Background Image

სექტემბრამდე რიყის პარკში ქუჩის მუსიკოსების კონცერტები გაიმართება

11:08 9 ივლისი, 2018

რიყის პარკში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართა. ღონისძიება “ქუჩის მუსიკის ტალღის” ფარგლებში, ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტისა და ქუჩის მუსიკის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის თქმით, ქუჩის მუსიკოსებს რიყეზე მოწყობილ სცენაზე კონცერტების გამართვის შესაძლებლობა სექტემბრამდე ექნებათ.

“მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ბევრ მუსიკოსს მიეცეს შესაძლებლობა, თავიანთი მუსიკა გააცნოს უფრო ფართო მასებს. ეს ადგილი საკმაოდ ხალხმრავალია და მუსიკოსების შემოქმედებას გაიცნობენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. გარდა ამისა, ეს პროექტი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოწესრიგებულად გააკეთო ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც არის არც ისე მაღალი სცენა. ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

რიყის პარკში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ჯგუფები Young Georgian Lolitaz, “მოკუ მოკუ”, თორნიკე ყიფიანი, ასევე იოანე არაბული ბენდ ულტრატონთან ერთად.

ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუჩის მუსიკოსები შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ. თუმცა მოგვიანებით ეს ცნობა, სერგი გვარჯალაძემ განმარტა და თქვა, რომ ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და მთავარი მიზანი კოორდინაცია და ხელშეწყობაა.

 

 

კომენტარები

X