Background Image

ქართული მხარე ირანს მინერალური წყლების ექსპორტს სთავაზობს

11:45 8 მაისი, 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტი ირანში დასრულდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაიმართა შეხვედრები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოჰამად ჯავად ზარიფთან, ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა მინისტრთან მასუდ კარბასიანთან, გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრთან აბას ახუდისთან და ირანის ნავთობის მინისტრთან ბიჟან ნამდარ ზანგესთან.

შეხვედრებზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხები, ენერგეტიკის მიმართულება, ასევე რეგიონულ პროექტებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები. ამდენად, მრავალმხრივი ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და ირანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.

საქართველოს შეუძლია ირანის ბაზარზე განათავსოს ისეთ პროდუქცია, რომლის დიდი რაოდენობით იმპორტს ახორციელებს ირანი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებიდან. როგორიცაა მინერალური წყლები, ხილ-ბოსტნეულის წვენები და კონსერვები, ჩაი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, ტექსტილის ნაწარმი.

ირანის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა მინისტრ მასუდ კარბასიანთან შეხვედრისას, დადებითად შეფასდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების საკითხი. სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ირანს შორის შეადგინა 181 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 38%-იანი ზრდაა, ხოლო ექსპორტმა შეადგინა 76 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 64 პროცენტით მეტია. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოსა და ირანის საბაჟო სამსახურებს შორის, რომელიც ორმხრივ სავაჭრო ბრუნვის ზრდას ხელს შეუწყობს.

 

 

კომენტარები