Background Image

პირველი ქვეყანა, რომელმაც თამბაქო აკრძალა

12:40 2 მაისი, 2018

ბუტანი აზიაში მდებარე ინდოეთის და ჩინეთის მოსაზღვრე ქვეყანაა. ჰიმალაის მთებთან მდებარე ეს სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული სახელმწიფოა მსოფლიოში. სწორედ ეს ქვეყანა გახდა პირველი, რომელმაც 2010 წლის თამბაქოს აქტის მიხედვით, მოწევა და თამბაქოს გაყიდვა აკრძალა. კანონი კრძალავს თამბაქოს მოყვანას, წარმოებას, მიწოდებას და დისტრიბუციას ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ ბუტანის მთავრობა პერიოდულად ითვლის “მთლიანი ნაციონალური ბედნიერების” დონეს. ამ მხრივაც ბუტანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში. ამ სახელმწიფოს ხელისუფლება ქვეყნის განვითარებას არა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის მიხედვით, არამედ სწორედ “მთლიანი ნაციონალური ბედნიერების” დონის ზრდით აფასებს.

მას ხშირად ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა სახელმწიფოსაც უწოდებენ. ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაცულ ტერიტორიებადაა გამოცხადებული, სადაც ნადირობაც აკრძალულია.

ბუტანი მონარქიული სახელმწიფოა, რომელსაც ჰყავს მეფე. ბუტანის მეოთხე მეფე ჯიგმე სინგე ვანგჩუკმა, რომელიც ტახტზე 1972 წელს ავიდა, ქვეყანა ახალი ინტრასტრუქტურით უზრუნველყო (ელექტროენერგია, ტელეფონები, გზები), თუმცა, ისე, რომ ეკოლოგიას მინიმალური ზარალი მიადგა.

ამასთან სწორედ ამ მონარქმა შეზღუდა ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტების შესვლა, რაც შეიძლება ითქვას დღემდე მოქმედებს. უცხოელი, რომელიც ბუტანში ჩადის, ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს 200 დოლარი. ხოლო კიდევ დაახლოებით 200 დოლარი უნდა იხადოს ყოველი შემდგომი დღისათვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში აეროპორტი 1984 წლამდე არ არსებობდა, რის გამოც, ბუტანი კიდევ უფრო მიუვალ ადგილს წარმოადგენდა უცხოელებისთვის.

ბუტანი იმითაც გამოირჩევა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან, რომ იგი ერთ-ერთი ბოლო სახელმწიფო იყო, რომელმაც ტელევიზიასა და ინტერნეტზე აკრძალვა მოხსნა. 1999 წელს ამ ქვეყანაში პირველად გამოჩნდა ტელევიზია.

 

 

 

 

 

 

კომენტარები