Background Image

2001-2017 წლებში საქართველოში 9,700 ჰექტარი ტყე გაქრა

13:05 10 ივლისი, 2018

Global Forest Watch-ის მონაცემებით კი, 2001-2017  წლებში საქართველოში 9,700 ჰექტარი ტყე გაქრა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტყის ყველაზე დიდი მოცულობა 2014 წელს გაიჩეხა და  1,97 ჰექტარი შედგინა.

Global Forest Watch-ის კვლევა ასევე აჩვენებს, რომ 2017 წელს ტყის მასივი ყველაზე მასშტაბურად 5 რეგიონში შემცირდა, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში – 1,9%, თბილისში-0,8 %, ქვემო ქართლში -0,52%, კახეთში – 0,32%, იმერეთში -0,27%.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ ზუსტი მონაცემის დადგენა,თუ რა მოცულობის ტყე იჩეხება საქართველოში რთულია:

„გაცილებით მეტი იჭრება ვიდრე რეალური სტატისტიკა აჩვენებს. Global Forest Watch -ს აქვს სპეციალური რუკა სადაც ჩანს ტყის გამეჩხერების მონაცემი. ასევე არის კოსმოსური რუკა, თუმცა  ყველა ჭრის გადაღება შეუძლებელია, რეალურად  ადგილზე უარესი სიტუაციაა.“

ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, ბოლო წლებში  ყველაზე მეტი ზიანი  ტყეს იმ კომპანიებისგან მიადგა, რომლებიც ჭრას ახორციელებდნენ საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად:

„ ტყეების ის რაოდენობა რაც გაანადგურა „არემჯი გოლდმა“ დმანისში, ბოლნისში და თერწყაროში საკმაოდ მასშტაბურია. ასევე საკმაოდ მოცულობითი ჭრები განხორციელდა სვანეთში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობამდე და შემდეგაც. ადგილობრივი მოსახლეობისგან მაქვს ინფორმაცია, რომ იმ ტერიტორიის მიმდებარედ სადაც „ნენსკრა ჰესი“ აშენდა ხდებოდა უკანონო ჭრები. რასაც აფიქსირებდა შსს, თუმცა ამის გამო არავინ დასჯილა. საკმაოდ მაშტაბურია ჭრები რაჭაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე კომპანია ფლობს ლიცენზიას და ახდენს ხე-ტყის ლეგალურად  ჭრას.“

 

რომელი კომპანიები ფლობენ ხე-ტყის ჭრაზე ლიცენზიას და რომელ რეგიონებში ხდება კომერციული ჭრა, ასევე რა მოცულობს მწვანე საფარი გაანადგურეს ბიზნესკომპანიებმა მიზნობრივად ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად,   ამ თემაზე ინფორმაციას „კომერსანტი“ ეროვნული სატყეო სააგენტოდან ელოდება.

როგორ რეგულირდება ხე-ტყის ჭრა

დღეს არსებული მონაცემებით ქვეყანაში ტყის ჭრა კომპანიისათვის მიცემული  ხანგრძლივ ვადიანი -ლიცენზიის  მეშვეობით ხდება. 2018 წელს ამ მიმართულებით ლიცენზია არ გაცემულა. თუმცა ჭრები მაინც ხდება, რადგან  კომერციული ორგანიზაციები  ფლობენ ხე-ტყის  ჭრაზე  ვადიან  ლიცენზიას.

ტყის მოცულობის შემცირება ხდება ასევე  სპეციალური  ჭრებით, რომელიც  შეიძლება გამოწვეული იყოს ინფრასრტრუქტურული პროექტების გამო. მაგალითად ჰესის მშენებელ კომპანიას შეიძლება სახელმწიფომ მისცეს უფლება რაღაც ფართობზე  ხე-ტყე პირწმინდად მოჭრას.  ასევე  კომერციულ ორგანიზაციებს მისცენ ხე-ტყის დამზადების ფუნქცია.  არსებობს ასევე ეგრეთწოდებული ტყის  სოციალური ჭრა როდესაც, პირადი მოხმარების მიზნით მოსახლეობას ეძლევა საშეე მერქნის მოპოვების უფლება. ამას ემატება არალეგალური ჭრებიც.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყნიდან (გასწვრივ დახერხილი ან დასახერხი) ხე ტყის მასალის ექსპორტის მოცულობა ყიველწლიურად იზრდება.

2012 წელს ქვეყნიდან   9, 516 300 აშშ დოლარის ღრებულების (გასწვრივ დახერხილი ან დასახერხი) ხე ტყის მასალა გავიდა. 2013 წელს – 11,730 600 აშშ დოლარის, 2014 წელს 11 331 000 აშშ დოლარის. 2015 წელს ექსპორტი ოდნავ შემცირდა და  10 937 200 აშშდლლარი შეადგინა. 2016 წლიდან ეს მაჩვენებელი მზარდია. ამ წელს ქვეყნიდან  13 612 000 აშშ დოლარის ღირებულების (გასწვრივ დახერხილი ან დასახერხი) ხე ტყის მასალა გავიდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 16 799 100 აშშ დოლარს გაუტოლდა. 2018 წლის იანვარ-მაისში კი ექსპორტმა6 289 600 აშშ დოლარი შეადგინა.

 

 

ნინო ნატროშვილი

 

 

 

 

კომენტარები

X