად, გაუცნობიერებლად უახლოვდება შემზარავ ძალადობას… გოგოს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება…
დებიუტანტი მწერლის, ემა კლაინის „გოგონები“ 1969 წლის აგვისტოში ლოს-ანჯელესში დატრიალებულ გახმაურებულ ტრაგიკულ ამბებს ეხმიანება, თუმცა მოვლენებს სულ სხვა კუთხით გვაცნობს. რომანი 2016 წელს გამოიცა და მალევე აალაპარაკა მთელი მსოფლიო. წიგნს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

“შტილერი”  მაქს ფრიში   

მისტერ ვაითს შვეიცარიის პოლიცია საზღვარზე აპატიმრებს, რადგან იგი უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქანდაკე, ძებნილი ანატოლ შტილერი ჰგონია. მისი ძმა, მეუღლე და ძველი მეგობრები ამ ეჭვს ამტკიცებენ. მისტერ ვაითი კი თავგამოდებით ეწინააღმდეგება ამ ეჭვს და ციხეში გაკეთებულ ჩანაწერებში დაუღალავად იმეორებს: „მე არ ვარ შტილერი“. იგი ცდილობს, დაამსხვრიოს სხვების თვალში მის შესახებ ჩამოყალიბებული ხატი და შეინარჩუნოს არჩევანის თავისუფლება, იყოს ან გახდეს სხვა. 1953-54 წლებში შექმნილ ამ რომანს გასდევს ის მოტივები, რომლებიც ფრიშის შემოქმედებას XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში ყველასგან გამოარჩევს; ესაა ადამიანის იდენტობის ძიება, საკუთარი ბიოგრაფიის შექმნა, სხვადასხვა როლის მორგება და მთელი ცხოვრებისა თუ ცხოვრების ნაწილების ჩანაცვლების მცდელობა.

“აღქმის კარები.სამოთხე და ჯოჯოხეთი” ოლდოს ჰაქსლი 

დიდი ინგლისელი მწერლის, ფილოსოფოსისა და ინტელექტუალის, ოლდოს ჰაქსლის ორი მცირე ესეი – „აღქმის კარები“ (1954) და „სამოთხე და ჯოჯოხეთი“ (1956). ეს ესეები ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების გამომწვევი აღმოჩნდა ჩვენი თანამედროვე კულტურის ჩამოყალიბებისათვის.

