Background Image

ისტორია და ფაქტები – როგორ მზადდება და რომელ ქვეყანაში ჩამოასხეს პირველი ვისკი?

14:44 26 ივნისი, 2018

ირლანდიელი ისტორიკოსები წერენ რომ ,,მწვანე კუნძულზე” დისტილაციის მეთოდი თავად წმინდა პატრიკის ხელმძღვანელობით, მისიონერმა ბერებმა ჩამოიტანეს იორდანიიდან, სადაც  ყველაფერი ჯვაროსნებისგან უსწავლიათ.

თუ გავიხსენებთ იმასაც რომ St. Patrick-ი  ირლანდიის მფარველ წმინდანად მოიაზრება, ეს ვერსია მიკერძოებული ჩანს და შესაბამისად ნაკლებად სანდოა. ლოგიკურია რომ ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან შოტლანდიელები და უკვე საუკუნეებია აპროტესტებენ.

რა თქმა უნდა არსებობს შოტლანდიური ვერსიაც: თავდაპირველად დისტილაციის დანადგარი შოტლანდიაში შეიტანეს ქრისტიანმა ჯვაროსნებმა,  შოტლანდიელი ბერები მონასტრებში მას სამკურნალო საშუალებად გამოიყენებდნენ . ვისკი ისეთი პოპულარული სასმელი გახდა, რომ მას შოტლანდიელებმა სიცოცხლის წყალი (uisge beatha კელტურად) დაარქვეს. სულ მალე კი ეს სახელწოდება ინგლისელმა დამპყრობლებმა Whisky-თ ჩაანაცვლეს.

ირლანდიურ და შოტლანდიურ ვისკებს შორის არსებობს მთავარი განსხვავება:

  • შოტლანდიური ვისკი დისტილირდება ორჯერ, ხოლო ირლანდიური – სამჯერ.

ორიოდ სიტყვით დისტილაციის შესახებ:

აუცილებელია ვიცოდეთ რომ დისტილაცია არის პროცესი რომლის გარეშეც ვისკი, როგორც სასმელი არ იარსებებდა. შესაბამისად ის ვინც პირველმა გამოიყენა ეს მეთოდი, ამ უნიკალური სასმლის შემქმნელია. სწორედ ამიტომ აქვთ მრავალსაუკუნოვანი დავა ირლანიელ და შოტლანდიელ ისტორიკოსებს.

მოკლედ თუ როგორ მზადდება ვისკი:

ქერის ალაოს მომზადება: ალაოს მისაღებად, წყალში ალბობენ ქერის მარცვლებს და შემდეგ ტოვებენ ერთი კვირის განმავლობაში გასაზრდელად.

გაშრობა: შემდეგში გაზრდილ მარცვლებს, აშრობენ ან ცეცხლმოკიდებულ ტორფზე ან სპეციალურ ღუმელებში.

ნაყენის მიღება: გაშრობის შემდეგ, მიღებულ ალაოს ასხამენ ცხელ წყალს და აღნიშნულ ნარევს აჩერებენ 8-12 საათის განმავლობაში.

ფერმენტაცია: მიღებულ ნაყენს ასხამენ დიდ ჭურჭელში და შემდეგ ამატებენ საფუარს. შემდგომ 30-35 გრადუს ტემპერატურაზე, 2 დღის მანძილზე მიმდინარეობს დუღილის პროცესი, რის შემდეგადაც წარმოიქმნება დაბალ ალკოჰოლიანი 5 %-იანი სპირტიანი სასმელი, რომელსაც ეძახიან ალაოს რძეს.

დისტილაცია: ალაოს რძეს შემდეგში ათავსებენ სპეციალიზებულ სადისტილაციო დანადგარებში. პირველადი დისტილაცია ხდება აპარატის ნაწილში, რომელსაც ეწოდება wash still, რომელსაც გამოჰყავს შედარებით დაბალ ალკოჰოლიანი 25-30 %-იანი სპირტი, ხოლო მეორადი დისტილაცია ხდება აპარატში, რომლის სახელწოდებაა spirits still. ამ აპარატიდან მიღებული სპირტი არის 70 %-იანი,  (ირლანდიური ვისკის შემთხვევაში დისტილაცია ხდება 3 ჯერ).

ეს არის ვისკის დაყენების ძირითადი პრინციპი. ამის შემდეგ კი ხდება სპირტიანობის რეგულაცია სასმელში დაძველება ჩამოსხმა, და ა.შ. რომლის მეთოდებიც დაუთვლელია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული წესით ხდება. მაგალითად  ამერიკული ვისკი კასრში ჩასხმამდე , სპეციალურად მომზადებულ ნახშირზე გადის მაღალი დონის ფილტრაციის ეტაპს.

დღესდღეობით შოტლანდიაში,  90-მდე ვისკის მწარმოებელი კომპანიაა, ხოლო ირლანდია ამ მხრივ ბევრად ჩამორჩება და  მსოფლიო ბაზარზე 12-მდე ძირითადი მწარმოებლით ფიგურირებს.

ვისკი ასევე იწარმოება : აშშ-ში, კანადასა და იაპონიაში.

მაგრამ ზემოთხსენებული ირლანდიური ან შოტლანდიური ლეგენდების გარდა, არსებობს ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ პირველი ლიცენზია რომელიც დისტილაციის უფლებას იძლეოდა, ღვინის საამქრო Old Bushmills-ს ეკუთვნის. ხოლო ეს საამქრო ირლანდიაში მდებარეობს.

დოკუმენტი 1608 წლით არის დათარიღებული, შესაბამისად არსებობს დადასტურებული ფაქტი, რომ ვისკის წარმოების ლიცენზია პირველად 1608 წელს ირლანდიაში გასცეს.  თუმცა ეს დოკუმენტი შოტლანდიელებისთვის საკმარისი არ არის, ვინაიდან ჯერ კიდევ უცნობია თუ ვინ შექმნა ან საიდან მოხვდა ირლანდიაში პირველი დისტილაციის დანადგარი.

აღსანიშნავია ისიც რომ შოტლანდიურ ისტორიულ წყაროებშიც დაახლოებით 1600-1700 წლებში ჩნდება ვისკი როგორც ფართოდ მოხმარებადი სასმელი, მაგრამ განსხვავებით ირლანდიური დოკუმენტისგან, წარმოებისა ან წარმოშობის კუთვნილების შესახებ არაფერი წერია.

შესაბამისად  ვისკის თავდაპირველი წარმოების შესახებ, ირლანდიურ-შოტლანდიური მძაფრი კამათი დღემდე არ წყდება.

 

 

 

 

კომენტარები

X