Background Image

9 საუკეთესო მოდის მუზეუმი „escapehere-ის“ მიხედვით

15:08 16 აპრილი, 2018

მსოფლიო მასშტაბის მოდის კვირეულები წელიწადში ორჯერ ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკსა და მილანში ტარდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარჩენილი დროის განმავლობაში მოდის მოყვარულებს „დანაკლისის“ შევსება არ შეუძლიათ. არსებობს შესანიშნავი მოდის მუზეუმები, რომელთა ნაწილის დათვალიერება უფასოდაა შესაძლებელი, ზოგიერთი მათგანი კი ფასიანია. ეს მუზეუმები ინახავს ამა თუ იმ ბრენდის სამოსის, ფესაცმელებისა თუ ჩანთების ისტორიებს. „escapehere-ი“ 9 საუკეთესო მოდის მუზეუმს წარმოგვიდგენს.

 

9. Pallazo Morando, მილანი

სია სრულყოფილი არ იქნება, თუ Pallazo Morando-ს გამოვტოვებთ. ეს მუზეუმი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან დედაქალაქში, მილანშია. ის რენესანსისდროინდელ სასახლეში მდებარეობს, რომელიც მილანის წარჩინებულ ოჯახს ეკუთვნოდა მანამ, სანამ 1945 წელს ქალაქს „შემოსწირეს“. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოდის მუზეუმების მსგავსად Pallazo Morando  წარმოდგენილი ტანსაცმლის სიუხვით არ გამოირჩევა, აქ ორ, ერთმანეთისგან გამოყოფილ სივრცეში, თქვენ ნახავთ სამოსს, აქსესუარებსა და უნიფორმებს. ყველაფერთან ერთად, მუზეუმში შესვლა უფასოა და ის ყველასათვის ღიაა.

 

8.Christian Dior-ის მუზეუმი, საფრანგეთი

ეს მუზეუმი კრისტიან დიორის ბავშვობის სახლია და ის მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. 1997 წლიდან აქ ყოველ ზაფხულს დროებითი გამოფენა ტარდება, რომლის თემაც დიორს და მისი მოდის სახლის დიზაინს უკავშირდება. 2010 წლიდან კი შემოდგომისა და ზამთრის გამოფენაზე წარმოდგენილია მუზეუმის პირადი კოლექცია. მუზეუმი ღიაა კვირაში 7 დღე, დილის 10-დან საღამოს 7-ის ნახევრამდე.

 

7. Salvatore Ferregamo-ს მუზეუმი, იტალია

ეს მუზეუმი სალვატორ ფერეგამოს ეკუთვნის. როდესაც საქმე ფეხსაცმლის შექმნას ეხება, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გამომგონებელი, ფერეგამო უნდა გავიხსენოთ. მუზეუმი 1995 წელს გაიხსნა და ის დიზაინერის არტისტულ შესაძლებლობებს  წარმოაჩენს. აქ ჩვენ შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, თუ რა დიდი როლი ითამაშა მან მსოფლიო მოდის ფეხსაცმლის დიზაინის შექმნაში. დიზაინერის წარმატება გარკვეულწილად ჰოლივუდის ვარსკვლავებმაც განაპირობეს, რომელთა შორის მერლინ მონროც იყო. მუზეუმში წარმოდგენილია ფოტოები, ესკიზები, წიგნები და დაახლოებით 10 000 მოდელი, რომელიც სალვატორ ფერეგამომ მის გარდაცვალებამდე, 1960 წლამდე შექმნა.

 

6. The Costume Institute – ნიუ-იორკი

ეს მუზეუმი განსაკუთრებით საინტერესოა კოსტიუმებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. შესაძლოა, დედამიწაზე არც კი არსებობს იმაზე უკეთესი ადგილი, ვიდრე ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტი. მუზეუმში 35 000-მდე კოსტიუმი და აქსესუარია, რომელიც მე-15 საუკუნით თარიღდება და 5 კონტინენტს წარმოადგენს. 2012-დან 2014 წლამდე მუზეუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, შემდეგ კი სპეციალური გამოფენა მოეწყო. თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ყოველწლიურ გალას დაესწროთ, აქ უამრავ ცნობილ ადამიანს და მაღალი რანგის მოდის დიზაინერს შეხვდებით.

