Background Image

ტრადიციული გუდის ყველის დაკარგვის საფრთხე და საწარმო ფერმა თუშეთში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე

11:20 25 ივნისი, 2018

ზღვის დონიდან 2500 მეტრზე, მდინარე ალაზნის სათავესთან, თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, 2015 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ალაზნისთავი“ ჩამოყალიბდა.  უძველეს ტრადიციებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით დავით მუმლაძემ გუდის ყველის წარმოება გადაწყვიტა. მიზეზი გუდის ყველის წარმოების ტრადიციის  დაკარგვის საფრთხე გახდა –პოლიეთილენის პარკში დამზადებულს გუდას ბუნებრივი არომატი და ხიბლი აღარ ჰქონდა.

 ჩვეულებრივი ჰობი კი დღეს უკვე ბიზნესად ჩამოყალიბდა.

„2015 წელს თუში მეგობარი  დამიკავშირდა და მითხრა – გუდის ყველი, როგორც ტრადიცია კვდება. უძველეს ქართულ ყველს ახლა მხოლოდ და მხოლოდ პოლიეთილენის პარკებში აკეთებენ და ტრადიცია ნელ-ნელა იკარგებაო.  მთხოვა, ადათ-წესის შესანარჩუნებლად გავერთიანებულიყავით. ცოტა ხანში ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ და თუშეთის ბოლო სოფლიდან, 15 კილომეტრის მოშორებით  თანამედროვე ევროპული ტიპის საწარმო ავაშენეთ,“– გვიყვება დავით მუმლაძე.

„ალაზნისთავის დამფუძნებელი იხსენებს, რომ დაცული ტერიტორიის ფარგლებში საზაფხულო იალაღების მოწყობა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. თან მშენებლობაც მძიმე პერიოდს, ცხვრის წველას დაემთხვა.

მიუხედავად სირთულეებისა, უძველეს ტრადიციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით „ალაზნისთავში” ნამდვილი გუდის ყველის  ამოყვანა მაინც შეძლეს.

„კოოპერატივის საზაფხულო იალაღები ალპურ და სუბალპურ ტერიტორიებზეა, რაც განაპირობებს ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის უნიკალურობასა და ხარისხს. ცხვარი იწველება სუფთა ადგილზე. რძე თავს იყრის სურსათის უვნებლობის სტანდარტებით აშენებულ სპეციალურ ოთახში, უჟანგავ ჭურჭელში კი ხდება მისი გადამუშავება, ანუ ყველად ამოყვანა, რის შემდეგაც ყველის შენახვა ასევე სუფთა გარემოში ხდება,“– ამბობს დავით მუმლაძე.

ფალსიფიკაცია, ანტისანიტარიული პირობები, პროფესიონალი კადრების არ არსებობა – ეს ის პრობლემებია, რომელიც დავით მუმლაძის თქმით, დღეს გუდის ყველის წარმოებაშია ფეხგადგმული.

„დღეს ბაზარი სრულიად დაუცველია. უამრავ ყველზე ამბობენ რომ გუდისაა. სულ საქართველოში  5000- მდე ტონა ყველი იწარმოება, სინამდვილეში აქედან მხოლოდ ერთეულები აკეთებენ ყველს გუდაში, მეტი წილი კეთდება ცელოფანის პარკებში და ანტისანიტარიულ პირობებში. პრობლემაა კადრების არარსებობაც. მაგალითად ახალ ამოყვანილ ყველს ამომყვანი ღამეს უთევდა, რათა ზედმეტი ქარი და სიო არ მოხვედროდა, ბევრი დეტალი არსებობდა, რაც გუდის ყველის სპეციფიურობას განაპირობებს, დღეს ეს ადათ-წესები ძალიან ცოტამ თუ იცის.“

ამჟამად “ალაზნისთავი”  ოთხი სახის ტრადიციულ გუდის  ყველს ამზადებს – “სვილობი”-  ცხვრის გუდა, “ლარტუშო” – ძროხის გუდა, “დოვნა”- ცხვრისა და ძროხის რძის შერეული გუდა და “ჩოგი”- მდნარი გუდის ყველი.  თითოეული ყველი ერთმანეთისაგან  განსხვავდება შემადგენლობით და გემოვნური თვისებებით.

სამეურნეო კოოპერატივში 2015 წელს 2 ტონამდე გუდის ყველი იწარმოებოდა, წელს კი წარმოება 5 ტონას აღწევს.

ბრენდირებული გუდის ყველი ეტაპობრივად ითვისებს  თბილისის სუპერმარკეტების დახლებს, პროდუქციის ნაწილი გადის ექსპორტზე – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში.

„პირველად გაყიდვები ევრო პროდუქტების ქსელში დავიწყეთ,  შემდგომ ნელ-ნელა ქართული ბაზრის ავითვისეთ. ასევე გამოვიყენეთ ჩვენი შესაძლებლობები და ამერიკაში დავიწყეთ ყველის გაყიდვა. 2017 წელს იტალიაში კონკურსი ჩატარდა, სადაც 300- მდე ყველი იყო წარმოდგენილი, კონკურსში ჩვენც ვმონაწილეობდით და პრიზი ავიღეთ, რაც დიდი წარმატება იყო“,  — გვიყვება  დავით მუმლაძე.

გუდის ყველი უნარჩენო წარმოების კარგი მაგალითია. გარდა იმისა, რომ ხორცი და რძე საკვები პროდუქტია, ტყავი გუდად გამოიყენება, მატყლი კი საქსოვად. ამიტომ „ალაზნისთავის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ გუდის ყველის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„გუდის ყველი არ არის მარტო არომატული ყველი. გუდის ყველი არის ისეთი მნიშვნელობის როგორიც არის ქართული ანბანი, მრავალხმიანი სიმღერა და ღვინო. ჩვენ ვმუშაობთ, რომ დარეგისტრირდეს როგორ არამატერიალური კულტურის ძეგლი. გუდის ყველის წარმოების განვითარებით ადამიანი მთაში დაბრუნდება,  აღორძინდება მატყლის  გადამუშავება, ფარდაგების წარმოება, თექის მოთელვის ტრადიციები. ეკონომიკური თვალსაზრისით ხალხს შემოსავალი გაუჩნდება.“

ალაზნისთავში  დღეს სულ 500 ცხვარი და 20 ძროხა ჰყავთ. თუმცა, სამომავლოდ ცხვრის გამრავლება იგეგმება, წარმოებაში კი დაახლოებით 20 ადამიანია დასაქმებული.

დავით მუმლაძე თავიდან საქმიანობას როგორ ჰობს ისე უყურებდა, თუმცა დღეს გუდის ყველის წარმოება ბიზნესად აქცია. ბიზნესად, რომელსაც ძალიან მალე ტურისტული დატვირთვაც ექნება.

„არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიჯთან ერთად ვაპირებთ, გავაკეთოთ კარგი ტურისტული ინფრასტრუქტურა. შემოდგომაზე ვგეგმავთ  ტურს  სახელწოდებით — სამი დღე გუდასთან. გუდის ამოყვანის პროცესის გარდა, ტურის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ  მწყემსონ ცხვრის ფარა, რომელიც ბარში მოდის. ისინი მწყემსებთან ერთად გაათენებენ ღამეს და ბევრ დეტალს გაიგებენ თუში მეცხვარის ცხოვრებიდან,“— ასეთია დავით მუმლაძის საშემოდგომო გეგმები.

 

 

,,კომერსანტი” – ბაჩო ადამია

 

 

 

კომენტარები

X