Background Image

ქართული ღვინო, რომელიც სამეფო ქორწილში იყო წარმოდგენილი

16:08 22 ივნისი, 2018

„ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო“ —  „ვაშინგტონ პოსტში“ ამ სათაურით გამოქვეყნებული სტატია ამერიკელ მკითხველს არც მეტი არც ნაკლები ქართულ ღვინოს – „ჩელთს“ აცნობდა.  ცოტა ხნის წინ კი  „ჩელთის“ 2011 წლის საფერავი, სიმბოლურად, ბრიტანეთში, სამეფო ქორწილშიც იყო წარმოდგენილი.

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 80 ჰექტარზე მეღვინეობა „ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული. ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ათი სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია, მას ბიზნესის განვითარებაში შვილი 24 წლის ანდრია მირიანაშვილი ეხმარება.

„მამა, ფაქტობრივად, თბილისიდან კახეთში გადმავიდა საცხოვრებლად, რადგან აქაურობას მოვლა სჭირდება. მე შილდაში ინტენსიურად ყოფნა ძირითადად ზაფხულში მიწევს. რა თქმა უნდა, საქმე ბევრია, თუმცა როდესაც შედეგს ხედავ სასიამოვნოა,“ – აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას ანდრია მირიანაშვილი.

გიგა მირიანაშვილმა მეღვინეობას ხელი 2000 წელს მიჰყო და შილდინ მდინარის სახელწოდების კომპანია „ჩელთი“ დააფუძნა. შესაბამისი ნიადაგისა და ტემპერატურის მოძიების შემდგომ ვენახის გაშენება დაიწყო. 6 წლის განმავლობაში ღვინო არ ჩამოსხმულა, რადგან მეღვინე ხარისხზე ორიენტირებული იყო. 2007 წელს ღვინის ბაზარზე ბოთლის „ჩელთი“ პირველად გამოჩნდა და ყველას მოწონება დაიმსახურა, როგორც ქართულ ისე უცხოურ ბაზრებზე.

ექსპორტი და რთულად ასათვისებელი ამერიკის ბაზარი

„ჩელთის“ ღვინის 90%-ი ექსპორტზე გადის, რადგან ქვეყანაში ბოთლის ღვინოზე დიდი მოთხოვნა არ არის. ხოლო საქართველოს ბაზარი იმდენად დიდი არ არის, რომ რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდეს. ბრენდი ექსპორტზე რუსეთში, ჩინეთში, ყაზახეთში, გერმანიაში, იაპონიაში და ამერიკაში იყიდება.

„ამერიკის ბაზარზე გაყიდვები არ იზრდება, რადგან საქართველოს  შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი იციან, თუმცა პერსპექტიული ბაზარია, ამიტომ გარკვეული დროისა და მუშაობის შემდგომ ის გარკვეულ ადგილს დაიკავებს

ღვინის ბიზნესი ურთულესია, რადგან ექსპორტზე გატანილი ღვინის შესახებ უცხოელ მომხმარებელს ინფორმაცია არ აქვს. თუმცა თუ დიდ შრომას ჩადებ და ამაში ხელს სახელმწიფოც შეგიწყობს, უფრო პოპულარული გახდება. წარსულთან შედარებით ახლა უცხოეთის ბაზრებზე დროთა განმავლობაში ჩვენმა ღვინომ საკუთარი ადგილი უკვე დაიმკვიდრა,“ – აღნიშნა ანდრია მირიანაშვილმა.

ქართული ღვინის ხარისხი

„ჩელთი“ საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი და რამდენიმე ღვინის მაღაზიაშია თბილისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. ანდრია მირიანაშვილს მიაჩნია, რომ ფასი ხარისხს განსაზღვრავს. მომხმარებელი როდესაც იაფფასიან ბოთლის ღვინოს ყიდულობს, ის ამ შემთხვევაში ხარისხს არ უნდა ითხოვდეს.

ხარისხის გარდა ის სირთულეს ვენახების მოვლასა და ღვინის დაყენებაში ხედავს.

თუმცა მიუხედავად ყველაფრისა 24 წლის ანდრიას მიაჩნია, რომ ქართული ბოთლის ღვინის ხარისხი ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილია და ის ნებისმიერი ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

 

,,კომერსანტი” – ლიკა გურაბანიძე

კომენტარები

X