Background Image

1962 წელს დაარსებული ქართული კომპანია, რომელიც ღვინოს კუბასა და ბრაზილიაში ყიდის

15:18 12 აპრილი, 2018

1962 წელს, თბილისში რიგით მესამე და იმ დროისთვის ყველაზე დიდი საწარმო გაიხსნა. ქარხანა საბჭოთა კავშირის მეღვინეობის ნაწილად ითვლებოდა, მისი დაშლის შემდეგ „თბილვინო“ გაიყო რამდენიმე კომპანიად, თუმცა დღესდღეობით ის ერთ-ერთი საუკეთესო და მასშტაბური ღვინის მწარმოებელი კომპანიაა.

სახელი „თბილვინო“ კომპანიას პირველად 1974 წელს ეწოდა, 1998 წელს კი ქარხანას სათავეში ზურაბ მარგველაშვილი ჩაუდგა და სწორედ ამ დროიდან იწყება კომპანიის რეკონსტრუქცია.

“დაარსების დღიდან ჩვენი კომპანია მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული სხვადასხვა დიპლომებითა და მედლებით ღვინის მსოფლიო კონკურსებზე. 2008 წელს „თბილვინომ“ ISO 9001 და ISO22000 სერთიფიკატები მიიღო. 2009 წელს კი გავხდით ღვინის ნომერ პირველი ექსპორტიორი კომპანია. 30-ზე მეტ ქვეყანაში გაგვაქვს ჩვენი ღვინო, ისეთ ქვეყნებშიც კი როგორებიცაა: ბრაზილია, კუბა, კანადა და ა.შ. ევროპაში კი განსაკუთრებულ მოწონებას ტრადიციული ქვევრის ღვინო იმსახურებს. პირველ რიგში აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე, ჩვენ გვყავს გამოცდილი მეღვინეები, დეგუსტატორები, რომელთა პროფესიულ ზრდაზეც მუდმივად ვზრუნავთ“. -აღნიშნა ჩენთან საუბრისას  მენეჯერმა ლაშა ლომაშვილმა.

კომპანია 202 ჰექტარ საკუთარ ვენახს ფლობს შაშიანში, ქინძმარაულში, ყვარელში, ვაჩნაძიანში, რომლის ყველაზე დიდი ნაწილიც საფერავს უჭირავს, ყველაზე ცოტა კი კახურ მწვანესა და ქისის. „თბილვინო“ გთვაზობთ ისეთ ჯიშებს როგორებიცაა:  რქაწითელი, კახური მწვანე, ცოლიკაური, მუნჯურეული, ალექსანდროული, საფერავი და ქისი.

„პრინციპულად მხოლოდ ქართული ჯიშის ყურძენს ვიყენებთ, რადგან საკმაოდ მდიდარია საქართველო ამ კუთხით. ჩვენი მთავარი მიმართულებაა საქართველოში მივიწყებული ჯიშების გაცოცხლება და რეალიზება. ვაგრძელებთ ვენახების გაშენებას კახეთის მიკროზონებში. წელს ავიღეთ პირველი მოსავალი და სამომავლოდ დაგეგმილია უცხო და უნიკალური ჯიშების გაშენება, რის შემდეგაც აუცილებლად ვიქნებით პირველი კომპანია“.-განაცხადა ლაშა ლომაშვილმა.

კომპანია ღვინოს როგორც ევროპული, ისე ქართული ტრადიციული მეთოდით აწარმოებს, რომელთა ფასებიც 5 ლარიდან 40 ლარი ფარგლებში მერყეობს. მომავალი წლიდან კი როგორც მენეჯერმა განგვიმარტა, სურთ მომხმარებლებს განსხვავებული და უნიკალური ღვინოები შესთავაზონ.

ხარისხის მკაცრი კონტროლი, პროფესიონალიზმი და საქმისადმი თავდადება, ტრადიციების შენარჩუნება და ახალი ტექნოლოგიების ძიება – სწორედ ეს გახლავთ „თბილვინოს“ მთავარი მონაპოვარი წლების მანძილზე და სწორედ ასე იქმნება მათი ღვინო.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

იხილეთ ფოტო გალერეა

 

კომენტარები

X