Background Image

უცხო ქვეყანაში მარტო მოგზაურობა საკუთარ ძალებში გვარწმუნებს

12:47 15 დეკემბერი, 2017

სანამ გავიზარებდი რომ უნდა შემშინებოდა, მე უკვე უცხო ქვეყანაში ვიყავი და უკან დასაბრუნებელ გზებზე ვფიქრობდი.

პირველი ქვეყანა, სადაც მარტო გავემგზავრე ჩვენი მეზობელი თურქეთი აღმოჩნდა.

ოთხი არაჩვეულებრივი დღე გავატარე სტამბულში მინიმალური ფინანსებით და ბოლო წუთებში მაქსიმალური შიშებით. თუმცა მივხვდი, მოგზაურობის დროს გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და თუკი რაღაც აწყობილი საათივით არ ხდება, ეს სულაც არაა საშიში. მომავალში კი საუკეთესო ისტორიები სწორედ ამ წუთებს უკავშირდება.

ამიტომაც თუკი შენს მეგობრებს არ სცალიათ, წადი მარტო და აღმოაჩინე არა მარტო მსოფლიო, არამედ საკუთარი თავიც.

სულ თავიდან შეიძლება იფიქროთ, (მეც ასე ვფიქრობდი) მარტო მოვიწყენ, როგორ უნდა გავერთო?! მგზავრობისგან დაღლილი, როგორც კი სასტუმროს ოთახში მარტოდ დაიგულებ თავს ცრემლებსაც ღვარღვარით ამოუშვებ, ფარდებს ჩამოაფარებ და დაიძინებ. გადაგივლის დაღლილობა და ახალგაღვიძებული სულ სხვანაირ საკუთარ თავს აღმოაჩენ. სასწრაფოდ მოიძიე რუკა და გადი თავგადასავლების მოსაძებნად.

ენდე საკუთარ ინსტიქტებს.

მას შემდეგ რაც შიში გადავლახე, აღმოვაჩინე რომ მარტო მოგზაურობას ბევრი დადებითი მხარე აქვს. ჩამოვთვლი რამდენიმეს: 1. მეტი თავისუფლება გაქვს. 2.  წარმოუდგენლად დამოუკიდებელი ხარ, 3. სწავლობ საკუთარი თავის ნდობას და კიდევ ბევრი დეტალია

რას სწავლობთ იცით ამ დროს? გულის მოსმენას. თუკი რაღაც არ გესიამოვნებათ, მასზე “არა”-ს თქმას.

ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერდება ამ დროს. ირჩევ გზებს, ირჩევ საკვებს, ადამიანებს. ამ დროს თითქოს შენი შინაგანი მე მეტად მობილიზებულია და თავს დაცულად გრძნობ ნებისმიერ სიტუაციაში.

ჩაატარე კვლევა

საკუთარი გამოცდილებიდან გგეუბნებით, თუკი წინასწარ არ იცით რა უნდა ნახოთ, შეიძება ისე დაბრუნდეთ მოგზაურობიდან უკან არაფერიც არ გქონდეთ ნანახი. მე ზუსტად ასე დამემართა, წავედი სტამბულში და ისიც კი არ ვიცოდი აია-სოფია და ლურჯი მეჩეთი ერთმანეთს რომ უყურებენ და რამდენიმე მეტრით არიან ერთმანეთისგან დაშორებულები, რომ სტამბულში უამრავი დიდი მეჩეთია და ფატიჰ-ჯამის მეჩეთი სულაც არაა ცენტრალური ტურისტული ადგილი.

წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია სასტუმროზე, სადაც აპირებთ გაჩერებას. აუცილებლად წაიკითხეთ კომენტარები, რომლებსაც სტუმრები წერენ. (განსაკუთრებით უარყოფით კომენტარებს მიაქციეთ ყურადღება, თუკი დადებითზე მეტია, ჩათვალეთ არც თქვენ გამოგადგებათ ეს ადგილი). ამით თქვენ თავიდან აცილებთ მოსალოდნელ საფრთხეს და დაახლოებითი მოლოდინიც გექნებათ რა დაგხვდებათ.

მოინიშნეთ ასევე როგორ მიხვიდეთ სასტუმრომდე, რადგან მხოლოდ სასტუმროს სახელის ცოდნა ადგილზე ჩასულს ვერაფრით დაგეხმარებათ.

არაუშავს თუკი რაღაც ისე არაა

თუკი თავს კომფორტულად არ იგრძნობთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაბრუნდეთ სახლში. მაგრამ, იქნებ ამ სიძნელეების გადალახვა ჯობდეს?

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პირველად მიდიხართ მარტო, ისეთი ქვეყანა აირჩიეთ, რომლის სასაუბრო ენაც იცით ან მინიმუმ საუბრობენ იმ უცხო ენაზე, რომელიც თქვენ იცით. ანდაც ისწავლეთ ელემენტარული საკომუნიკაციო სიტყვები.

გითხრათ როგორ დავიწყე ესპანურად საუბარი? სარაგოსაში საფულე მომპარეს და უკაპიკოდ დავრჩი. მაგას ვინ ჩიოდა, საბუთებიც საფულეს გაჰყვა. ამიტომაც პოლიციაში წასვლა გადავწყვიტე. არც ერთი პოლიციელი ინგლისურად არ საუბრობდა, მე კი ესპანურად ძალიან ცოტა სიტყვები ვიცოდი. ახნსა-განმარტება კი დასაწერი მქონდა. ხოდა მოვიშველიე ჩემი ლექსიკონი, გავხსენი მაქსიმალურად გონება და მის მერე რომ ავლაპარაკდი ესპანურად, აღარ გავჩუმებულვარ

კომენტარები