Background Image

მზიურში “მზის ამოსვლამდეს” უჩვენებენ

17:30 1 აგვისტო, 2018

პარასკევს, 3 აგვისტოს, საღამოს 20:40 საათზე მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში, რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმს “მზის ამოსვლამდე” უჩვენებენ. ფილმი 1995 წელს არის გადაღებული, მისი ხანგრძლივობა 1 საათი და 45 წუთია და “მზიურში” მას ქართულ ენაზე უჩვენებენ. ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართება.

ფრანგი გოგო და ამერიკელი ბიჭი ერთმანეთს მატარებელში ხვდებიან, მაგრამ „მზის ამოსვლამდე“ ისეთი რომანტიული ფილმი არ გეგონოთ, სადაც ცრემლები, ვარდები, სერენადები ან დრამა ჭარბობს. ეს არის გულწრფელი, რეალისტური ისტორია გოგოსა და ბიჭის შეხვედრაზე, მათ ოცნებებზე, სურვილებზე, შეხედულებებზე და ნამდვილ კავშირზე, რომელიც ძალიან იშვიათია. მიუხედავად მისი არასტანდარტულობისა, „მზის ამოსვლამდე“ ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ფილმადაა აღიარებული.

ჯესი და სელინი ვენაში ერთ დღე-ღამეს ატარებენ და შეიძლება ერთმანეთი ვეღარასოდეს ნახონ. „მზის ამოსვლამდე“ ყველა მაყურებლისთვის სხვადასხვა რეალურ ან წარმოსახვით შეხვედრასთან ასოცირდება და ფილმის ყოველ ნახვაზე ახალი დეტალის აღმოჩენა შეიძლება.
სეანსის ორგანიზატორები: სალომე ჯაფიაშვილი, ნიკა უხურგუნაშვილი, ანა ზერაგია.

„მზიურის თავისუფალი ჩვენებები“ იმართება პროექტ „ახალი მზიურისა“ და „ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების“ პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებით მიზნებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია adjara.net

დასწრება თავისუფალია

კომენტარები

X