Background Image

თბილისი ანძის ტურისტულ კონცეფციას ,,კოკო არქიტექტორები” შექმნიან

20:50 14 მაისი, 2018

თბილისის სატელევიზიო ანძის ტურისტულ კონცეფციას ესტონელი არქიტექტორები შექმნიან. კომპანია “კოკო არქიტექტორებთან” ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. “საქართველოს ტელერადიოცენტრის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში ,,კოკო არქიტექტორებს” კონკურენციას “ქობულიები და პარტნიორები” უწევდნენ, თუმცა ეს უკანასკნელი ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერს გამოეთიშა. ესტონური მხარე პროექტისა და კონცეფციის შექმნაში 100 500 ლარს მიიღებს.

კომპანიამ სამუშაოები 5 ეტაპად უნდა შეასრულოს. პირველი ეტაპი ობიექტის შესწავლა და კვლევებს მოიცავს, შემდეგ უნდა მოხდეს კოშკის კონსტრუქციის კვლევა, რასაც ფუნქციური და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება მოჰყვება, ბოლო ეტაპი კი ინტერიერის არქიტექტურული დიზაინის შემუშავება და ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშებებია. კომპანია ვალდებულია სამუშაოები 31 აგვისტომდე დაასრულოს. ტურისტული ატრაქციის მოწყობა სატელევიზიო ანძის 41 მეტრი სიმარლის ნიშნულზე მდებარე კონსტრუქციაზე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ,,კოკო არქიტექტორები” მუშაობენ ენგურჰესზე დაგეგმილი ტურისტული ატრაქციონის პროექტზეც. კომპანიამ უკვე მოამზადა გენერალური გეგმა, ადმინისტრაციული შენობის ლაზერული სკანირება და შენობის სტრუქტურული კვლევა, ლანდშაფტის 3D მოდელი, ტოპოგრაფია და არსებული გზების მდგომარეობის კვლევა.

 

წყარო: bm.ge

კომენტარები