Background Image

რუსეთში „ლაღიძის წყლების“ წარმოება განახლდა

14:25 22 მარტი, 2018

მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა ლაღიძის კაფეს ისტორიულ ადგილზე აღდგენას და ოჯახისთვის დაბრუნებას ცდილობს, რუსეთში „ლაღიძის წყლების“ ბრენდის ქვეშ უალკოჰოლო სასმელების წარმოება განახლდა. სოციალურ ქსელში, ქართველი მომხარებლების ნეგატიური შეფასება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ „ლაღიძის წყლები“, რომელიც აშკარად ქართული ბრენდია, რუსეთის მაღაზიებში წარმოდგენილია ასე – „დამზადებულია რუსეთში“.

 მიტროფანე ლაღიძის შთამომავლებმა რუსეთში ნედლეულის ექსპორტი 2013 წელს შეაჩერეს. ამის მიზეზი რუსული კომპანისგან „ტიხვინის ლიმონათის ქარხნისგან“ 30 ტონა სიროფის თანხის გადაუხდელობა გახდა. დღეს ეს პრობლემა მოგვარდა და სანქტ-პეტერბურგში მდებარე ქარხანა 20 დასახელების ლომონათს  „ლაღიძის წყლის“ ბრენდით აწარმოებს.

მიტროფანე ლაღიძის შთამომავალი,  თინათინ ლაღიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ რუსეთთან, კერძოდ კი სანქტ-პეტერბურგში მდებარე „ტიხვინის ლიმონათის ქარხანასთან“ პარტნიორული ურთიერთობა 15 წელია არსებობს. მისივე განცხადებით, გარკვეული პერიოდი იყო წყვეტა, თუმცა, ახლა ურთიერთობა დალაგდა და წარმოებაც განახლდა.

„ჩვენ მივეცით ჩამოსხმის ლიცენზია. ჩვენგან მიდის ნედლეული და იქ ისხმება ბოთლებში. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესგარიგება, ამდენი წელია ეს არსებობს. არაფერი მიყიდული არ არის. ჩვენს შორის პარტნიორიული ურთიერთობა 2004 წელს დაიწყო“, – აცხადებს ლაღიძე.

ლაღიძის კაფის ისტორიულ ადგილზე აღდგენის სურვილი საქართველოს პრემიერმინისტრმა დაახლოებით 2 თვის წინ  გააჟღერა და შესაბამისი დავალება თბილისის მერს კახი კალაძეს მისცა. „ვისურვებდი, რომ „ლაღიძის წყლები“ და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ“, – განაცხადა მაშინ  გიორგი კვირიკაშვილმა.

 „ლაღიძის წყლების“  დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ ქონების ამჟამინდელ მფლობელთან, სადაც,სადაც წლების წინ,  რუსთაველის გამზირზე კაფე „ლაღიძის წყლები“ მდერარეობდა. როგორც „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს „ლაღიძის წყლების“ ბრენდის მფლობელ, ქართველი ბიზნესმენის მიტროფანე ლაღიძის შთამომავალებთან კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყება, რაც რუსთაველის გამზირზე მდებარე ობიექტის მფლობელთან  მოლაპარაკება დადებითად დასრულდება. პროცესი გრძელდება.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

კომენტარები