Background Image

“შატო მუხრანი” – ივანე მუხრანბატონის მიერ დანერგილი შატოს კონცეფცია

13:42 11 აპრილი, 2018

2002 წელს ბიზნესმენების, ფრედერიკ პოლსენის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ, „შატო მუხრანის“ აღდგენის პროექტს ჩაეყარა საფუძველი. 2007 წელს “შატო მუხრანმა” თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რის შემდეგაც „შატო მუხრანის“ ღვინის დაყენება მხოლოდ მათ ვენახებში მოყვანილი ყურძნით ხდება.

როგორც myrest.ge-ს კომპანიის მენეჯერმა, ელენა ვდოვიჩენკომ განუმარტა, “შატო მუხრანის” ჯგუფი ცდილობდა მამულისთვის წარსულის დიდება დაებრუნებინა და აღედგინა მუხრანის პროდუქცია, რომელიც თანამედროვე და ტრადიციული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს აერთიანებს. ღვინის კომპანია ამჟამად ქართულ ღვინოებსა და ალკოჰოლურ სასმელ – ჭაჭას აწარმოებს, რომელის დისტრიბუციაც ხორციელდება როგორც ჩვენი პარტნიორი “Marussia Beverages“-ის, აგრეთვე ჯგუფის არაწევრი კომპანიების მიერ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და შეესაბამება ISO 9001:2005 სურსათის უვნებლობასა და ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სტანდარტებს.

საინტერესოა რატომ შეარჩიეს სახელი “შატო მუხრანი” და საიდან მოდის მისი ისტორია?

„შატო მუხრანი“ პირველი ქართული შატოა, რომლის საქმიანობაც ეფუძნება მეღვინეობის იმ უნიკალური ტრადიციის გაგრძელებას, რომელიც შექმნა ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა – ივანე მუხრანბატონმა. „შატო მუხრანი“ ეფუძნება 4 ძირითად ფასეულობას: ვენახები, მარანი, სასახლე და ისტორია.

1512 წლიდან მუხრანის მამულებს სათავეში ბაგრატიონთა დინასტია ჩაუდგა. მუხრანის ღვინის წარმოებაც სწორედ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთან, მე-19 საუკუნის ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწე, ივანე მუხრანბატონთან არის დაკავშირებული, რომელმაც ჯერ კიდევ 1876 წელს სფრანგეთში მოგზაურობისას შეისწავლა შატოს კონცეფცია და საქართველოში მისი დანერგვა დაიწყო”.- აღნიშნა კომპანიის მენეჯერმა.

კომპანია გთავაზობთ ისეთ ჯიშებს როგორებიცაა: წითელი ღვინო – საფერავი, შავკაპიტო, თავკვერი, კაბერნე-სოვინიონი, თეთრი ღვინო– გორული მწვანე, რქაწითელი, შარდონე, სოვინიონ ბლანი, მუსკატი. რომელთა ფასებიც 16 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს.

გორული მწვანეს, თავკვერისა და შავკაპიტოს დაგემოვნება კი მხოლოდ “შატო მუხრანის” წარმოებითაა შესაძელებლი.

კომპანია 102 ჰექტარ, საკუთარ ვენახს ფლობს და უკვე 12 წელია ქმნის უნიკალურ გემოს.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

იხილეთ ფოტოგალერეა:

კომენტარები