Background Image

როგორი იქნება ახალი მზიურის საბაგიროს შენობა? (ვიდეო)

15:39 10 ივლისი, 2018

ახალი მზიური საკუთრ Facebook — გვერდზე ახალი მზიურის პროექტ-იდეას აქვეყნებს.

ახალი მზიურის პროექტ რომ ჩავიფიქრეთ, ჩვენი იდეის განხორციელების ცოტას თუ სჯეროდა.

ყოველი ნაბიჯი მიზანს უფრო გვაახლოებდა და ჩვენც, თქვენთან ერთად, ვირწმუნეთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვუყრიდით საფუძველს. დღეს მზიურის აქტიური ცხოვრება ყოველდღიურად გვაჯერებს, რომ მონდომებულ გუნდს, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი და მეგობარი ჰყავს, შეუძლია განახორციელოს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტი.

ორი წელი გავიდა და ჩვენი მიზანი – მუდმივი განვითარება და ამ პროცესში მრავალი ადამიანის ჩართვა – კვლავ უცვლელია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ მზიური ამოუწურავი შესაძლებლობების ადგილია.

13 ივნისის ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მზიურის პარკს განვითარების სწორი გეგმა სჭირდება. ერთობლივი ძალებით, სამწლიანი მუშაობის შედეგად, აღვადგინეთ და ფუნქცია დავუბრუნეთ პარკის ზედა ნაწილში არსებულ ყველა ინფრასტრუქტურულ ნაგებობას. თუმცა პარკის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ უფუნქციოა.

ამჯერად მზიურის პარკის ერთ პატარა, მივიწყებულ ნაგებობაზე გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ. ამ შენობას, წლების წინ, თბილისის ერთი უბანი – მეორესთან საბაგირო გზით უნდა დაეკავშირებინა. თუმცა, უკვე დიდი ხანია, შენობამ პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და ნაგავსაყრელად გადაიქცა. დაკვირვებული თვალი მის განსაკუთრებულ არქიტექტურას ადვილად შეამჩნევს.

ჩვენი იდეაა, ამ ობიექტმა დემონტაჟის ნაცვლად მისი პირველადი, დამაკავშირებელი ფუნქცია დაიბრუნოს და ამჯერად ხელოვნებისა და ადამიანების გამაერთიანებელ სივრცედ იქცეს. ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმა, რომელიც გულისხმობს:

1) ნაგებობის ზედა ნაწილში კულტურისა და ხელოვნების მიმართულების მედიათეკის მოწყობას;

2) კონცეპტუალური სამუშაო გარემოს შექმნას არტისტებისა და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის;

3) შენობის მიწისქვეშა სივრცის თანამედროვე და მინიმალისტურ საგამოფენო გალერეად მოწყობა, რომელიც ღია იქნება სახელოვნებო და შემოქმედებითი აქტივობებისათვის და ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას.

მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტის განხორციელების

შემთხვევაში, ეს კულტურული სივრცე დამატებით ფუნქციურ დატვირთვას მიანიჭებს მზიურის პარკს და თბილისელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის ახალ სავიზიტო ლოკაციად იქცევა.

ვინაიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აზრი და მზიურის გულშემატკივრების ჩართულობა, ვასაჯაროებთ პროექტის პირველ, დასრულებულ ნაწილს, რომელიც მოიცავს შენობის განვითარების ძირითად კონცეფციას და არქიტექტურულ 3D რენდერს.

სამწუხაროდ, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული ზონა დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშეა. ქალაქის განვითარება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ამის საუკეთესო მაგალითია მზიურის იდეის ავტორი, ნოდარ დუმბაძე, რომელსაც წელს 90 წელი შეუსრულდებოდა.

 

 

 ,,კომერსანტი”

 

 

 

კომენტარები

X