წიგნში მოთხრობილია ავტორის პირადი ფსიქოდელიური თავგადასავალი, რომელიც მან ნარკოტიკული საშუალება მესკალინის მიღების შემდეგ განიცადა. ის აღწერს, როგორ გარდაქმნის ნარკოტიკი ჩვენს აღქმის უნარს, თუ როგორ მოგვეცემა მისი საშუალებით საკუთარი ცნობიერებისა თუ გარესამყაროს შესწავლის შესაძლებლობა. ამასთან, უამრავი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ჰაქსლი ცდილობს ხელოვნების ქმნილების დანიშნულების განსაზღვრასაც, რომელიც განსხვავდება ყველა იმ განსაზღვრებისაგან, რომელიც ხელოვნებათმცოდნეების წიგნებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ერთი სიტყვით, თავად ეს წიგნიც ერთგვარი მოგზაურობაა, რომლიდან დაბრუნების შემდეგ ყურადღებიან მკითხველს ბევრი რამე სახეცვლილი დახვდება – თითოეული ხელოვნების ქმნილება, თითოეული საგანი ჩვენ გარშემო, საკუთარი თავიც კი. ეს ყველაფერი შეიძენს იმ მნიშვნელობას, რომელიც შესაძლოა სამუდამოდ შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
“თუ ზამთრის ღამით მოგზაური” იტალო კალვინო
პოსტმოდერნული რომანი. ჰიპერრომანი. მეტარომანი. ათასნაირად მოინათლა კალვინოს ეს წიგნი გამოსვლისთანავე. მკითხველი მინიშნებას, დახმარებას, ინტერპრეტაციის გასაღებს, მწერლის განზრახვას ეძებს ამ წიგნში, გზას, რომელსაც დაადგება, ამბავს, რომელსაც დაამთავრებს. ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უცნაურ ენობრივ და სტილისტიკურ თამაშს, გამოაღწიოს დაწყებული, ერთმანეთში გადამავალი და უკვალოდ გამქრალი ამბების ხლართიდან, არ შეეგუოს აზრს, რომ მის ცნობისმოყვარეობას დაკმაყოფილება არ უწერია. დაბოლოს, როცა წიგნს ხურავს, ხვდება, რომ იმ გზის გასავლელად, იმ წრედის შესაკრავად სულაც არ ყოფილა აუცილებელი ამბის დასრულება. მეტიც: ისიც კი არ ყოფილა აუცილებელი, ამბავს დასასრული ჰქონოდა.
“რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე”რეიმონდ კარვერი
ამერიკელი მწერალი და პოეტი რეიმონდ კარვერი (1938-1988) მოთხრობის ჟანრის ოსტატია. წინამდებარე კრებულში, რომელიც 1981 წელს გამოქვეყნდა, თავს იჩენს კარვერის მხატვრული აზროვნების ყველაზე ტიპური ნიშნები: მინიმალისტური სტილი და ღრმა ქვეტექსტი, რომლის ამოცნობას მწერალი მკითხველს ანდობს. კარვერის მოთხრობების პერსონაჟები არიან სასოწარკვეთილი, ცხოვრებისგან გაუბედურებული ადამიანები, რომლებიც ძუნწად გამოხატავენ თავიანთ აზრებსა და განცდებს, მაგრამ ეს სიტყვაძუნწობა ძალზე შთამბეჭდავი და მრავლისმეტყველია. რეიმონდ კარვერის თითოეული მოთხრობა ღრმააზროვანი ენიგმაა, რომელიც გვაიძულებს, ახლებურად გავიაზროთ მარადიული თემები: სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული…
“გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს” სუზანა კეისენი
ალბათ, ყველას გვაქვს კითხვები ჩვენს ცხოვრებასთან. ალბათ, ყველას გვაქვს შიშები, რომელთათვისაც თვალის გასწორება არ გვინდა. ალბათ, ყველას გვიფიქრია, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, თუკი საკუთარ თავს ხელს გავუშვებდით და უფლებას მივცემდით, გონების ყველაზე ბნელ კუნჭულებში ჩაეღწია. სუზანა კეისენის „გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ სწორედ ის წიგნია, რომელიც მკითხველს ყველა გასაქცევ გზას უჭრის და სიმართლეს მშვიდი, სასტიკი ტონით უყვება. აქ ჩვენი ალტერნატიული ცხოვრებაა, ყველა იმ ადამიანის, ვისაც ოდესმე მაინც უფიქრია, რომ ის, რაც მის თავს ხდება, შეიძლება, სულაც არ იყოს სხვების რეალობაც. „გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ სასოწარკვეთის, გადარჩენის, საკუთარი თავისგან გასვლისა და დაბრუნების, და ყველაზე უცნაური მეგობრობის ნამდვილი ამბავია, ამბავი, რომელსაც სხვა წიგნის ფურცლებზე ვერ ამოიკითხავთ.
“პანი” კნუტ ჰამსუნი 
უდიდესი ნორვეგიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კნუტ ჰამსუნის (1859-1950) შემოქმედებაში „პანს“ გამორჩეული ადგილი უჭირავს. მასში სრულად და ზუსტად აისახა მწერლის შემოქმედების მთავარი თემები – თემა სიყვარულ-სიძულვილისა და ზეადამიანისა, რომელსაც ხელეწიფება როგორც გმირობის, ასევე დანაშაულის ჩადენა. წიგნის მთავარი გმირები ლეიტენანტი თომას გლანი და ადგილობრივი ვაჭრის, მაქის ქალიშვილი ედვარდა არიან. რომანიც მათი მგზნებარე და დაუნდობელი სიყვარულის და, ზოგადად, ადამიანის გონების ლირიკული აღწერაა. მოქმედება ჩრდილოეთ ნორვეგიაში ვითარდება, ნურლანდის ტყისა და ზღვის ფონზე, რომელთა სილამაზესაც ჰამსუნი მსუყე ფერებით გვიხატავს. მწერლის მიზანი მცირე მოცულობის, ყოველგვარი პოლემიკისგან დაცლილი ლირიკული ნაწარმოების შექმნა იყო. „პანი“ მიიჩნევა ნეორომანტიკის სახარებად, რომლის თითოეული თავი პოეზიის ნიმუშია.

 

ავტორი: თიკა ნიკოლაძე

 

 

კომენტარები

X