Background Image

Fish Market-ი შემოდგომაზე სარესტორნო ბიზნესში შევა – „თევზის ბიზნესში საკმაოდ ბევრი სირთულეა“

17:09 7 მაისი, 2018

ქართულ ბაზარზე თევზის მაღაზია Fish Market-ის გახსნიდან ხუთი თვე გავიდა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით ლომჯარია აცხადებს, ამჟამად უკვე Fish Market-ი მეორე ფილიალს ითვლის, რომელიც საბურთალოს „გუდვილში“ დაახლოებით 50 კვ.მ-ზე გაიხსნა. ხოლო მესამე ფილიალს ვაკის „გუდვილში“ 40/50 კვ.მ-ზე 10 მაისს გახსნის.

დავით ლომჯარიას განცხადებით, ივნისში „გალერია თბილისში“ კომპანია კიდევ ერთ ფილიალს გახსნის. დამფუძნებლის თქმითვე, ქვეყანაში თევზზე მოთხოვნა იზრდება და სწორედ ამის ხარჯზე კომპანია განვითარებას სწრაფი ტემპებით აგრძელებს, ხუთი თვის განმავლობაში Fish Market-ს გაყიდვები 30%-ით გაეზარდა. კომპანია ასევე, ივნისიდან გაყინული თევზის ფართო ასორტმენტს ამატებს, რომელიც ალიასკიდან და კანადიდან შემოვა.

ბიზნესმენი „კომერსანტთან“  ქვეყანაში თევზის ბიზნესის განვითარებაზე და ჯერ კიდევ არსებულ სირთულეებზე საუბრობს. ლომჯარიას თქმით, სირთულეა ის, რომ თევზი სეზონის მიხედვით მოდის და ეს ბაზარზე დეფიციტს ქმნის.  

„ბაზარზე თევზის ბიზნესში საკმაოდ ბევრი სირთულეა, მათ შორის, ქართველი მომხმარებლების ჩვევა. ისინი ტრადიციული თევზის ყიდვას არიან მიჩვეულები. მაგალითად, კალმახისა და ორაგულის ყიდვას. ქართველი მომხმარებელი ხმელთაშუა ზღის თევზს ბოლო პერიოდში გაეცნო.

პრობლემას იმ მიმართულებით ვაწყდებით, რომ ქართველმა მომხმარებელმა თევზის დამზადება არ იცის. ჩვენ ვცდილობთ, თევზის მოხმარების კულტურა დავნერგოთ, რადგან მისი დამზადების მრავალი მეთოდი არსებობს“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

რაც შეეხება კონკურენციას, როგორც Fish Market-ის დამფუძნებელი ამბობს: „გაუყინავი თევზის სეგმენტს თუ ავიღებთ რა თქმა უნდა, კონკურენცია არსებობს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ხარისხის შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ, სხვა შემთხვევაში ბაზარზე ყოფნა გართულდება.“

კომერსანტი დავით ლომჯარიას სამომავლო გეგმებზც ესაუბრა.

ცოტა ხნის წინ  „კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ  2017 წელს კომპანია სარესტორნო მიმართულებით განვითარებას გეგმავდა. თუმცა უკვე არსებულ ბაზაზე (ბელიაშვილის ქ.#27) მერიამ განვითარების უფლება არ მისცა, რადგან ტერიტორია რეკრეაციულ ზონად გამოცხადდა. ამიტომ ლომჯარიას განცხადებით, რესტორნის გახსნა სექტემბერისთვის გადაიდო.

„პროექტს ამჟამად  იტალიელ დიზაინერებთან ერთად ვაგრეძლებთ და სავარაუდოდ რესტორნის დიზაინის და ტექნიკური აღჭურვილობის გეგმა მზად ივნისის ბოლოს იქნება. ხოლო სექტემბერში რესტორანს გავხსნით“, – განმარტა ბიზნესმენმა.

თბილისში, პირველი სპეციალიზირებული Fish Market-ი კომპანია Four Seas Trading–ის მიერ 2017 წლის ოქტომბერში ტექნიკურად გაიხსნა, ხოლო ამავე წლის ნოემბერში მისი ოფიციალურად გახსნა მოხდა.  Fish Market-ი ბელიაშვილის.ქ #27-ში მდებარეობს და ის 350 კვ.მ-ზეა მოწყობილი.

პროდუქციის მთელი ასორტიმენტის შეძენა და მომსახურების ადგილზე უფასოდ მიღება ონლაინ მაღაზია www.fishmarket.ge-ზეა შესაძლებელი.

Fish Market -ის ზღვის პროდუქტები იმპორტირებულია: ჩრდილოეთის და ხმელთაშუა ზღვებიდან, ასევე სპარსეთის ყურედან. ჩრდილოეთის ზღვიდან – სკანდინავიის ქვეყნები და ისლანდია. ხმელთაშუა ზღვიდან – თურქეთი, საბერძნეთი, ტუნისი, პორტუგალია და ესპანეთი. შავი ზღვიდან – საქართველო, ხოლო სპარსეთი ყურის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები და ომანი.

Fish Market- ის შექმნის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა და მისი მიზანი ქვეყანაში თევზის მოხმარების კულტურის პოპულარიზაციაა. Fish Market-ში თევზის გარდა სხვადასხვა მაღალი ხარისხის გასტრონომიული პროდუქციაც იყიდება.

კომპანია პროდუქციას ყიდის როგორც საცალოდ, ასევე კორპორატიულ მომხმარებლებსამარაგებს. ამჟამად Fish Market – ში წარმოდგენილია 100-ზე მეტი დასახელების გარეული ზღვის პროდუქტი.

  

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 

კომენტარები