Background Image

„თელავის ღვინის მარანი“ – 8 მლნ ლიტრიანი ღვინის რეზერვუარებითა და 1000 – მდე მუხის კასრით

15:38 13 აპრილი, 2018

„თელავის ღვინის მარანი“ ღვინის მრეწველობის ერთ-ერთი უძველესი საწარმოა და კახეთში, სოფელ კურდღელაურში მდებარეობს. მარნის შენობა 1915 წელს დაარსდა, 1917 წელს კი მოხდა მისი ნაციონალიზაცია. მომდევნო წლების განმავლობაში საწარმო ფუნქციონირებდა სახელმწიფო დაქვემდებარებაში, 1969 წელს კი აშენდა კურღელაურის ღვინის ქარხანა, სადაც ხდებოდა ყურძნის მიღება-დამუშავება და ღვინის გადატვირთვა დასაძველებელ და ჩამოსასხმელ საწარმოებში. 1995 წლიდან  საწარმოს დაუბრუნდა პირვანდელი სახელწოდება „თელავის ღვინის მარანი“ და ჩატარდა მისი სრული ტექნიკური რესტავრაცია. კომპანია აღიჭურვა ყურძნისა და ღვინის გადამამუშავებელი თანამედროვე დანადგარებით.

როგორც ჩვენთან საუბრისას კომპანიის მენეჯერმა, სოფო მაჩურიშვილმა აღნიშნა, ქარხანა აღიჭურვა ტემპერატურის სრული კონტროლის სამაცივრე სისტემით, უჟანგავი ფოლადის ცისტერნებით, 1000-მდე ღვინის სადუღარითა და მუხის კასრით.

„1995 წლიდანვე აღდგა ძველი ქვევრის მარანი, დაინერგა წარმოების სრული ციკლი –  ვაზის ნერგის გამოყვანიდან, ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე და შეიქმნა ვაზის სანერგე მეურნეობა. წელიწადში ვუშვებთ 70 სხვადასხვა დასახელების 5.0 მლნ-ზე მეტ ბოთლ ღვინოს სავაჭრო ნიშნით „მარანი“ და „სატრაპეზო“. გარდა ამისა ვაწარმოებთ ალკოჰოლურ სასმელებსაც, ჭაჭის არაყს, ბრენდსა და ცქრიალა ღვინოს.

გამოშვებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი საექსპორტოა და იგზავნება მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: აშშ, ბალტიისპირეთი, იაპონია, ინგლისი, კანადა, პოლონეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, შვეიცარია, ჩინეთი, ჰოლანდია და ა.შ.  სიახლისაკენ სწრაფვა და მუდმივი ძიება არის თელავის ღვინის მარნის განვითარების და წინსვლის განუყოფელი ნაწილი, მისი დაარსებიდან დღემდე.  – განმარტა სოფო მაჩურიშვილმა.

„თელავის ღვინის მარანის“ პროდუქციას საერთაშორისო კონკურსებსა და დეგუსტაციებზე მიღებული აქვს 500-ზე მეტი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო და მათი ღვინოები შეტანილია წიგნში „მსოფლიოს 100 საუკეთესო ღვინო“. ამჟამად კომპანია 300 ჰექტარ ვენახს ფლობს წინანდალის, მუკუზანისა და ქინძმარაულის ზონებში, გაშენებულს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ყურძნის ჯიშებისგან.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

იხილეთ ფოტოგალერეა:

კომენტარები

X