 

5. Tassen Museum, ამსტერდამი

ეს ჩანთებისა და საფულეების მუზეუმი მოდას, ხელოვნებასა და ისტორიას აერთიანებს. ის ამსტერდამის ცენტრში, ლამაზ სახლში მდებარეობს, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნაწილია. მუზეუმში შუასაუკუნეების ჩანთები და საფულეებია წარმოდგენილი და ის მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის, 5000-ზე მეტი ჩანთისა და საფულის ნახვა ერთ სივრცეში შეგიძლიათ. მე-17 საუკუნით დათარიღებულ ოთახში თქვენ Versace-ს ჩანთასაც ნახავთ, რომელსაც მადონა იყენებდა. აქვე ლამაზი რესტორანიცაა, ბაღის შესანიშნავი ხედით. თუ თქვენ ჩანთები გიყვართ,  ამ მუზეუმს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

 

4. Museo De La Moda – სანტიაგო, ჩილე

მოდის მუზეუმი ჩილეში, რომელიც მე-20 საუკუნის დასავლურ სამოსს აერთიანებს, განსაკუთრებით რამდენიმე ნივთითაა ცნობილი. აქ თქვენ ნახავთ ჯონ ლენონის ქურთუკს (1966 წელი), ასევე სპეციალურად მადონასთვის შექმნილ კონუსის ფორმის ბიუსჰალტერსა და ლედი დიანას საღამოს კაბას (1981 წელი). აქ ათასობით ჩანახატი, ფოტო და წიგნია, რომლის დათვალიერებაც ნებადართულია. მუზეუმი 2007 წელს გაიხსნა და ცოტას თუ ნახავთ ისეთ ადგილს, სადაც ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობის მოდური ნივთის ნახვა შეგიძლიათ.

 

3. Museum at FIT, ნიუ-იორკი

ნიუ-იორკის მოდის ტექნოლოგიების ინსტიტუტმა მსოფლიოს წარმოუდგენელი მოდის ვარსკვლავები აჩუქა, მისი მუზეუმი კი ქალაქში ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომელიც საზოგადოებისთვის მუდამ ღიაა. აქ წარმოდგენილია ისეთი დიზაინერების შთამბეჭდავი კოლექციები, როგორებიც შანელი და აზადინ ალაია არიან. მუზეუმში მხოლოდ გამოფენა არ ეწყობა, აქ ტარდება ტურები, ლექციები და წამყვან დიზაინერებთან საუბრები. აქ  50 000-მდე ნივთის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის, მე-18 საუკუნის ტანსაცმლისა და აქსესუარების. სამი გალერეით, ფოტოგრაფიული სტუდიითა და სახელოსნოებით, ეს მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესოა.

 

2. Gucci Museum, ფლორენცია

2011 წელს გუჩის მუზეუმმა სტუმრებს კარი გაუღო. ის ფლორენციული მოდის სახლის ისტორიას წარმოგვიდგენს. გამოფენაზე წარმოდგენილია ბრენდის ჩანთები, ტანსაცმელი და აქსესუარები. გუჩის მუზეუმში არის კაფე/რესტორანი, წიგნების მაღაზია და Wifi. ეს მუზეუმი სხვებისგან გამორჩეულია და თუ მას ეწვევით, ნამდვილად არ ინანებთ.

 

1. Victoria and Albert Museum, ლონდონი

ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმი ხელოვნებასა და დიზაინს „ეძღვნება“ და ის მთელი მსოფლიოდან შესანიშნავ კოსტიუმებს ინახავს. როდესაც მუზეუმში შეხვალთ, შესაძლებელია, დიდი დრო დაკარგოთ იმაზე ფიქრში, თუ რას უნდა შეხედოთ. 1-საათიანი ტური კარგი გადაწყვეტილებაა იმისთვის, რომ ყველაფერი დაათვალიეროთ. მოდის მოყვარულებისთვის აქ უამრავი საინტერესო ნივთია. მუზეუმში 400 წლის წინანდელ ქალისა და მამაკაცის ტანისამოსს ნახავთ. აქვე არის ქუდების კოლექცია, სამურაების ჯავშნები და შუასაუკუნეების სასიყვარულო ბეჭდები. მუზეუმში შესვლა უფასოა.

 

 სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ „escapehere-ის“ მიხედვით.

კომენტარები