Background Image

ქვევრის ქარვისფერი ღვინო სრულიად განსხვავებულია – ენდრიუ ჯეფორდი ქართული ღვინის შესახებ

14:34 4 აპრილი, 2018

ბრიტანელი ჟურნალისტი, რედაქტორი და ღვინის მწერალი ენდრიუ ჯეფორდი, ჟურნალ „დეკანტერში“  ქართული ქვევრის ღვინოზე წერს. ავტორი ქვევრის ქარვისფერი ღვინის უნიკალურობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს არის მდგრადი ფერის, დაბალმჟავიანი ღვინის ფანტასტიკური სპექტრი.

“ტრადიციული ქვევრის ღვინო (მიწაში ჩამარხული, თიხის ჭურჭელში დამზადებული ღვინო) საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, იმის მიუხედავად, რომ ის ქართული პროდუქციის მხოლოდ 5%-ს წარმოადგენს. არსებობს როგორც წითელი, ასევე თეთრი (მუქი ოქროსფერი ან ქარვისფერი) ქვევრის ღვინო.

ქვევრის წითელი ღვინოები დიდად არ განსხვავდება სხვა ჩვეულებრივად დაყენებული წითელი ღვინოებისგან, ქვევრის ქარვისფერი ღვინო კი ღვინის სრულიად განსხვავებული სპექტრია. დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში, ღვინო ყურძნის კანთან, ზოგჯერ კი ღეროებთან ერთად რჩება ქვევრში, შედეგად მდგრადი ფერის, დაბალმჟავიანი ღვინის ფანტასტიკური სპექტრი იქმნება“.

ქართული ღვინის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ არის 525 ადგილწარმოშობის ჯიში. ასევე მნიშვნელოვანია ამ ჯიშების რეგიონალური დიფერენციაცია. საქართველოში რვა განსხვავებული ღვინის რეგიონია (ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარა). ამ რეგიონებში კახეთი დომინანტია პროდუქციის 80%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ სულ უფრო მეტი ქართული ღვინის ეტიკეტირება ხდება,” – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ბოლოს, ავტორი ღვინის მოყვარულებს ურჩევს დააგემოვნონ უნიკალური და ხელმისაწვდომი ქართული ღვინოები: “ვინ იტყვის უარს იმ ქვეყნის ღვინის დაგემოვნებაზე, რომელიც ღვინის სამშობლოა და რომელსაც რვაათასწლიანი ღვინის ისტორია აქვს”.

ასოციაცია “ქართული ღვინის” ორგანიზებით, 2017 წელს “ქვევრის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი” ჩატარდა. ეს ღონისძიება 2018 წლის მაისშიც იგეგმება, რადგან მას დიდი საერთაშორისო დაინტერესება მოჰყვა.

 

მოამზადა მარიამ გაბისონიამ travelingeorgia.ge – ის მიხედვით

 

 

 

 

კომენტარები

X