Background Image

თბილისში ქართველი დიზაინერის „სმაკი”-ს პირველი მაღაზია იხსნება

11:09 3 ივნისი, 2018

მაია სირაძე, იგივე „სმაკი“ ახალგაზრდა ქართველი დიზაინერია, რომელიც მომხმარებლებს არაორდინალური და ორიგინალური სტილის სამოსს სთავაზობს. მისი პროდუქცია იმდენად ფერადი და განსხვავებულია, შეუძლებელია ერთი შეხედვითაც არ მიხვდე, რომ ის „სმაკის“ დიზაინითაა შექმნილი.

2011 წლიდან დღემდე ის მხოლოდ საკუთარი შრომით ქმნის ყველაფერს და ამ ხნის განმავლობაში მიწვეული იყო ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონის, ვანკუვერის, ლოს-ანჟელესის მოდის კვირეულებზე. მათთვის ვინც, „სმაკის“ დიზაინით შექმნილი სამოსის თაყვანისმცემელია, myrest.ge-ს სასიამოვნო სიახლე აქვს, დაახლოებით 10 დღეში, ივნისის დასაწყისში მისი მაღაზიის გახსნა იგეგმება, გოგებაშვილის 22 ნომერში.

ამის შემდეგ,  კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიყვარებს „სმაკის“ არაორდინალურ სამოსს. ახალ კოლექციასა და სხვა დეტალებზე, დიზაინერი თავად მოგიყვებათ.

„ზოგადად ფერები დიდ ენერგეტიკას მმატებს, ბავშვობიდან მინდოდა დიზაინერობა და სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სამხატვრი აკადემიაში ჩავაბარე, მოდის დიზაინის ფაკულტეტზე, სადაც უამრავი პროფესიული საკითხი შევისწავლე. მოდელებზე მხოლოდ მე ვმუშაობ, ვიღებ შეკვეთებს და 3-4 დღის განმავლობაში ვასრულებ.

რაც შეეხება მაღაზიას, ძალიან მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა, გახსნასთან ერთად, რა თქმა უნდა მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ჩემი ახალი კოლექცია, ახალი პრინტებითა და დიზაინით, კაბები, ბოდეები, ტოპები, პიჯაკები და ა.შ. მასალად ძირითადად ტყავს, ძაფებს, ნაქსოვ დეტალებსა და სხვადასხვა ნაჭრებს ვიყენებ. ჩემი დიზაინით შექმნილი სამოსის შეძენა 110 ლარიდან 300 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი“.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

კომენტარები

X