Background Image

7 უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილი მოგზაურებისთვის

15:03 30 აპრილი, 2018

ეძებთ უნიკალურ და გამორჩეულ ადგილებს დასვენებისთვის? „escapehere-ის“ რჩევები ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. იმ შემთხვევაში, თუ ეიფელის კოშკის ან ბიგ ბენის მონახულება არ გიზიდავთ, ეს ბლოგი სწორედ თქვენთვისაა. მსოფლიოში უამრავი ისეთი ადგილია, რომელიც ეგზოტიკით და შთაბეჭდილებებითაა სავსე – წარმოგიდგენთ 7 მათგანს.

 

Sichuan, ჩინეთი

სიჩუანში, 71 მეტრის სიმაღლის ქვის უზარმაზარი ქანდაკება, ლეშანის გიგანტური ბუდა დგას. ის მე-8 საუკუნით თარიღდება და მსოფლიოში ბუდას ყველაზე დიდ გამოსახულებად ითვლება. ლეშანის ბუდის ქანდაკების ხედი 1996 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია.

 

Las Pozas, მექსიკა

ლას პოზასი მექსიკის ერთ-ერთ მიტოვებულ ქალაქში მდებარეობს. ამ ბაღში შესანიშნავი ლანდშაფტი, ფანტასტიკური პეიზაჟები და ქანდაკებებია, რომელიც მდიდარმა ინგლისელმა არისტოკრატმა შექმნა. ედვარდ ჯეიმსს სურდა „ფანტაზიის კუნძული“ შეექმნა. 20 ჰექტარ ფართობზე მან ნაგებობები სახელწოდებით: „სახლები, ვეშაპის მსგავსი სახურავებით“ ააშენა.

 

Pancake Rocks, ახალი ზელანდია

ეს ულამაზესი კლდეები ახალ ზელანდიაში, პაპაროას ეროვნული პარკის დასავლეთით მდებარეობს. კირქვისა და ქვიშაქვის ფენებმა ოკეანესთან მოიყარეს თავი. ქვიშაქვა კირვაზე რბილი იყო, რამაც კლდეების წარმოშობას და მათ ფორმირებას შეუწყო ხელი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ერთ ღამეში არ მომხდარა. აღნიშნული პროცესი 30 მილიონი წლის წინ დაიწყო.

 

Mont St. Michel, საფრანგეთი

ეს ციხესიმაგრედ ქცეული კლდოვანი კუნძული, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. სენ-მიშელის ყურის სამი კუნძულიდან (მონ სენ-მიშელი ტომბლენი და მონ დოლი), ის ერთადერთი დასახლებული კუნძულია.  1979 წლიდან იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული.

 

Ice hotel, შვედეთი

არ გაშინებთ ცივი ამინდი? შვედეთში, არქტიკული წრიდან, დაახლოებით, 124 მილის მოშორებით, ყინულის სასტუმრო მდებარეობს და ის მხოლოდ ზამთარში ფუნქციონირებს. სასტუმრო მთლიანად ყინულისგანაა აშენებული. აქ სტუმრებისთვის საწოლიც კი ყინულისაა და არა მხოლოდ საწოლი – მისაღები ოთახი, ეკლესია და ბარიც.

 

Cancun Underwater Museum – კანკუნი

კანკუნის წყალქვეშა მუზეუმში 400-ზე მეტი სკულპტურაა. მექსიკის საზღვაო აკვატორიაში სკულპტურების წყალქვეშა ექსპოზიციის მოწყობის იდეა ბრიტანელ სკულპტორს, ჯეისონ დეკაირეს ტეილორს ეკუთვნის. იდეის განხორციელების ოფიციალური მიზეზი, გარემოს დაცვის პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება იყო. წყალში სკულპტურებს 10 მეტრის სიღრმეზე უშვებენ, ამიტომ იქამდე მიღწევა მხოლოდ აკვალანგით და, ხშირ შემთხვევაში, ინსტრუქტორის დახმარებითაა შესაძლებელი.

 

Ithaa Undersea restaurant – მალდივები

ოდესმე თუ გქონიათ სურვილი თევზების გარემოცვაში გესადილათ? Hilton Resort-ი მალდივებზე წყალქვეშა რესტორანს გთავაზობთ. რესტორანი წყალქვეშ, 16 მეტრის სიღრმეში მდებარეობს და ის მთლიანად გამჭვირვალე მინებისგანაა აშენებული. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისადილონ და, ამავდროულად, წყალქვეშა სამყაროთი იყვნენ გარშემორტყმულნი. დარწმუნდით, რომ ადგილი დაჯავშნეთ, რადგან რესტორანი მხოლოდ 12 სტუმარს იტევს.

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ „escapehere-ის“ მიხედვით.

კომენტარები