Background Image

Deutsche Welle: ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს

11:46 30 აპრილი, 2018

ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს და ამის მიზეზად თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდას ასახელებს.

“გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაჩვენებელი გაიზარდა. ეს უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ მოხდა. მიმდინარე მონაცემებით, მხოლოდ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების 3-ჯერ მეტი მოთხოვნაა თავშესაფრის მინიჭებაზე, ვიდრე ეს უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე იყო”- წერს Deutsche Welle.

გერმანული გამოცემის ცნობით, 2017 წლის იანვრიდან მარტამდე (უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე) თავშესაფრის მინიჭებაზე 601 განაცხადი იყო შეტანელი. 2018 წლის ამავე პერიოდში კი- 1771.

უფრო რთული ვითარებაა იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში. უვიზო რეჟიმის გაუქმების მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ მოვლენების სწორედ ამგვარ განვითარებაზე შიშობდნენ.

გამოცემის ცნობით, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროკავშირმა შესაძლოა შეჩერების მექანიზმზე მსჯელობა დაიწყოს.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.

2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა – 1570-მდე გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა.

პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა. მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვრის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.

 

imedinews.ge

 

 

 

კომენტარები