Background Image

10 ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც ტურისტები სელფებს იღებენ

14:50 13 აპრილი, 2018

ინსტაგრამზე ტურისტების მიერ ატვირთული სელფების მიხედვით, რომელზეც ლოკაციაა მონიშნული, გამოავლინდა 10 ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც ტურისტები სელფებს იღებენ. “AttractionTix-ის” მიერ ჩატარებულ კვლევას “Teleghraph-ი” გვთავაზობს.

 

მე-10 ადგილი –  ლონდონის ტაუერი

3 840 სელფით ლონდონის ტაუერი მე-10 ადგილს იკავებს. ის ისტორიული ციხესიმაგრეა ლონდონის ცენტრში, მდინარე ტემზას სანაპიროზე. აშენდა 1066 წელს, ინგლისის ნორმანული დაპყრობების პერიოდში. თეთრი ტაუერი, რომლისგანაც მთლიან ციხესიმაგრეს ეწოდა სახელი, კომპლექსის ცენტრში. 1100 წლიდან ციხესიმაგრე საპყრობილედ გამოიყენებოდა, თუმცა მისი თავდაპირველი ჩანაფიქრი ეს არ ყოფილა. მთლიანობაში, ტაუერი რამდენიმე ნაგებობისგან შემდგარ კომპლექსს წარმოადგენს. XII-XIII საუკუნეებში კომპლექსი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

 

მე-9 ადგილი – როკფელერის ცენტრი, ნიუ-იორკი

4290 სელფი. როკფელერის ცენტრის უმაღლესი წერტილი დიდი პოპულარობით სარგებლობს და აქ ტურისტები ხშირად იღებენ სელფის. როკფელერის ცენტრი კომერციული შენობისგან შემდგარი კომპლექსია ნიუ-იორკში 48-ე და 51-ე ქუჩებს შორის. მდებარეობს მიდთაუნ მანჰეტენის ცენტრში. დღევანდელი როკფელერის ცენტრი ძირითადად შენობათა ორი კომპლექსის კომბინაციაა: ერთი მხრივ ძველი არტ-დეკო საოფისე შენობები 1930-იანი წლებიდან და, მეორე მხრივ, საერთაშორისო სტილის ცათამბჯენები აგებული ამერიკის ავენიუს გასწვრივ. როკფელერის ცენტრის მთავარი მონუმენტური შენობაა 71 სართულიანი, 872 ფუტის სიმაღლის ჯენერალ ელექტრიკის შენობა (30 როკფელერ პლაზა, უწინ არ-სი-ეი ბილდინგი), რომელიც კომპლექსის ცენტრშია განთავსებული.

 

მე-8 ადგილი – რომის კოლიზეუმი

4 670 სელფი. გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 – 80), გეგმით ელიფსური შენობის შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ, 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლოზეუმი რომაული ფორუმის მარჯვნივ მდებარეობდა. მისი მშენებლობა ძვ. წ. 70-სა – ძვ. წ. 72 წელს იმპერატორ ვესპასინეს ზეობის  დროს დაიწყო  და იმპერატორ ტიტუსის მმართველობის დროს დასრულდა. შემდგომი ცვლილებები კი  იმპერატორ დომიციანეს მმართველობისას შეიტანეს. კოლოზეუმი რამდენჯერმე მიწისძვრამ დააზიანა, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.

 

მე-7 ადგილი – პარიზის დისნეილენდი

4 749 სელფი, რომელთა შორის უმეტესობა მულტფილმების პერსონაჟებთან ერთადაა გადაღებული. პარიზის დისნეილენდი ევროპის უდიდესი გასართობი კომპლექსია, რომელიც შედგება ორი პარკ-ატრაქციონისგან, გოლფის მოედნისა და ათი სასტუმროსაგან. ყოველწლიურად საფრანგეთის დისნეილენდს 13 მილიონ ადამიანზე მეტი სტუმრობს.

