Background Image

ThecultureTrip – 10 ქალაქი, რომელსაც საქართველოში ყოფნისას უნდა ეწვიო

15:15 4 აპრილი, 2018

გთავაზობთ სტატიას საქართველოს შესახებ რომელიც საიტმა theculturetrip.com – მა მოამზადა.

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით, შუასაუკუნეების ქალაქებით, კარგი საკვებით, ფანტასტიკური ღვინით, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ენითა და სტუმართმოყვარეობით. გასაკვირი არ არის, რომ ბევრ მოგზაურს საქართველო ყურადღების მიღმა არ რჩება. theculturetrip.com აქვეყნებს იმ 10 ქალაქის სიას, რომელთაც საქართველოში ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიო. ისინი მოხსენიებულია, როგორც ყველაზე ლამაზი ქალაქები საქართველოში.

 

1) მცხეთა

მცხეთა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. ყოფილი დედაქალაქი თბილისიდან მხოლოდ 20 წუთის სავალზეა და ქართველებს სტუმრები პირველად სწორედ მცხეთის დასათვალიერებლად მიჰყავთ. ის 3000 წლის წინ დაარსდა. მცხეთაში ყველაზე ღირსშესანიშნავი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარია. ეს ადრეული შუასაუკუნეების არქიტექტურული შედევრი ასევე ცნობილია, როგორც „ადგილი“, სადაც ქრისტეს მოსასხამია დამარხული. ის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაც დასახელდა.

 

2) გორი

ისევე როგორც მცხეთა, გორიც დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს. სახელი მომდინარეობს ქართული სიტყვიდან „გორა“. ქალაქი საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს და ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს აკავშირებს. გორი ასევე ცნობილია, როგორც საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის დაბადების ადგილი. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ სტალინის სახლ-მუზეუმს და გაიგოთ მეტი მისი ბავშვობის წლების შესახებ.

 

3) ქუთაისი

მცხეთის მსგავსად, ქუთაისიც საქართველოს ყოფილი დედაქალაქია. ის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მე-11 საუკუნეში, ბაგრატ III-ის მმართველობის დროს აშენებული ბაგრატის ტაძარი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. მტრის უამრავჯერ შემოჭრის შედეგად, ბაგრატის ტაძარი არაერთხელ განადგურდა, თუმცა რეკონსტრუქცია 2012 წელს ჩაუტარდა. ბაგრატის ტაძრის გვერდით არის გელათის მონასტერი, რომელიც დავით IV აღმაშენებელმა 1106 წელს დააარსა. ისტორიულად, ეს  ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი კულტურული ცენტრი იყო და სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ საგანმანათლებლო დაწესებულებად არის აღიარებული

 

4) სტეფანწმინდა

სტეფანწმინდა თბილისიდან 157 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ზღვის დონიდან 1740 მეტრზე. ეს პატარა ქალაქი ბერმა სტეფანმა დააარსა. მან აქ თავშესაფარი ააშენა. ქალაქს სახელი სწორედ ორი სიტყვის „სტეფანის“ და „წმინდას“ შეერთებით დაერქვა. სტეფანწმინდა შესანიშნავი ხედებით გამოირჩევა. მართალია ეს ქალაქი ტურისტებისთვის არ არის მოწყობილი, თუმცა მიზეზი, რის გამოც ის პოპულარობით სარგებლობს, არის გერგეტის სამების ტაძარი, რომელიც ყაზბეგის მთაზე მდებარეობს.

 

5) თელავი

თუკი არქეოლოგიურ აღმოჩენებს დავუჯერებთ, თელავში ხალხი ბრინჯაოს ხანის შემდეგ დასახლდა. ის კახეთის რეგიონში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი იყო. თელავი არქიტექტურისა და დიზაინის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი არსებობის დღიდან, აქ კახეთის მეფეები, რომაელები და ქართველი მონარქები თავიანთ არქიტექტურულ ნიშნებს ტოვებდნენ. მნიშვნელოვანი ადგილებია ძველი გალავანი და ბატონის ციხე.

 

6) სიღნაღი

თავისი დიდი ისტორიით, არქეოლოგიური საგანძურით, უმშვენიერესი ქალაქის ცენტრით და ალაზნის ველის განსაცვიფრებელი ხედებით, სიღნაღი ტურისტებს უკმაყოფილოს არასოდეს ტოვებს. აქ ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილი სიღნაღიდან 2 კილომეტრის მოშორებით, ბოდბეს მონასტერია. ის ცნობილია, როგორც რელიგიური ადგილი და უკავშირდება წმინდა ნინოს სახელს, რომელმაც ქრისტიანობა გაავრცელა.

 

7) ბორჯომი

ბორჯომი თავისი კურორტებითა და მინერელური წყლითაა ცნობილი. ორიგინალი წყალი უფრო თბილია, მარილითა და გოგირდით, წარმოებული და ჩამოსხმული წყალი კი ოდნავ განსხვავებულია. წყლის დაგემოვნების გარდა, შეგიძლიათ ესტუმროთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. რომანოვების საზაფხულო სახლის სანახავად კი შეგიძლიათ ახლოს მდებარე სოფელს, ლიკანს ეწვიოთ. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ იმგზავროთ ე.წ. კუკუშკათი და დატკბეთ ტყის შესანიშნავი ხედით. აქვე მდებარეობს წაღვერი-ცემის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც რომანოვის შეკვეთით ეიფელის კოშკის შემქმნელის, გუსტავ ეიფელის მიერ არის დაპროექტებული.

 

8) ზუგდიდი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თბილისიდან 318 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.  ისტორიულად, 1867 წლამდე ის სამეგრელოს სამთავრო დედაქალაქი იყო. ზუგდიდი მეგრული სამეფო ოჯახის „სახლი“ იყო, დადიანების სასახლე კი მათი საცხოვრებელი.

დადიანების სასახლე ინახავს ნაპოლეონის სიკვდილშემდგომ ნიღაბს და წმინდა მარიამის კვართს. ზუგდიდში ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ბოტანიკურ ბაღს, დედოფლის სასახლეს და ქალაქის ბულვარს. არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების გარდა, სამეგრელოს რეგიონი თავისი სამზარეულოთიცაა ცნობილი.

 

9) მესტია

ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარე, მთებით გარშემორტყმული მესტია ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრია. ის დედაქალაქიდან 128 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. თავგადასავლების მოყვარულებისთვისა და მოხეტიალეებისთვის, მესტია საუკეთესო ადგილია. აქ მდებარეობს შუასაუკუნეების თავდაცვითი კოშკები და მიედინება ძალიან ლამაზი ტბები.

 

10) ბათუმი

ბათუმი

სანაპირო ქალაქი და ზაფხულში ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ უკვე უცხოელებისთვისაც. მთავარი გასართობი და თავშესაქცევი ადგილები ბულვართან მდებარეობს. ღამის ცხოვრება, თანამედროვე არქიტექტურა და უამრავი არჩევანი სადილობისთვის არის ის, რის გამოც, ბათუმი ტურისტებისთვის სასურველი და საყვარელი ადგილია.

 

 

ავტორი: მარიამ გაბისონია

 

 

კომენტარები