Background Image

ჰეშკილის ქოხები – სვანეთი რომელიც ჯერ არ გინახავთ

14:22 9 მაისი, 2018

ხშირად გვიჩნდება სურვილი მოვწყდეთ ყოველდღიურობას, სამსახურს, სოციალურ ქსელებს და ბუნებაში, ნამდვილი განტვირთვა მოვაწყოთ. სწორედ ამისთვის, ზემო სვანეთში, სოფელ ჰეშკილში 2 წელია შეიქმნა იდეალური ადგილი . „ჰეშკილის ქოხები“ ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, კურორტ „ჰაწვალიდან“ 2 კილომეტრში მდებარეობს და ბუნებასთან სიახლოვის გარდა, საოცარ სიმყუდროვეა.

როგორც ჩვენთან საუბრისას „ჰეშკილის ქოხების“ მეპატრონემ, დავით ფილფანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე 27 ადამიანის მიღებას ახერხებენ, თუმცა სამომავლოდ უამრავი გეგმები აქვთ.

„ჰეშკილი არის ულამაზესი სოფელი, სადაც ყოველთვის მინდოდა მსგავსი ტიპის დასასვენებელი ადგილი მოეწყო, 2 წლის წინ მომეცა ამის საშუალება და რა თქმა უნდა მაქიმალურად შევეცადე ეს ადგილი ნამდვილ სამოთხედ მექცია. რამდენიმე ხისა და ქვის ქოხი სრულად უზრუნველყოფილია წყლითა და ელექტროენერგიით.

არ გვაქვს არავითარი საკომუნიკაციო ტექნიკა, რადგან აქ მყოფს, არაფერმა არ უნდა გადაგატანინოს ყურადღება ამ ბუნების გარდა რაიმე სხვაზე. ჩვენი ქოხები ტყესთან ახლოს მდებარეობს და საოცარი პანორამული ხედები იშლება. სეზონი მაისიდან ოქტომბრის ბოლომდეა, თუმცა იმედი მაქვს სამომავლოდ ზამთარშიც შევძლებთ სტუმრების მიღებას. რაც შეეხება ფასებს, 1 ღამის ფასი კაცზე, 25-30 ლარია, კვების გარეშე. ხოლო კვების დღიური ღირებულება 5-10 ლარს შეადგენს. ჩვენს სტუმრებს ვუმასპინძლდებით ნატურალური ხორცით, რძით, ბოსტნეულითა და ადგილობრივი უგემიელესი კერძებით. ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს შეუძლია მოიწყოს დაუვიწყარი განტვირთვის დღეები“.

დავით ფილფანის განმარტებით, სამომავლოდ იგეგმება ,,ჰეშკილის ქოხების” გაფართოვება და მომსახურების სფეროში, ბევრი სიახლის დამატება.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

ფოტოგალერეა

 

კომენტარები