Background Image

კვალითელი მეღვინე იმერულ ღვინოს, ამერიკის 12 შტატში ყიდის

11:59 23 მარტი, 2018

არჩილ გუნიავა ოჯახურ მარანში დამზადებულ ნატურალურ ღვინოს წელს ამერიკის შვიდ შტატში გაიტანს, მისი ღვინო უკვე წლებია ამერიკის ხუთ შტატში იყიდება, წელს კი საექსპორტო ბაზარი კიდევ გაფართოვდა, ამის შესახებ Bm.ge-ს თავად მეღვინემ განუცხადა, რომელიც ღვინოს ზესტაფონში, სოფელ კვალითში მამა-პაპის დანატოვარ მარანში, ქვევრებში ამზადებს.

„ღვინის კომერციული მიზნით დამზადება 10 წლის წინ დავიწყე, თუმცა მანადე ყოველთვის მქონდა ოჯახში ვენახი, ქვევრები. მარანში 20 სხვადასხვა ზომის ქვევრია, თავის დროზე ეს მარანი ჩემს ბაბუას მემკვიდრეობით ერგო, ხუთი ძმა იყვნენ და თითეულს მამისგან 10 ტონა ღვინის ტევადობის ქვევრები შეხვდა, თავისი ვენახებით და ღვინის საწარმოებლად საჭირო ინვენტარით.

შემდეგ ვენახი მეც გავაშენე და ამჟამად 1,5 ჰექტარს ვფლობ, სადაც იმერული ჯიშის ყურძენი – ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანურის საფერე და ძელშავი მოდის, ასვე მაქვს ისეთი იშვიათი ჯიშები, როგორიცაა დონდღლაბი და მგალობლიშვილი. ეს ჯიშები ფაქტიურად გადაშენების პირასაა და მხოლოდ ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთშიღაა შემორჩენილი. სულ 8-9 დასახელების ყურძენია, რომლის ნაწილიც ახალშენია, დაახლოებით 2500 კვადარატულზე ძველი, 50 წლის ვენახები მაქვს.

ღვინის კომერციული მიზნით წარმოება მაშინ გადავწყვიტე, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია ნატურალურ, ქვევრის ღვინოზე, ეს იყო 2009-2010 წელი, ამ დროს დაარსდა ,, ქვევრის ღვინის ასოციაცია“, რომელსაც შევუერთდი, სულ 12 მეღვინე ვიყავით, ვინც ასეთ ღვინოს ვაწარმოებდით.

პირველი ღვინო ბოთლში ჩამოვასხი 2010 წელს და იმავე წელსვე გავყიდე იტალიაში, ისე რომ მეც არ ველოდი, 86 ბოთლი მქონდა მახსოვს, რეალიზაციაში ასოციაცია დაგვეხმარა, ღვინო მარნიდანვე შეიძინეს და ბოთლში 6 ევრო გადაგვიხადეს. ეს იყო თეთრი მშრალი ღვინო ,,ცოლიკოური“, იმერული წესით დაყენებული, რაც კახური ტრადიციისგან განსხვავებით, ცოტა რაოდენობით ჭაჭაზე დადუღებით კეთდება.

ამჟამად ვამზადებ ციცქას, ცოლიკაურს, კრახუნას, ასევე ღვინოს ამ სამი ყურძნის სეპაჟით, რაც გულისხმობს ამ სამი ჯიშის ერთმანეთში შერევას, სხვადასხვა პროცენტული რაოდენობით, ასევე ღვინო მგალობლიშვილს, ოცხანურის საფერეს, დონდღლაბი ჯერ ახალგაზრდა ვაზია და გაისად ვაპირებ მისგან ღვინოს დამზადებას. პროდუქციას ეტიკეტზე ჩემი სოფლის სახელი – ,, კვალითი „აწერია“ – განაცხადა არჩილ გუნიავამ.

გუნიავას ღვინოს პარტნიორი ამერიკაში, სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ბარებში ყიდის, სადაც მხოლოდ ნატურალური ღვინოებია წარმოდგენილი. ერთი ბოთლი სასმლის გასაყიდი ფასი დახლზე 25-დან 30 დოლარამდეა.

 

bm.ge

კომენტარები