Background Image

უცნაური სასტუმრო შვეიცარიაში კედლებისა და ჭერის გარეშე

10:52 2 მაისი, 2018

მსოფლიოში უამრავი ორიგინალური და ტრადიციული B&B-სგან (Bed & Breakfast) განსხვავებული სასტუმრო არსებობს. მათ შორისაა, ყინულისა თუ ლითონის ფურცლებისგან აშენებული სასტუმროები. Businessinsider-ი“ წარმოგვიდგენს სასტუმროს, რომელიც მსგავსი ტიპის – ორიგინალურ და „არატრადიციულ“ სასტუმროებს განეკუთვნება.

მას „Null Stern-ი“ ეწოდება, რაც გერმანულად ითარგმნება, როგორც „ნულოვანი ვარსკვლავი“. ეს სასტუმრო შვეიცარიის ალპებში, ღია ცის ქვეშ მდებარეობს. მას არც ჭერი აქვს და არც კედლები. ამ სასტუმროში დარჩენა კარავში ყოფნას ჰგავს, თუმცა აქ მხოლოდ საწოლი და თეთრეულია.

„Null Stern-ი“ 2016 წლის ივლისში, შვეიცარიაში გაიხსნა. სასტუმრო ზღვის დონიდან 6 463 მეტრზე მდებარეობს და აქ ერთი ღამით დარჩენა 210 დოლარი ღირს. იმისათვის, რომ საწოლი მთაზე დაედგათ, მიწის ამოთხრა გახდა საჭირო. „Null Stern-ს“ ჭერისა და კედლების გარდა, სააბაზანო ოთახიც არ აქვს, თუმცა 5 წუთის სავალზე „საერთო“ სააბაზანოა, ახლოს მდებარე ოთახში კი ტანსაცმლის გამოცვლას შეძლებთ.  ყველაფერთან ერთად, აქ შვეიცარიის მთების შესანიშავი ხედია. საუზმეს და ვახშამს ლოგინში მოგართმევენ.

მეორე „ოთახი“ სასტუმრომ Appenzell-ში გახსნა, რომელიც ასევე შვეიცარიაში, ზღვის დონიდან 400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პირველი „ოთახისგან“ განსხვავებით, აქ „ტელევიზორიცაა“,  დისტანციური მართვის გარეშე, მხოლოდ ერთი, ექსკლუზიური „არხით“.  ეს არ არის ნამდვილი ტელევიზორი, არამედ ადამიანია, რომელსაც ტელევიზორის ჩარჩო უჭირავს და ინფორმაციას ამინდის პროგნოზისა და ახალი ამბების შესახებ გაწვდით, ასევე ანეგდოტებს გიყვებათ.

ცუდი ამინდის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჯავშანი ბოლო მომენტში გააუქმოთ.

 

ავტორი: მარიამ გაბისონია

 

კომენტარები