Background Image

თბილისში ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი პირველი ფიტნეს კლუბი გაიხსნება

11:29 6 ივლისი, 2018

სულ, მალე საქართველოში, კერძოდ თბილისში პირველი ინოვაციური ფიტნეს კლუბი გაიხსნება, სადაც ასევე შოურუმიც განთავსდება. მისი კონკურენტული უპირატესობა  ციფრულ ტექნოლოგიაშია. იდეას, რომელიც ქართველ სტარტაპერს, შოთა კვარაცხელიას ეკუთვნის, ანალოგი მსოფლიოს არცერთ ფიტნეს დარბაზში არ ჰყავს. თუმცა, სანამ უშუალოდ ფიტენს კლუბზე გიამბობთ, მანამდე გეტყვით, თუ რატომ გადაწყვიტა შოთამ მსგავსი პროექტის შექმნა.

კომერციული ფიტნეს ინდუსტრია ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვითარდება და მსოფლიო მონაცემებით აღნიშნული ინდუსტრიის ზრდის კოეფიციენტი 5.5% -ია. მიუხედავად ამისა სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისახება, მათ შორის ერთ-ერთი, ფიტნეს კლუბებიდან მომხმარებელთა გადინება გახლავთ. მიზეზი მარტივია – რუტინული ვარჯიში, ერთფეროვნება, სავარჯიშო პროგრამების არაეფექტურობა და  ქაღალდზე შესატანი შედეგების  მოსაბეზრებელი პროცესი.

შედეგად, ციფრები აჩვენებს, რომ  ვარჯიშის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მომხმარებელთა 44%-ი ფიტნეს კლუბს ტოვებს, ხოლო 27% იშვიათად დადის სტუმრობს სავარჯიშო დარბაზს.  ირკვევა ისიც, რომ ფიტნეს კლუბების დანახარჯების 90% არის ფიქსირებული და მათ ესაჭიროებათ მეტი მომხმარებელი, რათა სფერო მეტად მომგებიანი გახდეს.

სწორედ ამ მონაცემების გასაუმჯობესებლად და სწორედ მომხარებელთა სურვილების დასაკმაყოფილებლად, ქართველმა სტარტაპერმა შექმნა ინოვაციური პროექტი – ვარჯიში ციფრული სისტემით, ე.ი. ფიზიკური მონაცემები ციფრულ ინფორმაციად გარდაიქმნება.

შოთა კვარაცხელია პროცესიით ფინანსისტია. ორი წლის წინ, როცა ფიტნეს დარბაზში პირველად მივიდა და ვარჯიში დაიწყო, მისთვის გაუგებარ სირთულეს წააწყდა. იძულებული გახდა თითეული მონაცემი ქაღალდზე ან მობილურში ჩაეწერა, რაც დროსაც აკარგვინებდა და დისკომფორტსაც უქმნიდა.

 

შოთა კვარაცხელია: „გამიჩნდა კითხვა – რატომ არ აღრიცხავდა ის ტრენაჟორები, რომლითაც ვვარჯიშობდი,  ავტომატურ რეჟიმში ჩემი ვარჯიშის მონაცემებს და დეტალებს. შემდგომ ინტერნეტში დავიწყე მოძიება, არსებობდა თუ არა სავარჯიშო ტექნოლოგია, რომელიც ჩემს პირად ინფორმაციას ჩაიწერდა. აღმოჩნდა რომ არც საქართველოში და არც მსოფლიოში მსგავსი დანადგარი არ არსებობს.

შესაბამისად, რამდენიმე ხანი ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ეს რეალობად მექცია, დავეუფლე პროგრამირებასაც და საბოლოოდ შევქმენი რამდენიმე მოწყობილობა, რომელიც ამ ამოცანას სრულფასოვნად ართმევს თავს. შემდგომ გუნდის წევრებიც შემომემატნენ და ტექნოლოგიის დახვეწაზე ერთად დავიწყეთ ზრუნვა. 

ჩვენი გადაწყვეტილება უნიკალურია იმ კუთხით, რომ  ყოველ სავარჯიშო მოწყობილობაზე განთავსებულია მონიტორი, სადაც ავტომატურად იტვირთება სავარჯიშო პროგრამა  და მომხმარებელი  მას  მისდევს ვარჯიშის პროცესში.

მისივე თქმით,   ვარჯიშის ყველა მოქმედება მონიტორზე მომენტალურად აისახება, მათ შორის ტვირთის წონა, ვარჯიშის დრო, დახარჯული კალორია, მისვლის რაოდენობა, აზიდვების რაოდენობა და ა.შ. აღნიშნული ინფორმაცია კი ციფრულ ფორმატში იგზავნება ავტომატურად მომხმარებლის პირად ანგარიშზე, რომლის ნახვაც უკვე შესაძლებელია მობილური აპლიკაციიდან ან ვებ-გევრდიდან.  ყველაფერთად ერთად ინოვაციური  ტექნოლოგია ამ ყველაფერს სხვა ფიტნეს ტრეკერებისაგან განსხვავებით ისეთი მაღალი სიზუსტით აკეთებს, რომ კონკურენტი ფაქტობრივად არ ჰყავს.

