Background Image

,,პანკისი საშიში არ არის” – ხადორის ხეობაში, პირველი კემპინგ ბანაკი გაიხსნა

12:23 11 ივლისი, 2018

Pankisi Camping პირველი კემპინგ ბანაკია პანკსის ხეობაში, ტერიტორია საკმაოდ დიდია, დაახლოებით 2 000 კვ. მეტრი.

ბანაკი 27 წლის მანო ქავთარაძემ და მისმა მეგობარმა, ბეგი ბორჩაშვილმა  შექმენს.

ბანაკი გთავაზობთ ყველაფერს, რაც კი მოგზაურებსა და ლაშქრობის მოყვარულებს დაგჭირდებათ:

  • ღამისთევას ალაზნის პირას, ხადორის ხეობაში.
  •  ტრადიციულ ქართულ და ქისტურ სამზარეულოს.
  • ტურებს პანკისის მთებში, თუშეთში, ხევსურეთში, უკანაფშავში.
  • ცხენების დაქირავებას / საცხენოსნო ტურებს.
  • სამთო ველოსიპედების დაქირავებას.
  • სალაშქრო ინვენტარის დაქირავებას.
  • პროფესიონალ, სერთიფიცირებულ სამთო- საფეხმავლო გიდებს.
  • ველური ბუნების ფოტოგრაფიის ტურებს.

ბანაკში ასევე შესაძლებელია, კინოჩვენებებისა და პრეზენტაციების მოწყობაც.

 

მანო ქავთარაძე გვიყვება თუ როგორ შეიქმნა პირველი კემპინგ ბანაკი პანკისში:

,,6 თვის წინ მე და ჩემმა ქისტმა მეგობარმა ბეგი ბორჩაშვილმა გადავწყვიტეთ პანკისში მოგვეწყო პირველი სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკი ჩვენსავით მთაზე შეყვარებული მოგზაურებისთვის.

ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ საზოგადოებას უკეთ გაეცნო პანკისის ხეობა, ხელი შეგვეწყო ქართველი და ქისტი ახალგაზრდების დამეგობრებისთვის და პანკისი გაგვეხადა ტურისტულად მიმზიდველი მიმართულება გაჩნდა იდეა, დამუშავდა გეგმა და დავიწყეთ მუშაობა.

ხადორის ხეობაში, ალაზნის პირას, იზოლირებულ, მყუდრო ადგილას დავიწყეთ ბანაკის მოწყობა. გავთიბეთ ბალახი, დავასუფთავეთ ტყის პირი, გავალამაზეთ ხეები, გავაკეთეთ წყარო მაგიდები და სკამები,
ხისგან ავაშენეთ ადმინისტრაციული შენობა და კაფე. ეს ყველაფერი საკუთარი ხელით და მეგობრების თანადგომით. ბანაკის განვითარება ახლაც გრძელდება და ვცდილობთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი, მყუდრო და ლამაზი გავხადოთ.

ბანაკის გახსნის დღეს მოვაწყვეთ ვაინახური კულტურის საღამო, ქისტური სიმღერებით, ცეკვით და ლექსებით, რომელსაც დაესწრნენ თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდები.
ძველებური წესით მომზადდა ქისტური ხინკალი, ქისტური ხალვა და ტრადიციული ხაჭაპურები.

ასევე, დავაგემოვნეთ ადგილზე წარმოებული უალკოჰოლო ლუდი.
მომავალში მსგავსი საღამოები კიდევ გაიმართება და ყველას შეგეძლებათ გვესტუმროთ

ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაგვიცნოს.

მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დაგვიდგა ფიზიკურად და სიტყვიერად. თქვენი მხარდაჭერით ყველაფერი გამოვიდა და მთავარი კიდევ წინ არის!

გახსოვდეთ, პანკისი არ არის საშიში!

პროექტი  USAID Zrda Activity in Georgia და Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველოსა და ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა და დიდ მადლობას უხდით მათ”.

 

 

 

კომენტარები

X