Background Image

რაჭული გირჩი ევროპაში და უკონტროლო ლიცენზიანტები

12:52 2 აპრილი, 2018

ამბროლაურის რაიონის სატყეო უბნებში გირჩის მოპოვების ლიცენზიას 12 კომპანია ფლობს. მათი უმრავლესობა უცხოური კომპანიებია, რომელთაც გირჩის მოპოვების 10 წლიანი ლიცენზია ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს მისცა. მათ მიერ დაქირავებული მკრეფავები სეზონზე კავკასიური სოჭის გირჩს მოიპოვებენ, მიღებული თესლით კი უცხოური კომპანიები სეზონზე ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს იღებენ.

როგორც ჩანს რაჭის რეგიონში საკმაოდ შემოსავლიან ბიზნესს თან ახლავს პრობლემებიც. ერთ-ერთი ლიცენზიანტი დანიური კომპანია, ,,Fair Trees’’-ის წარმომადგენელი, ჟანა ბაბუნაშვილი BM.GE-თან საუბარში აცხადებს, რომ გირჩის ბიზნესი სრულიად უკონტროლოა. ,,ლიცენზიანტი კომპანიები რამდენიც უნდათ იმ მოცულობის გირჩს მოიპოვებენ, ვინ მოკრიფა, გადაიხადა თუ არა კომპანიამ საშემოსავლო გადასახადი, ამას არავინ აკონტროლებს. მოსახლეობისგან დაკრეფილ გირჩს იაფად შეისყიდიან, მაშინ როცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოპოვებულ ნედლეულს სხვა კომპანიები გაცილებით ძვირად ყიდულობენ. ერთი კილოგრამი 150 ევრო გვიჯდება, მაშინ როცა 30-40 ევროდ შეიძლება იყიდო რაჭაში მოსახლეობისგან’’-განმარტავს ჟანა ბაბუნაშვილი.

მისი თქმით, სფერო არაკონკურენტუნარიანია. ლიცენზიანტი კომპანიები შუამავლების საშუალებით მოიპოვებენ ნედლეულს. უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვის გარეშე გირჩს კრეფენ ბავშვები და მოხუცები, რომლებიც 60 მეტრ სიმაღლეზე ადიან, ზოგიერთი ე.წ ,,კლანჭებით’’, რომელიც ხის მერქანს აზიანებს, რაც ცალკე პრობლემაა.

,,ისინი 1 ლარად კრეფენ გირჩს, მაშინ როცა ჩვენს მიერ დაქირავებულ მკრეფავებს, რომლებიც პირველ რიგში უცხოელ ტრენერებთან ერთად პირველადი დახმარების ტრენინგებს გადიან და აღჭურვილნი არიან შესაბამისი სამოსით, გაცილებით მეტს ვუხდით’’-ამბობს ბაბუნაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში რაჭული სოჭის თესლი საკმაოდ მოთხოვნადია, მიწოდება ბევრად აჭარბებს მოთხოვნას. ბაბუნაშვილი ამბობს, რომ შეუძლიათ 100 ტონა გაიტანონ ექსპორტზე , მაგრამ მითხოვნის არარსებობის გამო 150 ათასი ტონა კვოტიდან მხოლოდ 7 ათასის ათვისება ხდება.

რაჭველებისა და ლიცენზიანტი კომპანიების გარდა გირჩის კრეფიდან სარგებელს იღებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც. კომპანიები მოპოვებულ 1 კილოგრამ ნედლეულში არამერქნული რესურსის მოსაკრებელს იხდიან 20 თეთრის მოცულობით, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შედის. დაახლოებით ეს თანხა 10 ათასი დოლარია, თუმცა როგორც ბაბუნაშვილი ამბობს, თანხა გაცილებით მეტი იქნებოდა კომპანიები იმდენს რომ იხდიდნენ, რამდენ ნედლეულსაც მოიპოვებენ. მისი თქმით, პრობლემაა კონტროლის შესაბამისი მექანიზმის არარსებობა.

ლიცენზიანტი კომპანიებისთვის პრობლემას წარმოადგენს ასევე უკონტროლოდ მიშვებული მოსახლეობა, რომლებიც გირჩს ლიცენზიანტი კომპანიების ტერიტორიაზე მოიპოვებენ.

,,ასი ათასობით ვიხდით ლიცენზიაში, ისინი კი შემოდიან და ჩვენს ტერიტორიაზე კრეფენ’’-აცხადებს ბაბუნაშვილი.

პრობლემის საქმის კურსში არიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. როგორც BM.GE-ს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ასლან საგანელიძემ განუცხადა, ლიცენზირებული ერთი კვარტლიდან 150 ტონა ტარო შეიძლება დამზადდეს და სწორედ ამ მოცულობიდან გამომდინარე უნდა იხდიდნენ კომპანიები გადასახადს. ,,2-3 ტონას მოიპოვებენ და გადასახადსაც ამისას იხდიან’’-ამბობს საგანელიძე.

მისი თქმით, პრობლემაა ასევე იმ მკრეფავების უსაფრთხოება, რომლებიც ლიცენზიანტ კომპანიებს ჰყავთ დაქირავებული. ,,მათი უსაფრთხოება არ არის დაცული. პარტიზანულად მოიპოვებენ გირჩს, უბედური შემთხვევებიც იყო გასულ წლებში’’-აცხადებს საგანელიძე.

ყოველ წელს, ევროპაში, 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება, ამ ნაძვების 90% კი არის იმ თესლიდან, რომელიც რაჭიდან მარაგდება.

 

bm.ge

კომენტარები