Background Image

რატომ ირჩევენ ტურისტები საქართველოს – მსოფლიოს ცნობილი გამოცემების ანალიზი

11:17 23 ივნისი, 2018

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საერთაშორისო პრესა აქვეყნებს სტატიებს, სადაც საქართველო მოხსენიებულია, როგორც განვითარებადი ტურისტული ქვეყანა და ტურისტებსაც მოუწოდებენ ეწვიონ მას. საქართველოზე წერენ ისეთი გამოცემები, როგორებიცაა: „Lonely Planet“, „National Geographic“, „BBC“, the “Guardian”, the “New York Times”, the “Financial Times”. საქართველოს მიუძღვნეს სტატიები „CNN-მა“, ავსტრიულმა „Bergwelten-მა“ და კორეულმა „Herald-მაც“.

რა აქვთ ამ სტატიებს საერთო? რატომ მიმართავენ ჟურნალისტები თავიანთ ევროპელ, ამერიკელ თუ კორეელ მკითხველებს, რომ საქართველოს ეწვიონ? რამდენიმე გამოცემის კვლევის მიხედვით, არსებობს საერთო მიზეზები, რომლებიც მოტივაციას აძლევენ უცხოელ ტურისტებს, რომ საქართველოში იმოგზაურონ.  ეს მიზეზები ცოტა არ იყოს გაუგებარია იმ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც ტურიზმის სფეროში მოღვაწეობენ.

  • ბუნება – ლამაზი, კაშკაშა, თოვლით დაფარული კავკასიონის მთები, მყინვარები, მწვანე ხეობები, კამკამა მდინარეები. „დრამატული“ მთების ფონზე პატარა სოფლები. როგორც „Guardian-შია“ ნახსენები: „ულამაზესი პეიზაჟები, სრულიად ხელშეუხებელი და შესანიშნავი მოგზაურობისთვის“.
  • კულტურა – ძველი ეკლესიები და მონასტრები, მუზეუმები, გალერეები, „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები (უშგული, რომელსაც ევროპაში ყველაზე მაღალ სოფელს უწოდებენ), ასევე არამატერიალური მემკვიდრეობა, როგორიცაა: ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები, ადგილობრივი ფესტივალები.
  • საკვები და ღვინო – უნიკალური, განსხვავებული და ძალიან გემრიელი.
  • იზოლირება, განმარტოების შესაძლებლობა და, რაც მთავარია, Wifi, რაც ტურისტებისთვის მნიშვნელოვანია.
  • ბუნების შეგრძნება – საშიში გზა თუშეთისკენ, შორეულ ადგილებში მოგზაურობა, სათხილამურო ტრასა თუ სნოუბორდინგი.
  • ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა, რომელიც ხშირად დაკავშირებულია დიდი რაოდენობის საკვებსა და ღვინოსთან, ასევე ენობრივი ბარიერის მიუხედავად, მოსახლეობასთან ურთიერთობის შესაძლებლობა.
  • საქართველოში გამგზავრება ადვილია. ქვეყნების უმრავლესობისთვის ვიზა საჭირო არ არის.
  • უსაფრთხო მგზავრობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარშემო.
  • შესანიშნავი ღამის ცხოვრება. არსებობს ბევრი რამ, რაც შეგიძლია ნახო ან გააკეთო თბილისში. თანამედროვე და ამავდროულად მშვენიერი ძველი ქალაქი ტრადიციული აივნებითა და ძველი ეკლესიებით.

დასავლელი მოგზაურების მოტივაცია:

2017 წლის ოქტომბერში, CBI-მ  (ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სააგენტო) გამოაქვეყნა საინტერესო ანალიზი ევროპული ტურისტული ბაზრის ტენდენციებზე, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს აჯამებს: ევროპელი მოგზაურები თავგადასავლებს „არატრადიციულ ადგილებში ეძებენ, სადაც მათ შეეძლებათ ადგილობრივებთან ინტერაქცია“, ასევე „განვითარებად ქვეყნებში, რომელსაც უნიკალური კულტურა და ბუნებრივი რესურსები აქვს“. უფრო და უფრო მეტი მოგზაური გამოთქვამს მზადყოფნას გადაიხადოს თანხა იმისთვის, რომ მიიღოს უნიკალური თავგადასავალი. უსაფრთხოება და ადგილობრივებთან კომუნიკაცია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ტურისტების ძირითადი მოტივაციაა მოგზაურობა ბუნებაში – შესაძლებლობა, რომ დაინახონ, შეიგრძნონ ადგილობრივი ბუნება და კულტურა, დააგემოვნონ კერძები, გაეცნონ ქვეყნის სამზარეულოს.

მოლოდინთან შეხვედრა:

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს საკითხები, რითაც ტურისტები უკმაყოფილოები არიან. რამდენიმე ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ტურისტებს სურთ უფრო სუფთა გარემო, საოგადოებრივი ტრანსპორტის მეტი არჩევანი, მრავალფეროვანი პროდუქტის შეთავაზება, უფრო ხარისხიანი მომსახურება, მეტი არჩევანი ვეგეტარიანელებისთვის. მათ სურთ, რომ სამარშუტო ტაქსების მძღოლები იცავდნენ მეტ უსაფრთხოებას, ადამიანები საჯარო ადგილებში არ ეწეოდნენ და იყოს უკეთესი Wifi.

 

 

მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ  Georgian Journal – ის მიხედვით

 

 

 

 

 

 

კომენტარები

X