 

მე-6 ადგილი – საგრადა ფამილია, ბარსელონა

4 970 სელფი. საგრადა-ფამილია (კატალ. „წმინდა ოჯახი“) მშენებარე კათოლიკური ბაზილიკაა ბარსელონაში. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო. ფორმალური სახელია „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი“. ანტონიო გაუდი პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი ამ მიზანს დაუთმო. უსაშველოდ ხანგრძლივი მშენებლობის პროცესის გამო გაუდის ხუმრობით უთქვამს „ჩემს კლიენტს არ ეჩქარებაო“. გაუდის გარდაცვალების შემდეგ, 1926 წელს, მშენებლობაზე მუშაობა დომენეკ სუგრანიესისის ხელმძღვანელობით გაგრძელდა, სანამ 1935 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დაუმთავრებელია, იგი 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ აკურთხა და აქ ღვთისმსახურების ნებაც დართო.

 

მე-5 ადგილი – ემპაირ სტეიტ ბილდინგი, ნიუ-იორკი

8430 სელფით ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი, 102-სართულიანი შენობა მე-5 ადგილს იკავებს. ემპაირ სტეიტ ბილდინგი 1931 წელს აშენდა. ცათამბჯენს სახელი ნიუ-იორკის შტატის მეტსახელის გამო დაერქვა. სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკულმა საზოგადოებამ შენობა მსოფლიოს თანამედროვე შვიდ საოცრებას შორის დაასახელა. ის უდიდეს ცათამბჯენთა მსოფლიო ფედერაციასაც ეკუთვნის.

 

მე-4 ადგილი – ბიგ ბენი, ლონდონი

8 780 სელფი. ბიგ ბენი უესტმინსტერის სასახლის ექვსი ზარიდან ყველაზე დიდი ზარის სახელია.ხშირად ამ სახელს თვითონ საათის კოშკსაც მიაკუთვნებენ, რომელსაც 2012 წლის სექტემბრიდან ოფიციალურად „ელისაბედის კოშკი“ ჰქვია. კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული, ზარის მრეკავი საათი აქვს. ის მსოფლიოში მარტო მდგარი საათის კოშკებიდან, სიმაღლით მესამეა. კოშკის მშენებლობა 1858 წელს დასრულდა. ის როგორც ლონდონის, ასევე ინგლისის ყველაზე თვალშისაცემი სიმბოლო გახდა.

 

მე-3 ადგილი – ბურჯ ხალიფა, დუბაი

8 860 სელფი. ბურჯ ხალიფა ან ბურჯ დუბაი (არაბ.„ხალიფას კოშკი“) — სუპერმაღალი ცათამბჯენი დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში. აღიარებულია, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალი სტრუქტურული ნაგებობა. ცათამბჯენის შენება  2004 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 2010 წლის 4 იანვარს დასრულდა. შენობის მთავარი არქიტექტორი, სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერია ჩიკაგოს კომპანია Skidmore, Owings and Merrill LLP (SOM).

 

მე-2 ადგილი – “დისნეიუორლდი”, ფლორიდა

 9 870 სელფი. დისნეიუორლდი (ინგლ. Disney World, ოფიც.  „უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრი“)  მსოფლიოში უმსხვილესი გასართობი ცენტრია. მის შემადგენლობაში შედის 4 თემატური პარკი, 2 აკვაპარკი, 23 თემატური სასტუმრო, მრავალრიცხოვანი მაღაზიები, კაფეები, რესტორნები და გასართობი ადგილები. მდებარეობს აშშ-ს შტატ ფლორიდის ქალაქ ორლანდოს სამხრეთ-დასავლეთში. გაიხსნა 1971 წლის 1 ოქტომბერს, რის გამოც მანამდე ნაკლებად ცნობილი, მცირე ზომის დასახლებული პუნქტიდან ორლანდო მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ ცენტრად იქცა.

 

1-ლი ადგილი – ეიფელის კოშკი, პარიზი

10 700 სელფით ეიფელის კოშკი პირველ ადგილს იკავებს. ლითონის კონსტრუქცია მარსის ველზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი პროექტის ავტორისა და ინჟინერის, გიუსტავ ეიფელის პატივსაცემად დაერქვა. ეიფელის კოშკი ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ “Telegraph-ის” მიხედვით.

კომენტარები