Background Image

ყველაფერი რაც მძღოლებმა უნდა იცოდნენ ტექდათვალიერების შესახებ

11:05 1 ივლისი, 2018

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი იანვრიდან დაიწყო. პირველი ივლისიდან ტექნიკურ ინსპექტირებას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები გაივლიან.

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან” გამოთხოვილ ინფორმაციაში განმარტებულია ის პროცედურები, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლებელმა უნდა იცოდეს ტექდათვალიერების შესახებ.

სააგენტოს ინფორმაციით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება ეტაპობრივად.

ტექნიკური ინსპექტირების გავლა არ ეხებათ ავტომობილებს, რომლებსაც აქვთ ტრანზიტული ნომრები, ან განუბაჟებელია. ასევე, O1, O2  (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს, ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს, სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.

ტექინიკური ინსპექტირების ეტაპები

2018 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ, მძღოლის გარდა) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;

2018 წ. 1 ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები;

2018 წ. 1 ოქტომბრიდან   M1  – 3000  კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავის მუშა მოცულობის მქონე ავტომობილები;

2019 წ. 1 იანვრიდან – ყველა დანარჩენი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

ტექინიკური ინსპექტირების გრაფიკი 

ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვი) მიხედვით.

მაგალითად: თუ ავტომობილი არის M1 (მსუბუქი) კატეგორიის და მისი რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/10/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს ამოქმედების თარიღიდან 2019 წლის 28 ოქტომბრამდე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების (რომლებზეც ვრცელდება გრაფიკი) ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, პერიოდული ინსპექტირება მოხდება რეგისტრაციის შემდგომ 30 კალენდარული დღის (შაბათ კვირის ჩათვლით) განმავლობაში.

ტექინიკური ინსპექტირების პერიოდულობა

სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ, მძროლის გარდა) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო გამოშვების  თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ – წელიწადში ორჯერ;

სატვირთო (3.5 ტ. და ზემოთ) – ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;

მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი (3,5ტ. 10ტ.-მდე და მეტი) – ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;

სასწრაფო დახმარება და ტაქსი – ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;

მსუბუქი სამგზავრო – ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ,  გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ კი  ყოველ წელიწადს;

მსუბუქი სატვირთო – ოთხი  წლის მერე გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

ტექინიკური ინსპექტირების ვებგვერდი და ცხელი ხაზი

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით.

ვებგვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი – 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.

ტექინსპექტირების ღირებულება და პირობები

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მსუბუქი  და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ეღირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის – 100 ლარი. საფასურის გადახდა  შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული, ან საბანკო მომსახურების მეშვეობით, ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  გავლა ავტომფლობელს შეუძლია მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში. თუ ინსპექტირების გავლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდა ხარვეზი, მის გამოსასწორებლად მფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე (მოიცავს შაბათ-კვირასაც).

თუ ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება ჩატარდება იგივე ცენტრში  (მხოლოდ იმაზე, რაზეც დაფიქსირდა ხარვეზი), მომსახურება იქნება  უფასო, ხოლო თუ ინსპექტირება ჩატარდება სხვა ინსპექტირების ცენტრში, მაშინ საფასურის გადახდა მოხდება  ჩვეულებრივად,  დადგენილი წესით.

ტესტირების სრული ღირებულების  გადახდა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ხარვეზების გამოსწორების ვადა გასცდება 30 კალენდარულ დღეს. ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში ავტომობილით სიარული არ იკრძალება (30 კალენდარული დღე).

ინსპეტირებისას წარსადგენი დოკუმენტაცია 

ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია წარადგინოს: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალება შეიძლება წარადგინოს როგორც მესაკუთრემ (მფლობელმა), ასევე მის მიერ უფლებამოსილმა პირმა.

სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პირველი ინსპექტირების დროს ხარვეზებისა და პირობების გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

რა მოწმდება ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას

ინსპექტირება უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა;  ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; უარყოფითი ზემოქმედება.

გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება

ინსპექტირების ცენტრმა უნდა აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილების თანახმად.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ჩვეულებრივ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, მაგრამ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, ამ თარიღის შემდეგ ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.

 

ჯარიმა

მძღოლს, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. აგრეთვე, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან ინდმეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. (მაგალითად, თუ ერთმა ფიზიკურმა სამართავად გადასცა მეორე ფიზიკურ პირს ავტომობილი, რომელსაც არ აქვს გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ასეთ შემთხვევაში თითოეულს ცალ-ცალკე დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით).

გამონაბოლქვის შემოწმება

გამონაბოლქვის ნორმები უნდა შეესაბამებოდეს  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ მნიშვნელობებს. ამასთან, 2020 წლის 1 იანვრამდე პირველი ტექნიკური ინსპექტირებისას გათვალისწინებულია მთელი რიგი შეღავათები, რომლებიც მოცემულია ზემოაღნიშნული რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში (მუხლი 8, პუნქტი 1) დღეისათვის საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროდ ავტოტრანსპორტი რჩება.

 

,,იმედი”

 

 

კომენტარები

X