მაგალითისთვის, მაშინ, როცა სმარტ საათები ტაშის დაკვრასაც და სიცილსაც  ვარჯიშად აღიქვამენ,  Gymstinct-ის საშუალებით  ნებისმიერი ტიპის ვარჯიშის სისწორე და მისი ეფექტურობასაც  ზუსტად იზომება.

როგორც სტარტაპერი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, იდეის მთავარი მიზანი მთლიანი პროცესის გამარტივებაა, რასაც შეუძლია ფიტნეს  კლუბებიდან იმ გადინებული მომხმარებლის დაბრუნებაც, რომელზეც მსოფლიო სტატისტიკა მუდმივად საუბრობს.

„ჩვენი მიზანია ვარჯიში იყოს სახალისო პროცესი, შემცირდეს რუტინა, ქაღალდიდან ან მობილური აპლიკაციიდან ინფორმაციის კითხვა და  ვარჯიშის შედეგების ხელით შეყვანა. მეტი სტიმულირებისთვის ვქმნით პროგრესის მონიტორინგის სისტემებსსაც, შეჯიბრებებს; სხვადასხვა მიღწევაზე ვაჯილდოებთ მომხმარებელს. მოკლედ, ვცდილობთ, ეს ყველაფერი იყოს ეფექტურიც და თან ძალიან დიდი სტიმულის მომცემიც“,- განმრტავს სტარტაპერი.

 

ახალმა სტარტაპმა „Gymstinct“-მა ამ ეტაპზე უკვე შეიმუშავა 20 ტრენაჟორის ტექნოლოგიური ნახაზი, ასევე 3 პროტოტიპი, რომელიც სრულად ფუნქციონირებს პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით. ქართული ინოვაციით, რომელიც გლობალური პოტენციალის მქონეა, უკვე 9 ქვეყნიდან საექპორტო ბაზრებიც დაინტერესდნენ, თუმცა როგორც შოთა აღნიშნავს, ყველაფრის დაწყება სტარტაპერს მაინც საქართველოდან სურს.

 

შოთა კვარაცხელია: „რეალურად უცხოეთში უკვე მოკვლეული გვაქვს რამდენიმე რეალური ვარიანტი და პოტენციური შემსყიდველებისგან დაინტერესება ნამდვილად დიდია, თუმცა ამ შემთხვევაში მომიწევს ბიზნესის გარეთ გატანა. არადა, ვისურვებდი, რომ ყველაფერი საქართველოდან დაწყებულიყო, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ  ადგილობრივი ბიზნეს სექტორიდან და საჯარო უწყებებიდანაც  იქნება დაინტერესება“.

პირველი ციფრული ფიტნეს კლუბის გახსნას კომპანია „Gymstinct“-ი წლის ბოლოს გეგმავს. ამ ეტაპზე მდებარეობა შერჩეული არ არის, თუმცა ცენტრის გახსნის შემდეგ მომდევნო სამოქმედო გეგმაც უკვე გაწერილია.

 

შოთა კვარაცხელია: „ჩემი გუნდი დარწმუნებულია, რომ პროექტი რეალობად იქცევა, ამიტომაც ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. როცა პროექტი ექსპლუატაციაში ჩაეშვება ვაპირებთ დავამატოთ კიდევ მრავალი ფუნქცია, ახალი ტიპის სავარჯიშო მოწყობილობები, მათ შორის კუნთოვანი  და ცხიმოვანი მასის ავტომატური საზომი ხელსაწყო, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს აკონტროლოს საკუთარი სხეულის პარამეტრები ძალიან მარტივად ვირტუალური ანგარიშიდან.

ასევე იგეგმება ბაზარზე არსებული სხვა ფიტნეს მოწყობილობების (სმარტ საათები, სმარტფონები და ველოკომპიუტერები) ინტეგრირება ჩვენს სისტემაში, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს ყოველგვარი ფიტნეს ინფორმაცია ერთ ანგარშზე ჰქონდეს თავმოყრილი. მიმდინარე ეტაპზე კი ვმუშაობთ ე.წ. HIT ტრენაჟორის შექმნაზე, რომელშიც გაერთიანდება 6 განსხვავებული მიმართულების სავარჯიშო მოწყობილობა და ორიენტირებული იქნება მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებზე.

ამ შემთხევაში აქცენტი დასმულია ვარჯიშისა და გართობის პროცესის გაერთიანებაზე, რაც უფრო სწრაფად აკეთებ მოძრაობებს, მით მეტ ქულას იღებ. ბოლოს დგინდება რეიტინგიც, რომლითაც შეგიძლია მეგობრებს გაეჯიბრო, ყველაზე წარმატებულებს კი ვირტუალური და ასევე ნამდვილი პრიზებით დავასაჩუქრებთ.

 

 

 ,,კომერსანტი” – სალომე ლემონჯავა

 

 

 

 

კომენტარები

X