Background Image

პრობლემები მეფუტკრეობაში – რა გვიშლის ხელს ევროპის ბაზარზე გასასვლელად

13:42 18 ივნისი, 2018

საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის პრეზიდენტი რამაზ თავართქილაძე ამბობს, რომ მოსახლეობას თაფლის შესაძენი თანხა არ აქვს, რაც პროდუქტის წარმოებას ხელს უშლის. ამასთან, თავართქილაძე განმარტავს, რომ მეფუტკრეობის განვითარებისთვის აუცილებელია თაფლის ექსპორტის გაზრდა და ევროპული ბაზრის ათვისება.

„მეფუტკრეების მიერ წარმოებული თაფლის რეალიზაცია ყველა მეფუტკრეს უჭირს. საქართველოში მისი მოხმარება დღეისათვის არ არის იმ დონეზე, რომ რეალიზაცია მოხდეს, წარმოება გაიზრდება იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გაგვეხსნება გზა ევროპაში და ადამიანები გაიგებენ ქართული თაფლის შესახებ, რათა ქართულ თაფლზე მოთხოვნა გაჩნდეს. ამ შემთხევაში თაფლის წარმოება გასამმაგდება“,- აცხადებს რამაზ თავართქილაძე.

სოფელ თელეთში გიორგი კეპაშვილს მეფუტკრეობის პროდუქციების გადამამუშავებელი კომბინატი აქვს. კეპაშვილმა თაფლის წარმოება 2010 წლიდან დაიწყო. კომპანიის დირექტორი იმ მიზეზებზე საუბრობს  რაც თაფლის ექსპორტს ხელს უშლის. მისი თქმით, მეფუტკრეებს პრობლემები აქვთ პირველად წარმოებაში და შემდგომ მის გადამუშავებაში.

სხვადასხვა მიზეზების გამო, ქართული თაფლის ექსპორტის  პერსპექტივას ვერ ვხედავ. პირველი მიზეზი არის ის, რომ მეფუტკრეობის ცოდნის დონე არის ძალიან დაბალი. ამის გამო პირველადი წარმოება მოიკოჭლებს. არ იწარმოება სასურსათო თაფლი იმდენი, რომ ჩვენ ვისაუბროთ ფართომასშტაბიანი ექსპორტის განხორციელებაზე.

მეორე პრობლემა არის მისი გადამუშავება. საქართველოში არსებობს ერთადერთი საწარმო და ეს არის ჩვენი საწარმო. ამას მარტო მე არ უნდა ვაკეთებდე.

მესამე პრობლემა არის ის, რომ  საქართველოში იმ ლაბორატორიებს, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია გავლილი, არ აქვთ საშუალება სრულყოფილად გამოიკვლიონ თაფლი, რათა მეწარმემ გამოკვლევის შემდგომ აიღოს შესაბამისობის სერთიფიკატი, მაგალიათად ევროპის“, – აცხადებს გიორგი კეპაშვილი.

ქართული თაფლის პერსპექტივაზე საუბრობს გიორგი ტატიშვილი, რომელიც 10 წელია ყაზბეგში თაფლს აწარმოებს. ტატიშვილი ამბობს, რომ ალპურ ზონაში წარმოებულ თაფლს განსაკუთრებული გემოვნური მახასიათებელი  აქვს, რომელიც სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. კომპანია „ფეფეს“ დირექტორი აღნიშნავს, რომ ქართულ თაფლს ევროპის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს თუმცა, წარმოების სიმცირის გამო „ფეფს“ პროდუქცია ვერ გააქვს.

„ქართულ თაფლს ევროპის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს. ჩვენ შემოგვთავაზეს თვეში 5 000 ტონის წარმოება, მაგრამ ამ დროისთვის 3-4 ტონამდე ძლივს ავდივართ. თუ ვიღაც გააკეთებს ისე, რომ 4 000 ფუტკარი ჰყავდეს, ის შეძლებს მაგრამ პატარები ვერ შევძლებთ. კარგი იქნება თუ ვიღაც გამოჩნდება, ვინც ჩაიბარებს და პროდუქციას კუპაჟირებას გაუკეთებს. ეს დიდი ფირმა უნდა იყოს,  რომელიც ბრენდირებული იქნება, ჩამოასხამს მრავალი სახეობის თაფლს და მეფუტკრეებისგან ჩვეულებრივ ჩაიბარებს პროდუქციას. ეს აუცილებელად უნდა იყოს  ბიზნესმენი, ასევე აუცილებელია სახელმწიფოს ხელშეწყობაც“,- აცხადებს გიორგი ტატიშვილი.

კომპანია „ფეფეს“ დირექტორი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მეფუტკრეებს ექმნებათ.

ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ფალსიფიკაციასთან არანაირი ბრძოლა არ მიდის. თაფლის რეალიზება ყველგან ხდება. კიდე ერთი პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობას არ აქვს ფული პროდუქციის შესაძენად. ასევე აღსანიშნავია, რომ კოოპერატივები შეიქმნა თუმცა, ვინც არ არის კოოპერატივებში, იმისთვის არაფერი კეთდება. არიან ადამიანები, რომელთაც 200 წლიანი გამოცდილება აქვთ და არ უნდათ კოოპერატივში. ამიტომ აუცილებელია ამ ადამიანებსაც მიექცეს ყურადღება“,- განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ტატიშვილი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის აგრო ტურს იწყებს ყაზბეგში, რაც თაფლის დეგუსტაციას გულისხმობს. ადგილზე მისულ ტურისტებს ფუტკრის ოჯახის ბიოლოგიურ აგებულებასაც გააცნობენ.

 

 

,,კომერსანტი”ბაჩო ადამია

 

 

კომენტარები

X