Background Image

რჩევები მოგზაურებს – ყველაზე ლამაზი ადგილები ევროპაში, რომელიც უნდა ნახოთ

11:44 26 აპრილი, 2018

ოცნებობთ ევროპაში მოგზაურობაზე? თუკი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, „thrillist-ის“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტები და რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. იმისათვის, რომ არჩევანის გაკეთება გაგიადვილდეთ, წარმოგიდგენთ იმ ადგილებს, რომლებსაც ევროპის ამა თუ იმ ქალაქში აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

 

                                                                                              Lagos de Tristaina, ანდორა

ეს მაღალმთიანი ტბები ნამდვილად ბუნების ჯილდოა. უფასო საძოვრები ცხენებისთვის, სუფთა წყლისა და შესანიშნავი ხედების ჰარმონიული კომბინაცია ნამდვილად აღგაფრთოვანებთ. ეს ადგილი საუკეთესო ვარიანტია პიკნიკის მოსაწყობად.

 

                                                                                                     Alpbach, ავსტრია

ავსტრიის მოსახლეობამ Alpbach-ი ქვეყნის საუკეთესო სოფლად აღიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტერიტორიის აყვავებული, მწვანე მინდვრები ფილმ „The „Sound of Music-ის“ გადასაღები ლოკაცია იყო. ზამთარში აქ თოვლიანი სათხილამურო ტრასებიც გვხვდება.

 

                                                                                            Mir Castle, ბელარუსი

მე-16 საუკუნით დათარიღებული სასახლე გოთიკურ სტილში იყო აშენებული მანამ, სანამ მოგვიანებით ბაროკოსა და რენესანსის ელემენტები არ დაამატეს. სასახლის შიგნით ნამდვილი ისტორიული საგანძურია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს უკავშირდება.

 

                                                                                     Flanders Fields, ბელგია

ყაყაჩოების ველი მხოლოდ სილამაზესთან არ ასოცირდება, მას სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ის პირველი მსოფლიო ომის მძიმე ტვირთისა და წარსულის სინონიმად ითვლება. დღესდღეობით, ყაყაჩოების ველს უამრავი ტურისტი სტუმრობს.

 

                                                                              Aphrodite’s Rock (Petra tou Romiou), კვიპროსი

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ქალაქის ლაჟვარდოვან სანაპიროსთან ახლოს, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი, აფროდიტე დაიბადა, რომელიც ზღვის ქაფიდან წარმოიშვა. ადგილობრივი ლეგენდა კი მოგვითხრობს, რომ ის, ვინც აქ მოხვდება, მარადიული სილამაზით დაჯილდოვდება.

 

                                                                                                  Giverny, საფრანგეთი

შეიძლება ითქვას, რომ კლოდ მონესთვის ეს ადგილი შთაგონების წყარო იყო და ეს მის რამდენიმე ნამუშევარზეც აისახა. ვარდების თაღი, ტირიფები და წყლის შროშანები ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის.

 

                                                                                                   Santorini, საბერძნეთი

წარმოუდგენელია, სანტორინი თქვენი საყვარელი ადგილი არ გახდეს. უბრალოდ შეხედეთ მას. კუნძულის ბუნებრივი სილამაზე, ფერადი კლდეები და ლურჯი წყალი – ეს ნამდვილად საოცნებო და ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია.

 

                                                                                   Mount Kirkjufell, ისლანდია

ეს ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი ადგილია, სადაც შეიძლება მოხვდეთ. ცა ისე გმოიყურება, თითქოს გაყინულია. აქ გადის გზა, რომელიც შთაბეჭდილებებით აგავსებთ, თუკი მას ფეხით გაივლით. ესტუმრეთ ამ ადგილს ღამით, და თქვენ ჩრდილოეთის ნათებასაც ნახავთ.

 

                                                                                                         Bled, სლოვენია

ეს სლოვენიის ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია. ტბის სიგრძე 2.2 კილომეტრია. ზაფხულში წყლის ზედაპირზე ტემპერატურა 25 გრადუსს აღწევს, თუმცა შემოდგომაზე ტემპერატურა 18 გრადუსამდე იკლებს. ზამთარში წყალი იყინება და ტბა ყინულის მოედნის ფუნქციას ასრულებს.

 

                                                                                           Cappadocia, თურქეთი

თუ თქვენ არ გაქვთ კავშირი NASA-სთან ან მილიარდი ბანკში, ეს საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ თავი სხვა პლანეტაზე იგრძნოთ. თაფლისფერი კლდეები და უძველესი გამოქვაბულები ჰარმონიას ქმნის, პარაშუტები კი ამ ყველაფერს უფრო ალამაზებს.

 

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ „thrillist-ის“ მიხედვით.

 

 

 

 

კომენტარები